„ქართული ოცნების“ ახლადარჩეული თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, ისინი ყველა გამოწვევას გუნდის ერთიანობით უპასუხებენ.
კობახიძის თქმითვე, ის დამოკიდებული იქნება გუნდისა და „ქართული ოცნების“ 44 000 წევრზე.
„მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოწვევა არის სერიოზული, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მე ვიქნები დამოკიდებული ჩემი გუნდის წევრებზე, დამოკიდებული ვიქნები პოლიტსაბჭოზე, 44 000 წევრზე, რომელსაც აერთიანებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებთ აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები, კობახიძე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსი დაცული ყოფილიყო.
„სხვადასხვა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, წარმოდგენილი არიან პარტიის პოლიტსაბჭოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ხედავთ, რომ დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობის წევრები, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წვერები პოლიტსაბჭოში. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ახალი სახეები, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, ასევე წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პოლიტიკურ საბჭოში. სწორედ, ამ კრიტერიუმებით მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.
Ipn.ge