ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „გვქონდეს ისეთი საპროცენტო განაკვეთები, როგორიც ევროპაშია, შეუძლებელია“

ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „გვქონდეს ისეთი საპროცენტო განაკვეთები, როგორიც ევროპაშია, შეუძლებელია“

access_time2020-12-09 11:00:38

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევების, პანდემიის გავლენის, ლარის კურსის, საბანკო სექტორის მდგრადობის ანალიზის, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივის, მაღალი დედოლარიზაციის პრობლემის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემების შესახებ „კომერსანტთან“ ვრცელი ინტერვიუს დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა.


-რა შედეგებით და გამოწვევებით შეხვდა საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს?

 

-რა თქმა უნდა სირთულეები და გამოწვევები წინა წლებშიც იყო, თუმცა გასულ წელს თუ შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკისთვის ცუდი წელი არ ყოფილა, ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5,4% იყო მშპ-სთან მიმართებით და ეს არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მიმდინარე ანგარიშისთვის.

 

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ქართული ეკონომიკის აქილევსის ქუსლია. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ისტორიულად გვდევს და საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. თუ შევხედავთ ინფლაციას, გვქონდა გამოწვევები, რომელიც დაკავშირებული იყო ეროვნული ვალუტის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებასთან. ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, მოგეხსენებათ რომ გამოცხადდა საჰაერო ემბარგო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რამაც გამოიწვია ტურისტული ნაკადების შემცირება. სანამ უშუალოდ შემცირება მოხდებოდა,  მოლოდინების არხით, კიდევ უფრო გაიზარდა იმის შიში, რომ დანაკლისი იქნებოდა უცხოური ვალუტის შემოსვლისგან და ეს საქართველოსთვის საგარეო შოკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დარეგულირდა ეს სიტუაცია, აგრეთვე არსებობდა იმის შიში, რომ სხვა სახის ემბარგო დაწესებულიყო, რაც კიდევ უფრო ზრდიდა უარყოფით მოლოდინებს.

 

ეროვნულმა ბანკმა მიიღო ზომები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით და უნდა ითქვას, რომ შედეგებიც საკმაოდ მივიღეთ, გაცვლითმა კურსმა დაიწყო ძველი ნიშნულისკენ სვლა, ინფლაციამაც დაიწყო შემცირება და მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე წლის მარტი-აპრილში დავუბრუნდებოდით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მაგრამ აქ უკვე მოხდა მეორე შოკი, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან არის დაკავშირებული.

 

ტურისტული შემოდინები  2019 წელს ძალიან მაღალი იყო და რეკორდული შემოსავლები გვქონდა. თუ შევხედავთ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს, ის უმჯობესდებოდა და მაქსიმალურ დონეზეა, რაც კი როდესმე გვქონია. რეიტინგი უმჯობესდებოდა, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც კურსი გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ეს გამოწვევები, ეკონომიკას აქვს საშუალება, რომ გაუმკლავდეს მათ.  სწორედ ეს არის ობიექტური შეფასების კრიტერიუმი ვინაიდან, როდესაც ეკონომიკას შეუძლია ასეთ გამოწვევებთან გამკლავება, მხოლოდ მაშინ არის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მოკლედვადიან პერიოდში ეს რთულია, საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა რაც ტარდება, არის  გარანტი, რომ შოკების გამკლავების საშუალება ქვეყანას აქვს.

 

-ის შედეგებირაც გვქონდა ქმნის ჯანსაღ საფუძველსრომ ეკონომიკა უფრო სწრაფად და მაღალი ტემპით განვითარდეს და იყოს უფრო ინკლუზიური?

 

-რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს რომ განვითარება იქნება უფრო მდგრადი. დროთა განმავლობაში შესაძლებელია ინკლუზიურობის მიღწევაც. რაც ნიშნავს იმას, რომ ზრდის შედეგები საზოგადოების ფართო ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სასარგებლო.

 

-იმ პოზიტიური მოლოდინების შემდეგმოულოდნელი შოკი რაც გამოიხატა კოვიდ ინფექციასა და მსოფლიო პანდემიაშიროგორ შეაფასებდით მის გავლენასჩვენი ქვეყნის და ზოგადადგლობალური ეკონომიკისთვის?

 

-გავლენა ძალიან დიდია, შეიძლება ითქვას უპრეცედენტოც. ეს არის შოკი, რომელიც ეკონომიკას მყისიერად გადაეცემა. ის შოკი, რაც მიიღო მთლიანად მსოფლიომ ჯანდაცვის გამოწვევის თვალსაზრისით, უკვე გადაითარგმნა ეკონომიკაში ცუდი მოლოდინების სახით. შოკი და პანდემია უპრეცედენტოა, თუ შევხედავთ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ვნახავთ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კიდევ უფრო გაუარესდა ეს მაჩვენებლები. გაურკვევლობა ახლავს თან პანდემიას, ეს არის მისი დამახასიათებელი თვისება, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჩანს ზუსტად როდის იქნება გადალახული, დასკვნების და პროგნოზების გაკეთება, რთულია. თუმცა, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია რამდენიმე ვაქცინის შესახებ, მაშინვე გაუმჯობესდა საერთაშორისო ბირჟებზე მაჩვენებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოლოდინები აისახა და რაც დრო გავა უფრო და უფრო აისახება.

