ირაკლი როსტომაშვილი: საქართველოში არცერთი ბანკი არ არის მომართული საიმისოდ, რომ ბიზნესი განავითაროს

ირაკლი როსტომაშვილი: საქართველოში არცერთი ბანკი არ არის მომართული საიმისოდ, რომ ბიზნესი განავითაროს

access_time2016-02-22 15:00:37

დეველოპერულ სექტორსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობა დღითიდღე მწვავდება, დეველოპერები ბანკებს მტაცებლური საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ, თავის მხრივ, ბანკები ჯერ კიდევ არ ამბობენ უარს არაპროფილური აქტივებიდან, განსაკუთრებით კი სამშენებლო კომპანიებიდან გასვლაზე. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს "საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის" პრეზიდენტ ირაკლი როსტომაშვილთან.

 

- 2005–2007 წლებში სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო. ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომ ამ ბიზნესს უამრავი პრობლემა შეექმნა. რა ვითარება დღეისათვის ამ დარგში, რა ძირითადი პრობლემები დგას დეველოპერების წინაშე და რატომ ვერ დაძლიეს ის კრიზისი, რომელიც 2008 წლის ბოლოს დაიწყო?


- დეველოპერული ბიზნესი შეიძლება შევადაროთ ბომბს, რომელსაც კადრების, პროფესიონალებისა და ტრადიციის საფუძველზე, უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ დარგის განვითარებისთვის საჭიროა სწორი ხელშეწყობა და პოლიტიკური ნება. დღემდე ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეს სფერო ყოფილიყო ჩაქოლილი და დატერორებული. ამ ყველაფრის გამო საოცარია, რომ სამშენებლო ბიზნესში ვინმეს კიდევ უნდა რამის გაკეთება. სახელმწიფოს დამოკიდებულებაში ვგულისხმობ არამარტო საგადასახადო პრესს, არამედ დამოკიდებულებას სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მიმართ. არადა, რეალურად, სამშენებლო ბიზნესი იყო დარგი, რომელიც მატერიალურ დოვლათს ქმნიდა. რა თქმა უნდა, სხვა სფეროებიც საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ ვაჭრობიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი გადის მწარმოებელ ქვეყნებში, საქართველოში კი რჩება მცირე ნაწილი. ასევეა სოფლის მეურნეობის სფეროც, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების 80% იმპორტირებულია. 


იმის საილუსტრაციოდ, თუ რა პრობლემები შეუქმნა 2008 წლის მოვლენებმა სამშენებლო ბიზნესს, მოგიყვებით ერთ მაგალითს. 7 აგვისტოს ერთ-ერთი ობიექტისთვის ჩამოვიდა კორეული ლიფტები. დეველოპერმა მათ ჩამოსატანად თავისი მენეჯერი ფოთში გაგზავნა, მაგრამ გორთან ჩაკეტილი გზის გამო მან ვერ მოახერხა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა. ეს მდგომარეობა სამ თვეს გაგრძელდა. როდესაც გზა გაიხსნა და კომპანიის წარმომადგენელი ფოთში ჩავიდა, პორტის საწყობში გამოუცხადეს, რომ უნდა გადაეხადათ ჯარიმა საწყობის სამი თვით მოცდენისთვის, თითქოს მათ არ ნდომებოდათ თავიანთი ტვირთის წამოღება. ჯარიმის გადახდის შემდეგ, კომპანიას მოსახლეობამ უჩივლა მშენებლობის დამთავრების დაგვიანების გამო. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ბანკმა გაზრდილი პროცენტი გადაახდევინა. აი, ასეთმა მიდგომამ გამოიწვია ეს მდგომარეობა.


- დღეს ბაზარზე თითქმის აღარ ჩანან ისეთი ცნობილი დეველოპერები, როგორიც იყვნენ `არსი~, `აქსისი~, `ცენტრ-პოინტი~, "ოლიმპიური ვარსკვლავი",.. სად გაქრნენ ეს კომპანიები და რა ბედი ეწევა მათ მიერ დაწყებულ და ჯერ არ დამთავრებულ მშენებლობებს, რომლებშიც ხალხს ფული უკვე გადახდილი აქვს?


- ამ კომპანიებს ახლა არ აქვთ კარგი მდგომარეობა. ამის მიზეზი კვლავ 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებთან დაკავშირებულ მოვლენებში უნდა ვეძებოთ. მე საუბარი მაქვს `არსსა~ და `აქსისზე~, `ცენტრ-პოინტი~ კიდევ სხვა შემთხვევაა. ყველაზე ცუდი ბიზნესისთვის არის გარემოს, თამაშის წესების, შეცვლა. ეს იგივეა ფეხბურთის მატჩის დროს მსაჯმა რაგბის წესები რომ შემოიღოს. 


