პანდემიისა და კარანტინის პირობებში, იმ დროს, როდესაც საზოგადოება ერთმანეთის მიმართ მაქსიმალურად სოლიდურია და ცხოველური ინსტინქტების განგდებითა და ადამიანური სახის დაბრუნებითაა დაკავებული, არიან რიგი კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც დაკავებული არიან იმით, დასაქმებულთა უფლებების იგნორირებით, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილი აქვს ხელფასების დაკლებას და უხელფასო შვებულებაში ძალდატანებით ადამიანების გაშვებას.
„ტრანსპორტის თანხების დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი მიწოდების ქსელი თანამშრომლებს აიძულებს, რომ შეუსაბამო გარემოში იყვნენ და ამით უზღუდავს მათ უფლებას. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, რომელიც მრავალფეროვანია და დაახლოებით 20-25 ლოკაციაზე ჩვენი წარმომადგენლები ამ ტიპის პრობლემებს წარმოაჩენენ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მან გასული წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ არსებული გამოწვევები შესაძლოა ორად გაიყოს: პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ.
მისივე თქმით, რომ ყოფილიყო ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობა და შრომის წიგნაკი, დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები მოწყვლად ჯგუფად არ დარჩებოდნენ და მცირე დახმარებას მაინც მიიღბდნენ.
imedinews.ge