 

აშშ-ში პროგნოზირებული იყო ეკონომიკის დაახლოებით 8%-მდე შემცირება. ანალოგიურად, ევროზონის ქვეყნებშიც, სადაც 7-9%-მდე ვარდნას პროგნოზირებენ, ასევეა რუსეთში და თურქეთში. პროგნოზის გაკეთება ჩემი აზრით ძალიან ძნელია. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის ინფორმაცია, რაც ხელმისაწვდომია და პროგნოზები ავაგოთ სხვადასხვა დაშვებებით და ამ დაშვებებშიც სხვადასხვა სცენარები გვქონდეს. თუ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიშს გავიხსენებთ, იქ ორი სცენარი გვაქვს წარმოდგენილი. ერთი - საბაზისო სცენარი, რომლის მიხედვითაც ტურიზმის აღდგენა შემდეგი წლის მეორე ნახევარში ხდება, სადაც ზრდა 5% გვაქვს; მეორე - პესიმისტური სცენარი, რომლის მიხედვითაც შემდეგ წელს არ ხდება ტურიზმის აღდგენა.

 

-რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკაზე და რა სცენარები აქვს ეროვნულ ბანკს?

 

-პანდემიამ, როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა, ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკაზე უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობდა. დღევანდელი პანდემია ითხოვს მობილობის შეზრუდვას. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ტურიზმს, რომლის შემოსავლებიც საქართველოში 3,3 მილიარდი იყო და დღეის მონაცემებით მინიმუმამდე დავიდა. ეს დიდი თანხაა საქართველოსთვის და სავალუტო შემოდინებებისთვის. აქედან გამომდინარე, გავლენა დიდი იყო. ჩვენ თუ შევხედავთ მაჩვენებლებს, ექსპორტი ყველაზე მეტად არის შემცირებული, ასევე შემცირდა მოხმარება და კაპიტალის აკუმულაციაც, თუმცა ნელი ტემპით. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა მაინც ტურიზმიდან მიიღო. ის, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკაში ხდება პანდემიის გავლენითაა. სხვა შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უკეთეს წელს ველოდით, ვიდრე გასული წელი იყო. ეს არის სამედიცინო პრობლემა და არ ვიცით, როდის გადაილახება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ იმ ინფორმაციის ანალიზი რაც გვაქვს და პროგნოზების გაკეთებისას, გვქონდეს დაშვებები.

 

დღევანდელი გადმოსახედიდან წელს ეკონომიკის 5%-იანი ვარდნა გვექნება, შემდეგ წელს დაახლოებით 4-5%-მდე ზრდა; გაუარესებულმა ეპიდსიტუაციამ, რომელმაც შეზღუდვების დაწესება გამოიწვია, შეცვალა პროგნოზებიც. 9 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ვფიქრობთ, რომ ბოლო მოვლენები სწორედ 9 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში აისახება.

 

-სხვადასხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები კონცენტრირებულები არიან  სამი მიმართულებითმათ შორისფისკალურიმონეტარულ ღონისძიებების და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის კუთხითამ კუთხით ეროვნული ბანკიდანრომ დავიწყოთ და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც რომ გვესაუბროთ?

 

-ეკონომიკურ ლიტერატურაში არის ასეთი მიმართულება, თუ რა დონეზე უნდა ხდებოდეს თანამშრომლობა ეროვნულ ბანკსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ყველა ამბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა საწყისი სიტუაციით შეხვდა პანდემიას. საქართველოს შემთხვევაში იყო გარკვეული გარემოება, რომელიც არ იყო კარგი. საუბარია მიზნობრივზე მაღალ ინფლაციაზე, რომელიც ძირითადად საჰაერო ფრენების ემბარგოს შემდეგ კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული. ცენტრალურ ბანკებს უმეტეს ქვეყნებში შეეძლოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილება, საქართველო სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, თავიდან მონეტარული პოლიტიკა ნაწილობრივ ჩვენც შევარბილეთ. შარშანდელი საგარეო შოკის გამო უფრო მაღალი ინფლაცია გვქონდა და დოლარიზაცია მაღალია ქვეყანაში. ამ სიტუაციაში ორი მიმართულებით შეიძლებოდა განვითარება. პირველი, ეს არის ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, როცა ამხელა შოკი აქვს ეკონომიკას, ერთობლივი მოთხოვნა იკლებს, ეს კი ინფლაციას ქვემოთ წევს. არსებობს მეორე მიმართულება, ეს არის მიწოდების მხრიდან არსებული, რომელიც ინფლაციას ზემოთ წევს. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც  პანდემია დაიწყო და ვიდრე ინფლაციაზე კურსიდან დაწოლის წნეხი შეიქმნებოდა, გაჩნდა მიწოდების ჯაჭვებიდან დაწყებული საკითხები. კომპანიებს შეზღუდვების გამო გაუძვირდათ ხარჯები, რთული იყო პროდუქტების ტრანსპორტირება, აქედან დაიწყო ინფლაციაზე ზემოქმედებაც. საბოლოოდ, სად იქნებოდა ინფლაცია და რომელი უფრო გადაწონიდა, რთული განსასაზღვრი იყო.  როცა დავინახეთრომ გაცლვითი კურსიდან შემომავალი წნეხი ძლიერი იყომაშინ შევაჩერეთ მონეტარული პოლიტიკის შერბილება და ვთქვითრომ დავაკვირდებით სიტუაციას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერში თავის უარყოფით როლს მაღალი დოზით დოლარიზაცია თამაშობდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი მიმართულება გადაწონის ამ სიტუაციაში.

