სახელმწიფოს საგარეო ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარზეა, თუმცა გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალი წლებიდან ვალის შემცირება მოხდება, - ასეთი პროგნოზი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლების აქტით, იმ პირობებში, როდესაც გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, “შესაძლებელია გადახრა მოხდეს“.
„განხორციელდა სწორი რეფორმა. მადლობა ბატონ გახარიას, რომელმაც სწორი ფინანსური და საგადასახდო რეფორმა განახორციელა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ როდესაც პანდემიის გამო ქვეყანას გაუჭირდა, საქართველოს მიმართულებით დახმარებები მყისიერად წამოვიდა. ასეთი დახმარება ბევრი ქვეყნისთვის საოცნებო იყო. 2019 წელს ყველა კრიტიკულ ზღვარზე იყო. ჩვენ საგარეო ვალი 40%-მდე გვქონდა დაყვანილი და ამან საშუალება მოგვცა, ყველა საფინანსო ორგანიზაციას მხარი დაეჭირა. მათი დახმარებით შევძელით, რომ მომავალი წლის სახელწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონ ლარამდეა, საიდანაც დაფინანსება მიმართულია ყველა ძირითადი გამოწვევისკენ, მათ შორისა სოციალური პროგრამები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.
IPN.GE