ომის დაწყების მეორე დღესვე, 9 აგვისტოს დეველოპერებს ბანკებისგან მოუვიდათ წერილები, რომ კრედიტის პროცენტი, რომელიც 12 ან 14%-ს შეადგენდა, 22%-მდე გაიზარდა. თანაც, მშენებლობის დაფინანსება კი არ გააგრძელეს, თანხა უკან გამოითხოვეს. 


ამ დეველოპერების შემოსავლის ძირითადი წყარო პრისეილები იყო, იმიტომ რომ მათი სახელი უკვე იძლეოდა მშენებლობის დასრულების გარანტიას. მოხდა ისე, რომ წინასწარი გადახდები შეწყდა. გამოვიდა, რომ დაწყებული მშენებლობა დარჩა დაფინანსების გარეშე, ამან გამოიწვია ის, რომ მშენებლობის გრაფიკი დაირღვა და შემდეგ ძველმა მყიდველებმაც უარი თქვეს გადახდაზე და დაარღვიეს ხელშეკრულებები. ე.ი. ყველაფერი გადატყდა სამშენებლო კომპანიებზე. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეს კომპანიები მრავალწლიან პრობლემებს თავს აღწევენ და ნელ-ნელა ბაზარს უბრუნდებიან. 



- როგორი ურთიერთობაა ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის, რამდენად ადვილია დღეისთვის სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსების მოძიება?


- ბანკების დამოკიდებულება ბიზნესისადმი კატასტროფულია. საქართველოში არის 19 ბანკი და გვეუბნებიან, თუ ერთის პირობები არ მოგწონთ სხვაგან გადადითო. დეველოპერულ ბიზნესში ტრადიციული ჩართული იყო რამდენიმე ბანკი, `საქართველოს ბანკი~, `თი-ბი-სი~ და `რესპუბლიკა~. სხვა ბანკებს ამ ბიზნესში პრაქტიკულად არ ჰქონიათ პორტფელები. კომპანიებმა თავიდან ურთიერთობა დაიწყეს სწორედ ამ სამ ბანკთან და, შესაბამისად, მათ დარჩენილი აქვთ გარკვეული დავალიანებები, კუდები, რომლების დაფარვაც საჭიროა, თუ სხვა ბანკში გადასვლა სურთ. პირობითად 100 არაპროფილური ბიზნესიდან 85-ს ურთიერთობა ჰქონდა `საქართველოს ბანკთან~, 8-10-ს `თი-ბი-სისთან~, დანარჩენ ხუთს სხვა რომელიმე ბანკთან. ლოგიკური და გამართლებულია, რომ კრედიტის ვერდაფარვის შემთხვევაში ბანკის ხელში აღმოჩნდეს გარკვეული ბიზნესი, რომლის მოცილებასა და გაყიდვასაც ის მალევე ეცდება. თუმცა 


"საქართველოს ბანკი" აკეთებს ყველაფერს, რომ თავისი საცეცები მტკიცედ ჰქონდეს მოჭიდებული ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე.


არცერთი საბანკო ორგანიზაცია სესხს ჰაერზე არ იძლევა, ისინი ითხოვენ კონკრეტულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც აპირებთ, შეისწავლიან ამ პროექტს და როდესაც დარწმუნდებიან, რომ მასში ხარვეზი არაა და მისი განხორციელება შეიძლება, გასცემენ სესხს. ამასთანავე, `საქართველოს ბანკს~ აქვს წესი, რომლის თანახმადაც მომხმარებელი დამატებით იხდის თანხას იმაში, რომ ბანკმა აკონტროლოს მისი სესხის ხარჯვა. ახლა მითხარით, რომელ მიწებზე დაიწყო `საქართველოს ბანკის~ კუთვნილმა მ2-მა თავისი მშენებლობები? იმ მიწებზე, რომლებიც ადრე სხვა კომპანიებს ეკუთვნოდათ გარკვეული პროექტების განსახორციელებლად; მაგრამ საქართველოს ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროექტები არ შემდგარიყო, შემდეგ თავად შეიძინა ეს მიწა, იგივე პროექტი განახორციელა და დიდი მოგებაც ნახა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 


მე ამ შემთხვევაში ბრალს არ ვდებ ბანკს, როგორც საფინანსო ორგანიზაციას. დამნაშავეა ჩინოვნიკთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მხრივ გარკვეულ გადაცდომებს, რითაც დაანგრიეს ბიზნესი და ეკონომიკა საქართველოში, სამაგიეროდ თავად მიიღეს უდიდესი შემოსავალი.


ჩემი აზრით, ბანკი უნდა გამდიდრდეს იმით, რომ მისი კლიენტები იქნებიან ძლიერები. ვამტკიცებ, რომ ბანკი, რომელსაც აქვს თავისი ბიზნესი ნებისმიერ სფეროში, როგორც მინიმუმ, არ დაეხმარება თავის კონკურენტებს.


- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ბანკებს ეკრძალებათ შვილობილი კომპანიების ფლობა. პრაქტიკაში რამდენად მოხერხდა ამ ბრძანების გატარება ანუ რამდენად ერევიან მსხვილი ბანკები სამშენებლო ბიზნესში? 