 

-მინდა დავაკავშირო ერთმანეთთან მაღალი დოლარიზაცია და ლარის კურსიროგორ უყურებს ეროვნული ბანკი ამ საკითხის მნიშვნელობას?

 

-საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გვაქვს, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევარბილოთ საგარეო შოკები, რომელიც სხვადასხვა დროს შეიძლება მოხდეს და ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ შოკებს გავუმკლავდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი არ აიღებს შემარბილებელი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას, მაშინ ვითარების გამოსწორების მიღწევა  ეკონომიკის შემცირების გზით უნდა მოხდეს. ამას აქვს თავისი ფასი, ჩემი აზრით, საკმაოდ ძვირი ფასი - მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვა და ეკონომიკური ზრდის შემცირება. იქიდან გამომდინარე, თუ რა გზით გამდოეცემა შოკი ეკონომიკას, შედეგად შეგვიძლია მივიღოთ გაცილებით ცუდი სიტუაცია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცურავი კურსის პირობებში, რომელსაც ჩვენ ერთი რომელიმე ვალუტის  მიმართ არ ვზომავთ, არამედ ჩვენ  შეწონილ, ნომინალურ ეფექტურ კურსს ვაკვირდებით, რომელიც აერთიანებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების კურსაც, შოკის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე უფრო ნაკლებია.

 


ის წნეხი, რომელიც ვალუტაზე მიმდინარეობს, ტურიზმის სექტორიდან მოდის. სხვა ქვეყნის ეკონომიკებშიც რთული სიტუაციაა, სხვა ქვეყნის ეკონომიკების გაუარესებაც მოხდა, რამაც მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის ექსპორტზე შეამცირა. გაცვლითი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ეს მის ტრენდს შეეფერება. გაურკვევლობა ძალიან დიდია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავენ გაცვლით კურსს, მოკლევადიან პერიოდში კი ამას მოლოდინები განსაზღვრავენ. ხშირად ამბობენ, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციისა, კურსი მაინც გაუფასურდა. შეუძლებელია ამ სიტუაციაში კურსის კორექტირება არ მოხდეს, მაგრამ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება გაცვლითი კურსის გამყარება. ეროვნული ბანკი აგროვებდა რეზერვებს, ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ერთ დღეს დაგვჭირდებოდა რეზერვების გამოყენებაც. დღეს გვაქვს ზუსტად ეს სიტუაცია. თუმცა შეუძლებელია ამ მერყეობის სრულად შემცირება, გაცვლითი კურსი წრფივად არასოდეს მიდის. არჩევნების წინ მოლოდინი იყო, რომ კურსი გაუფასურდებოდა, ასეთი მოლოდინების დროს ეროვნული ბანკის ინტერვენციით გაუფასურების შეჩერება შეუძლებელია, ეს არ გამოიწვევს შედეგს. ჩვენ ვაწვდით ბაზარს ვალუტას და ამავე დროს ვინარჩუნებთ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს.

 

-თქვენ აღნიშნეთრომ მცურავი გაცვლითი კურსი არის საუკეთესო საშუალება შოკების შთანთქმისთვისრათა დაიცვას ეკონომიკამაღალი დოლარიზაციის პირობებში ნებისმიერი კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება ხარჯების ზრდაზეგანყენებულად ხომ არ არის ეკონომიკის ინტერესები საზოგადოების ინტერესებისგან?

