„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა მესტიაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო გახსნა. „გისტოლა“ დაბაში პირველი პრემიუმ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. სტუმრებს კომპლექსი უახლოეს დღეებში მიიღებს, ახლა სასტუმროში შრომის ინსპექციის თანამშრომლებს ელოდებიან, რათა რეგულაციების დაცვით მუშაობის დაწყების უფლება მიიღონ. ბიზნესმენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო რამდენიმე დღეში გაიხსნება სვანეთში ტურისტები არ არიან. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ირაკლი გურჩიანს სრული დატვირთვით მუშაობის იმედი არ აქვს. ამბობს, რომ წელს მხოლოდ შიდა ტურიზმი იმუშავებს.
სასტუმრო „გისტოლას“ გენერალური მენეჯერის, მაია მურაჩაშვილის თქმით, სასტუმრო კომპლექსში სტუმრებს ბავშვთა გასართობი ცენტრი, ლაუნჯი და ღამის კლუბი დახვდებათ. ჰოტელიერი გვიყვება, რომ „გისტოლა“ პირველი იქნება ვინც ტურისტებს მესტიაში ღამის გართობას შესთავაზებს. მაია მურაჩაშვილი გვიყვება, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე სასტუმრო კომპლექსში წელს ფასები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ კლასის სტუმრებისთვის.
„გისტოლა მესტიაში არის მასშტაბური სასტუმრო 56 ნომრით, ბავშვთა გასართობი ცენტრით, რესტორნით 300 ადამიანზე, ლაუნჯით 200 ადამიანზე, ღამის კლუბით და საკონფერენციო სივრცით. დაბაში ასეთი კოპლექსი პირველია, რომელიც მაღალმხარჯველობით ტურისტებს მოიზიდავს. ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში შეგვამოწმებენ და მუშაობის უფლებას მოგვცემენ. რომ გითხრათ ივნისში რაიმე ჯავშნები გვაქვს თქო, მოგატყუებთ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ booking.com- ზე და ონლაინ გაყიდვების სისტემებში უკვე ვართ დაფიქსირებულები, ინტერესი მაღალია, ტურისტული კომპანიები გვეკონტაქტებიან. მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისი, აგვისტო და სექტემბერი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან რეგულაციები ევროპაშიც მოიხსნა და სახმელეთო საზღვარიც გაიხსნა. მოლოდინები დადებითი გვაქვს იმიტომ, რომ კომპლექსი სტუმრობს არა მხოლოდ ღამის გათევას და კვებას სთავაზობს, არამედ უფრო ხანგლძივ დასვენებას, სადაც მათ ბავშვებს ანიმატორი დახვდებათ, რომელიც გაართობს, ძიძა დახვდება რომელიც მათ ბავშვს დაიტოვებს, საღამოს ფილმების ჩვენებაა დაგეგმილი, იმუშავებს ლაუნჯი და ა.შ. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს“, - განუცხადა კომერსანტს მაია მურაჩაშვილმა.
ბაჩო ადამია