„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინებული საქართველოს მთავრობასთან,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში, გაივლის კარანტინს.
„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, იცით, რომ რამდენიმე დღეა უკვე, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი ვინც შემოვა საქართველოში მიუხედავად იმისა, თუ საიდან შემოვა, გადაინაცვლებს საკარანტინო სივრცეში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, მათ მიმართ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.