დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ეს მოხსენება 9 აპრილს შედგება.
"ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს ხალხს. ის ამ უფლებას იყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში იქნება ასახული ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დღის წესრიგში დგას. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, კოვიდდთან დაკავშირებულ საკითხებს, იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი. შეეხება ასევე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომელიც კოვიდპანდემიითაა გამოწვეული და ამავდროულად, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი იმ ეროვნულ თანხმობაზე, რა ეროვნული თანხმობაც აუცილებელია ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც საქართველოს წინაშეა. სიმბოლურია ისიც, რომ ეს გამოსვლა 9 აპრილს ხდება, რომელიც გახლავთ და იყო 32 წლის ეროვნული ერთიანობის, თანხმობისა და საქართველოს თავისუფლებისადმი ბრძოლის დღე. აქედან გამომდინარე, ეს სულისკვეთება იქნება ასახული პრეზიდენტის მოხსენებაში", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
IPN.GE