 

-ვფიქრობ, არა. მცურავ გაცვლით კურსს აქვს თავისი სირთულეები. ერთ-ერთი გახლავთ მაღალი დოლარიზაცია. თუმცა  მას აქვს თავისი უპირატესობები, რომლებიც ამ სირთულეს მნიშვნელოვნად გადაწონის. მცურავი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს, რომ უფრო ნაკლები დანახარჯებით გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს და შეარბილოს მისი უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით რომ შოკები პერიოდულად ხდება,  მაგალითად, 3-4 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით რომ ასეთი ტიპის შოკი ექნებოდა გლობალურ ეკონომიკას, თუმცა ეს მოხდა და ასეთ პირობებში მცურავი კურსის შენარჩუნება საუკეთესო არჩევანია..


იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი დოლარიზაცია იწვევს სირთულეებს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, უნდა მოხდეს ნაბიჯების გადადგმა დოლარიზაციის შესამცირებლად. ბოლო დროს არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ რომ დოლარიზაციის შემცირების ერთადერთი პირობა, სტაბილური გაცვლითი კურსია, რაც არ არის სწორი. ამას ეკონომიკური ლიტერატურაც ადასტურებს. სინამდვილეში, იმისთვის, რომ დედოლარიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი, საჭიროა სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაცია და ამავე დროს დაბალი და სტაბილური ინფლაცია.

 

-ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებია მთელი რიგი ნაბიჯები გადადგამათ შორის ბევრი არაპოპულარულიმაგრამ როგორც აღმოჩნდა ეფექტიანი იყო დოლარიზაციის შემცირების კუთხითთუმცა ეროვნულმა ბანკმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია უცხოურ ვალუტაში მოზიდული რეზერვების განაკვეთის შემცირების თვალსაზრისითხომ არ თვლითრომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ამ კუთხით?

 

-მე თვითონ ვუსვამ ხოლმე ამ შეკითხვას ჩემს თავს. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნული ბანკის ნაბიჯები, ეს იყო საკანონმდებლო დონეზე, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იყო მჭიდრო თანამშრომლობა ეროვნულ ბანკს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლბას შორის. ჩვენთვის დედოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება მინიმალურ რეზერვებს, გავიხსენოთ გასული წელი, რომელიც ასევე რთული იყო. მაშინაც იყო გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მიუთითებდა, რომ იმ სიტუაციაში  შერბილება დადებითის მომცემი იქნებოდა, და გარკვეულწილად ასეც იყო. დღევანდელი გადასახედიდან ვიტყოდი, რომ თუკი მინიმალური რეზერვები იმავე დონეზე შენარჩუნდებოდა, დღევანდელ გამოწვევებთან მიმართებაში ეს კიდევ უფრო დაგვეხმარებოდა.

 

-ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ცოტა ნაადრევად ხომ არ მოხდა საქართველოშიეროვნულმა ბანკმა ხომ არ დაკარგა  ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო უხეშიმაგრამ ეფექტიანი  ჩარევის ინსტრუმენტები?

 

- თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მაღალი ინფლაცია ნავთობპროდუქტებზე აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული. სტატისტიკურად რომ შევაფასოთ ეს პერიოდი, ინფლაციის თვალსაზრისით ცუდი არ არის. ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს ინფლაციის თარგეთირების სრულყოფაზე. ხშირად ისმის ხოლმე, რომ ინფლაციის თარგეთირება არ არის ადეკვატური ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც ღია ეკონომიკა აქვს და დოლარიზაცია კი მაღალი - ეს მიდგომა არ არის სწორი, არცერთი კვლევა ამას არ ადასტურებს. უფრო მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამუშავებს ერთ-ერთ საკითხს, რომელსაც ჰქვია ინტეგრირებული პოლიტიკის ჩარჩო. შეფასების მთავარი მიგნებაა, რომ ინფლაციის თარგეთირება ნამდვილად მიზანშეწონილია იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც აქვთ მაღალი დოლარიზაცია და შესაძლებელია, რომ სხვა ტიპის ჩარევაც იყოს საჭირო, როგორიცაა მაგალითად სავალუტო ინტერვენციები თუ მაკროპრუდენციული პოოლიტიკა.

 

-თქვენი კრიტიკოსები ხაზს უსვამენ ერთ გარემოებას, რომ ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციას, მეორე მხრივ, კი გასცემს რეფინანსირების სესხებს. ინტერვენციების კუთხით და რეზერვების დაგროვების კუთხით ეროვნული ბანკის საქმიანობა რომ განიხილოთ და ასევე ურთიერთკავშირი, ერთი მხრივ, ინტერვენციები-ანუ ლარის ამოღება, უცხოური ვალუტის გაყიდვის გზით, და მეორე ხელით რეფირანსირების სესხების მიწოდება ინდუსტრიისთვის. რა ლოგიკაა ამაში?


