საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას ეთანხმება. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ფინანსური დახმარება, მხოლოდ დეველოპერებისთვის არაა. პირველ რიგში არის ეკონომიკის სტიმულირება. მე არ აღვიქვამ ამას, როგორც მხოლოდ ამ სექტორის სტიმულირებას. ეს დარგი არის გენერატორი და ამის ერთი ამოქოქვა ამუშავებს სხვა ბიზნესებსაც“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
მისი თქმით, აქ ლაპარაკია მოკლე დროში, მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალური ეფექტის მიღებაზე. „კიდევ მაქსიმალურად მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეების დაცვა, რომელიც კეთილსინდისიერი მყიდველია და უკვე შეიძინა ბინა. ჩვენ ამ დრომდე გვყავს 7 ათასამდე დაზარალებული, რომლების უბინაოდ არიან 2008 წელს მომხდარი კრიზისის შემდეგ. თბილისში დაუმთავრებელია შენობები, შეუღებავია ფასადები და მოუწესრიგებელია დაუსრულებელ შენობებთან ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
წყარო: Imedinews