- მრავალი წლის განმავლობაში ვამბობდი, რომ ამის საჭიროება არსებობდა და როგორც იქნა, შარშან ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ არაპროფილური ბიზნესი ბანკებს უნდა ჩამოსცილებოდა. თურმე ხუთი წელი მართალი ვყოფილვარ, თორემ ეროვნული ბანკი ჩემი ხათრით ხომ არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას?! რეალურად, ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია ამუშაოს ბიზნესი. ჩვენთან კი ხდება პირიქით და ბანკი თავის თავზე მუშაობს. ამის პასუხია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობენ ბანკები, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ესენი არიან საინვესტიციო ბანკები, რომლებიც რომელიმე დარგში საქმიანობენ. მაგალითად ერთი მუშაობს ენერგეტიკის სფეროში, მეორე - სოფლის მეურნეობაში, მესამე - დეველოპინგის მიმართულებით და ა.შ. თქვენ თუ `საქართველოს ბანკში~ მიიტანთ თქვენს დანაზოგს პირობითად 10 000 დოლარის ოდენობით, ბანკი ყოველწლიურად გირიცხავთ წლიურ 5%-ს. თუ დაინტერესდებით, რატომ მხოლოდ 5% გეტყვიან, რომ ბანკი სესხს გასცემს 12%-ად, აქვე გასათვალისწინებელია რისკის პროცენტი, მომსახურების საფასური, სხვა ხარჯები და რჩება 5%. რეალურად, `საქართველოს ბანკი~ თქვენს ფულს დებს მშენებლობაში, საიდანაც შესაძლოა მიიღოს 50%-იანი მოგება. როდესაც ადამიანი საინვესტიციო ბანკში მიდის, მას ეკითხებიან თანახმაა თუ არა, რომ მისი ფული ჩადონ გარკვეული ობიექტის მშენებლობაში. ამით პირი გარკვეული პერიოდით ხდება კონკრეტული ბიზნესის თანამონაწილე. გამოდის, რომ `საქართველოს ბანკში~ თქვენ გატყუებენ იმიტომ, რომ ბანკი თქვენს ფულს მ2-ში დებს. ნუთუ მხოლოდ 5 ან 12%-ს იგებს ეს კომპანია? გამოდის, რომ მშენებლობა თქვენი ფულით მიმდინარეობს, თქვენ მხოლოდ 5%-ს გაძლევენ და დანარჩენი თავად მიაქვთ. მე მზად ვარ, ვესაუბრო ნებისმიერ ოპონენტს, მხოლოდ, ვინმემ დამისაბუთოს რომ ეს ასე არ არის. საქართველოში არცერთი ბანკი არ არის მომართული საიმისოდ, რომ ბიზნესი განავითაროს.


- ბოლო პერიოდში ბინების ფასის შემცირების მიუხედავად, გაყიდვები მცირდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, ბინებზე მოთხოვნის შემცირება თუ მიწოდებაა ძალიან მაღალი?

 

- გაყიდვები არ მცირდება. დღეს თბილისის მაცხოვრებელთა დაახლოებით 90%-ს უნდა, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი, როგორც კი მატერიალური შესაძლებლობა მიეცემა, ფულს დააბანდებს უძრავ ქონებაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად ძველი ბინის ფართი არაა საკმარისი, ან კორპუსია ძველი, ანდაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად. მაშასადამე, პრობლემაა ფინანსები და არა მიწოდების ნაკლებობა ან მოთხოვნის არარსებობა.


- ბოლო წლებში აქტიურად მიდიოდა საუბარი სამშენებლო კოდექსის მიღების შესახებ. თუ შეიძლება რომ გაგვარკვიოთ ამ საკითხში. თუ მიიღეს, რა შეცვალა ამან ბაზარზე? 


- სამშენებლო კოდექსი ჯერ არ დამტკიცებულა. ამაზე მუშაობა დაახლოებით წელიწადნახევარია მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო პროცესი  კოლეგიალურად მიმდინარეობს. ჩვენ, მენაშენეთა ასოციაცია, მიწვეული ვიყავით მუშაობის პროცესში. მეტიც, კოდექსის პირველი ვერსია ჩვენთვის მიუღებელი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ყველა შენიშვნა ამ კოდექსში გათვალისწინებულია.  ეს კოდექსი ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, თუკი ჩვენ ვაპირებთ ევროპული მიმართულებით განვითარებას. დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება, მასალების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა და ა.შ. ეს კოდექსი შეიცავს იმ სტანდარტებსა და ნორმებს, რომლებსაც ცივილიზებული და მაღალგანვითარებული სამყარო აღიარებს. თუმცა, აქ არის პრობლემაც, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება სპეციალისტები, ანუ ერთია კარგი კანონი და მეორე შესაბამისი კვალიფიკაციის შემსრულებლები.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up