-აბსოლუტურად ცხადი ლოგიკაა. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები დიდი ხნის განმავლობაში არაადეკვატური იყო. არსებობს შეფასების კრიტერიუმები. ეს არის საერთაშოირსო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული და ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს რეზერვები 2019 წლის ჩათვლით არაადეკვატური იყო. რეზერვების ადეკვატური დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სისტემისადმი ნდობისათვის, რაც პირდაპირ აისახება ინვესტორების განწყობაზე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ბუნებრივია, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. საერთო ჯამში დაახლებით 450 მილიონი  დოლარის რეზერვები შევიძინეთ და აქედან გამომდინარე, საქართველოს რეზერვები დაუახლოვდა მის ადეკვატურ დონეს, რაც შესაბამისია ასეთი ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის. ჩვენ მივუახლოვდით მხოლოდ ქვედა ზღვარს. კრიტიკოსები იყვნენ მაშინაც და არიან დღესაც.


-ჩვენ რომ არ გვქონოდა ის შესყიდვები, დღეს არ გვექნებოდა გაყიდვის საშუალება. როცა ქვეყანას აქვს ადეკვატური რეზერვები, მაშინ ინვესტორები, უფრო მოდიან ქვეყანაში და უფრო დაბალი პროცენტის სესხს აძლევენ მას. ჩვენ რომ არ განგვეხორციელებინა ასეთი პოლიტიკა, ვერც იმ დახმარებას მივიღებდით, რაც აუცილებელია ფისკალური სტიმულისთვის, რომ გავუმკლავდეთ პანდემიას და მეორე, იმ დაფინანსებასაც რომელსაც ვიღებთ მაღალი პროცენტით მივიღებდით.

 

-რეზერვების დაგროვება აუცილებელი იყო და ახლა არის რეზერვების ხარჯვის დრო, ამ დახარჯვასაც ვერ შევძლებდით ის სწორი პოლიტიკა რომ არ გაგვეტარებინა. ძალიან ხშირად არის ხოლმე აღრევა რეფირანსირების სესხებთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ ეროვნული ბანკი  ლარს იღებს ბაზრიდან, ხოლო მეორე მხრივ, რეფირანსირების სესხების სახით აწვდის ლარს ბანკებს. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირება, არ გვაქვს მონეტარული თარგეთირება, მაშინ როდესაც ფინანსური სექტორი ვითარდება და ეკონომიკა იზრდება, ფულადი აგრეგატების კორელაცია  არ ახსნის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. შეიძლება ერთი მხრივ, სხვადასხვა ცვლადები იყვნენ კორელაციაში, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ხსნიდნენ. შეიძლება ნებისმიერ ორ ცვლადს შორის იყოს კავშირი, მაგრამ ერთი აბსოლუტურად არ ხსნიდეს მეორეს. სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს.  2008 წლის კრიზისისგან დღევანდელი სიტუაცია იმით განსხვავდება, რომ ფინანსური სექტორი იყო მიზეზი გლობალური პრობლემებისა, ახლა ფინანსურმა სექტორმა პირიქით უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.

 

რეფირანსირების სესხებს რაც შეეხება, იგი არის ლიკვიდობის  მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ მათი მოკლევადიანი ვალდებულებები გადააქციოს გრძელვადიან სესხებად. სანამ რეფირანსირების სესხები შემოვიდოდა, გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ლარში არ არსებობდა, ეს არის ის აუცილებელი, რის გარეშეც ჩვენ მუდმივად გვექნება მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები, რაც მეტ მოთხოვნას შექმნის დოლარზე და გაზრდის დოლარიზაციას. ამავე დროს, როდესაც არსებობს რეფირანსირების სესხები, იგი სტიმულს უქმნის  კომერციულ ბანკებს, რომ ლარში მოიზიდოს დეპოტიზები, როცა ლარზეა მოთხოვნა, ეს, თავის მხრივ, მოქმედებს დედოლარიზაციაზე. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება ბანკების ლიკვიდურობის მართვა.

 

-როგორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა და პერსპექტივები საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით?

 

-სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, იმაზე თუ რა რისკ ფაქტორები არსებობს ქვეყანაში, როგორია ინფლაციის პროგნოზი. 9 დეკემბერს გვაქვს კომიტეტის სხდომა და იქიდან გამომდინარე, თუ რა შედეგები გვექნება იმ პერიოდისთვის, რას გვაჩვენებს პროგნოზები, მივიღებთ გადაწყვეტილებას. საპროცენტო განაკვეთებს გრძელვადიან პერიოდში უნდა ვუყუროთ, რადგან მოკლევადიან პერიოდში მან შეიძლება ძირითად ტრენდს გადაუხვიოს. თუ საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შევხედავთ, მას შემცირების ტენდეცია აქვს, ამავე დროს შემცირების ტენდეცია აქვს დეპოზიტებსა და სესხებს შორის სპრედს და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ურიგოდ არ გამოვიყურებით. გვქონდეს ისეთი საპროცენტო განაკვეთები, როგორიც ევროპაშია, შეუძლებელია, საქართველო ზრდადი და განვითარებადი ქვეყანაა. ასე რომ ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ნეიტრალურ დონეს დავუახლოვდებით, ეს არის 5%-ს და 6%-ს შორის. უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებას რაც შეეხება, იმდენად ბევრი გაურკვევლობაა, წინასწარ რთულია საუბარი, რომელ მხარეს გადაქაჩავს. იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ, რომ გაცვლით კურსს აქვს წნეხი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით, არ არის გამორიცხული, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყოს საჭირო. თუ რაიმე ზომა არის მისაღები, ჯობია ის ზომა მიღებული იქნას ახლა, ვიდრე დაგვიანდეს და შემდეგ ამან უფრო მეტი გართულება გამოიწვიოს. სამეზობლოშიც არის ქვეყანა, სადაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაგვიანდა მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და ამან ცუდი შედეგი იქონია სხვადასხვა ინდიკატორებზე. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც პანდემია დაიწყო, ლარში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რადგან გაჩნდა ლიკვიდურობის შიში. კომერციულმა ბანკებმა სესხები სამი თვით გადაავადეს, რასაც ასევე ლიკვიდობის პრობლემის შიში მოჰყვა. უნდა გადაილახოს პანდემია და მერე უნდა შევხედოთ რა დონეზე იქნება ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. ძალიან რთულია წონასწორული კურსი ვთქვათ, სად არის, აქედან გამომდინარე შეფასება და გადმოხედვა გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ მოხდება.

 

-რამდენად მდგრადია საბანკო სისტემარამდენად მყარია და არ ემუქრება მას სისტემური პრობლემები?

 

-ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით კრიზისს შევხვდით გამართულად. გვაქვს სისტემა, რომელსაც ჰქონდა მაღალი მოგება, რომელმაც საშუალება მისცა გამკლავებოდა დღევანდელ სიძნელეებს და შეექმნა რეზერვები. სისტემაში არის კარგი ლიკვიდობის დონე, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი მხოლოდ იმის შემდეგ, რა ზომებიც გავატარეთ და რის გამოც გვაკრიტიკებდნენ. ეს იყო მაგალითად, სისტემური ბუფერების, ლიკვიდობის გადაფარვის და წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შემოღება, იყო ყველაზე დიდი საკითხი რომელიც განიხილებოდა - პასუხისმგებლიანი დაფინანსების შემოღება. მაგრამ ამ თანმიმდევრული ნაბიჯების გარეშე, ვიქნებოდით სიტუაციაში, სადაც ეკონომიკურ სირთულეებს, ფინანსური სირთულეები დაემატებოდა და კრიზისი უფრო გაღმრავდებოდა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა იყოს მუდმივი პროცესი. გვერჩივნა, რომ ამის სატესტო პერიოდი არ დამდგარიყო, მაგრამ დადგა ასეთი პერიოდი, რომელმაც მკაფიოდ გვიჩვენა, რომ ის ნაბიჯები რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა, აბსოლუტურად სწორი და უალტერნატივო იყო.  ჩვენ შემოვიღეთ საზედამხედველო გეგმა, ისიც განვაცხადეთ წინა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პრესრელიზში, რომ როცა კომერციული ბანკებისთვის გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა მოხდება, წინასწარ ვიტყვით ამის შესახებ, გვექნება მსჯელობები და დისკუსიები, რომ ოპტიმალურად დავგეგმოთ პროცესი. ეს კი შესაბამისობაში იქნება იმასთან, რომ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები ნებისმიერ დროს არსებობს და დარწმუნებული ვარ,რომ ეს დაგროვებული ბუფერები გადაგვატანინებს ამ პერიოდს და შემდგომ უნდა დავიწყოთ ამ ბუფერების აღდგენა.

 

ეროვნული ბანკის პოლიტიკაც მიკროსაფინანსო სექტორთან დაკავშირებით კრიტიკის ქვეშ მოყვა, სექტორი რომელიც 2006 წელს ჩაისახა, არასწორი მიმართულებით წავიდა, იყო მაღალი საპროცენტო განაკვეთები, არაფერი რომ არ ვთქვა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ეს სექტორიც კარგად შეხვდა კრიზისს, დაბალი დოლარიზაციით, ძალიან კარგად უძლებს პანდემიას, უკვე მცირე მოგებაზეც გავიდა და ვფიქრობთ,რომ  კრიზისის გამოვლის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად განვითარდება. ეს შესაძლებელია/შესაძლოა სწორედ იმ არაპოპულარული პოლიტიკის შედეგია, რაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა.

 

-ეროვნული ბანკი ელოდება თუ არა პრობლემური სესხების შემდგომ ზრდას საბანკო სისტემაში და რამდენად მოახდენს ის გავლენას საბანკო ფინანსურ მდგრადობაზე?

