ვლადიმერ პუტინის განცხადების გულწრფელობის, სანდოობის შეფასება მას შემდეგ დავიწყოთ, რაც დამდგარი ფაქტი გვექნება - შედგება ეს სადამსჯელო სანქცია, თუ არა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს.
„ჩემს აზრს მხოლოდ მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც რეალობა გამოჩნდება. გვქონდა შემთხვევები, როცა პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მოქალეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა, 24 საათი არ იყო გასული, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ რეჟიმი არ შეიცვლებოდა. ამიტომ, მოდი დავიცადოთ და დავინახოთ შედეგი და არა მხოლოდ განცხადება, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ რამდენად გულწრფელია და შევეცადოთ ამოვხსნათ მიზეზი, თუკი, ასეთი რამ მოხდება.
მისი განცხადების გულწრფელობის, სანდოობის შეფასება, მას შემდეგ დავიწყოთ, რაც დამდგარი ფაქტი გვექნება. შედგება ეს სადამსჯელო სანქცია, თუ არა. ჩვენ გვინახავს ერთიც, მეორეც და ათასი სხვადასხვა ვარიანტიც. ამიტომ მოდი, რეალურ მოვლენებზე ვისაუბროთ და არა ვარაუდებზე“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
IPN