 

-პრობლემური სესხების ზრდა, დიდი ალბათობით, იქნება. პანდემიამდე საერთაშორისო საფინანსო კლასიფიკაციით უმოქმედო სესხების წილი ისტორიულად ყველაზე დაბალი გვქონდა - 2,8%, რაც დაბალია სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებითაც. იქნება ზრდა, სხვანაირად შეუძლებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ფინანსურმა სექტორმა ეფექტიანად შეძლო ახალ სიტუაციაზე მორგება, ჩვენის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა გავატარეთ საზედამხედველო ზომები, მივაწოდეთ ლიკვიდობა. შედეგად, მათ შეძლეს  თავიანთი საქმიანობის გაგრძელება, მეტიც, ისინი დაეხმარებიან ეკონომიკას და ვფიქრობთ, რომ პრობლემური სესხების ზრდა არ შეუქმნის მათ მომავალში პრობლემას. წელს ბანკების მოგება ნულთან ახლოს იქნება და შემდეგ უკვე შეძლებენ, რომ კარგად გაუმკლავდნენ პრობლემური სესხების ზრდას და ხელი შეუწყონ ეკონომიკის გაჯანსაღებას.

 

-გადაიდგა ნაბიჯები ციფრული ბანკისღია ბანკინგის მიმართულებითრომ გაგვაცნოთ ეროვნული ბანკის ინოვაციური ნაბიჯების შესახებ

 

-საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რადგანაც ერთია ფინანსური სტაბილურობა და ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც გვაქვს, არის განვითარება. თუ ჩვენ შევხედავთ ტექნოლოგიების განვითარების სიჩქარეს,რომელიც უფრო და უფრო ღრმად შედის ფინანსურ სისტემაში, შეუძლებელია რომ  არ გვეფიქრა ამაზე. გასულ წელს შევქმენით ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტი (ჯერ კიდევ პანდემიამდე), გვაქვს ინოვაციების ოფისი. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შექმნილი პროდუქტი შეიძლება გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, თუმცა შეიძლება წინასწარ ვერ ვთქვათ რა რისკებია, ამიტომ საჭიროა გამოსაცდელი პერიოდი მათთვის და ამ პერიოდს და არეალსაც თავისებული მიდგომა სჭირდება. სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად ჩვენც მივყვებით ამ მიმართულებას. 

 

ღია ბანკინგი იმასთან არის შესაბამისობაში, რომ ის ინფორმაცია რომელიც კომერციულ ბანკში ინახება, კლიენტის თანხმობის საფუძველზე, სხვა კომერციული ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან ფინტექ კომპანიების მიერ იქნას გამოყენებული, მაგალითად დეპოზიტების, სესხების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გაცვლის საბოლოო შედეგი კლიენტისთვის უფრო კარგი იქნება, მან შეიძლება უფრო კარგ პროცენტში აიღოს სესხი ან გაანთავსოს დეპოზიტი. ამ შემთხვევაში ღია ბანკინგი უყურებს საბანკო ორგანიზაციაში მოთავსებული ინფორმაციების გარკვეულწილად პლატფორმად შექმნას, რომელიც უკვე ამ ინფორმაციას გაცვლის.

 

რაც შეეხება, ციფრულ ბანკებს, რადგანაც სექტორი არის რეგულირებადი და მას აქვს თავისი მოთხოვნები. მოგეხსენებათ ჩვენთან საწყისი მოთხოვნა 50 მილიონია, თუმცა შეიძლება იყოს სხვადასხვა კომპანია, ჯგუფი,რომელსაც უნდა ამ მიმართულებით შემოსვლა და არ აქვს ამხელა კაპიტალი და უფრო დაბალი კაპიტალით დაიწყოს, თუმცა ის ვერ დაიწყებს ისე, როგორც კომერციული. ის ვერ შესთავაზებს სრულ სერვისს, მას ექნება დაწესებული მოთხოვნები კიბერუსაფრთხოების პრინციპების დაცვასთან დაკავშირეთბი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია საქმიანობა ისე,რომ არ შექმნის ფინანსურ რისკებს.

 

რაც შეეხება მიკრო ბანკებს, როდესაც მიკრო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაცია დავიწყეთ, იქ გამოჩნდა რომ, არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია დეპოზიტების მოზვიდა, რასაც დეპოზიტი არ ჰქვია, ამას ჰქვია სახსრების მოზიდვა და ისე დაფინანსება; დანარჩენები მუშაობენ კაპიტალის სხვადასხვა ფორმებით. აქედან გამომდინარე, მათ სხვადასხვა მიდგომები სჭირდებათ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცირე ზომის ორგანიზაციები უფრო ადვილად თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთან, აქედან წამოვიდა იდეა, რომ ხომ არ შეიძლება ე.წ მეორე კატეგორიის ბანკები არსებობდეს საქართველოში.

 

-მიკრო ბანკები ხომ არ გამოვლენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონკურენტები და თავის თავშიეს იდეა თქვენი აზრითუფრო ახალი ინდუსტრიის შექმნაათუ არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდაქმნა მიკრო ბანკებთან?

 

-ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან იქნება გარკვეული მოძრაობა. ამიტომ ვთქვი, რომ სხვადასხვა მოდელით მუშაობენ დღეს მიკროსაფინანსოები, იქნებიან მათ შორის ისინი ვინც მოისურვებენ მიკრობანკებად მუშაობას და იქნებიან ახალი ორგანიზაციები, რომლებიც შემოვლენ ბაზარზე. როცა იქნება გამჭვირვალობა ამ მიმართულებით, გაჩნდება მოძრაობა ყველა მხრივ და მივიღებთ ოპტიმალურ შედეგს.

 

-გვერდს ვერ ავუვლით ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსციფრულ ფულსკრიპტოვალუტებსროგორია ეროვნული ბანკის საქმიანობა ამ კუთხით?

 

-კრიპტოვალუტები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება და მოდურადაც. მას ახლავს ასეთი რამ, ის ხშირად გამოიყენება გადასხდის საშუალებად სხვადასხვა არალეგალურ საქმიანობაში, ფულის გათეთრებაში, აქედან გამომდინარე სიფრთხილე არის საჭირო. ერთი თვის წინ გამოქვეყნდა შეფასება საქართველოში ფულის გათეთრების ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეს არის მრავლისმომცველი, იმასთან დაკავშირებით თუ სად არის საქართველო დღეს. უკვე მიეცა საქართველოს რეკომენდაციები, რომ შეიმუშავოს რეგულირების ჩარჩო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. საქართველო არის იაპონიის შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელსაც ეს რეკომენდაცია მიეცა და ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა. განსასაზღვრია თუ ვინ მოიაზრება ამ ჩარჩოში, იგი ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ეს შეფასება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის. ციფრულ ვალუტას რაც შეეხება, დავიწყეთ კვლევები, ასევე ტექნიკური დახმარება გვექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ციფრულ ფულთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაცანით წინასწარი კვლევის შედეგები მათ, ასე რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

 

-როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სოციალური დაცვისბიზნესის სტიმულირების კუთხითასევე საკმარისობისა და რისკების თვალსაზრისით?

 

-ჩვენ დიდ სურათს ვუყურებთ და ის,რომ ფისკალური სტიმული აუცილებელია, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეკონომიკა რეცესიაში შედის და შეუძლებალია სხვა მეთოდებით გამკლავება. როდესაც  კრიზისი დაიწყო, ეკონომიკურმა გუნდმა ჩაატარა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობდა განხილვები სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით.  როდესაც ამ ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რა სახის პროგრამებს აფინანსებენ, როგორი სოციალური დახმარებაა აუცილებელი, რა პერიოდითაა მიზანშეწონილი. კალათაში ბევრი პროდუქტი დევს. იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაშია ქვეყანა, განვითარებად ქვეყანას და განვითარებულ ქვეყანას ვერ ექნება ერთნაირი მიდგომები, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიკვლიეთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რა იქნებოდა ყველაზე პროდუქტიული დღეს. ფისკალური დეფიციტი მნიშვნელოვანია, ის მცირდებოდა სანამ პანდემია დაიწყებოდა და ფისკალურად ქვეყანა იყო მდგრადი, დღეს სიტუაცია სხვანაირია, ასევე ხდება ვალის ზრდა. მას შემდეგ, რაც უვკე გამოიკვეთება გადაჭრის გზები და როცა ქვეყანა გამოვა რეცესიიდან, უნდა მოხდეს იმ ღონისძიებების მიღება,რაც განახორციელებს ფისკალურ კონსოლიდაციებს, ასევე იგულისხმება ვალთან დაკავშირებით.


მთავარია, რომ ეფექტიანად მოხდეს ამ დახმარების გამოყენება და შემცირდეს მომავალში ვალი. შეუძლებელი იქნებოდა ამ დახმარების მიღება, რომ არ არსებობდეს ის მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც ამბობს, რომ ეს ვალი არის მდგრადი. დეფიციტი იზრდება, მაგრამ ის არის მდგრადი. ეს არის საფუძველი, ამის გარეშე ასეთი დახმარება არ არსებობს. ის, რომ ვაქცინები გამოჩნდა მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს რომ დროთა განმავლობაში, შესაძლებელი იქნება იმ მობილობის შეზღუდვის აღმოფხვრა, დაიწყება ტურიზმი და დადებითად აისახება საქართველოზე. გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როცა კრიზისი დაიწყო განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალი უცხოურ ვალუტაში წავიდა, მაგრამ ახლა უკვე არის იმის ნიშნები, რომ რაღაც ნაწილი მიდის უკან. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ ქვეყნების რიგში იქნება.

 

-რას წარმოადგენს ბლუმბერგის bmatch პლატფორმა და რა შესაძლებლობას აძლევს იგი ეროვნულ ბანკს და სხვა სუბიექტებს?

 

-ეს რეფორმა არის მნიშვნელოვანი საქართველოში სავალუტო ბაზრის რეფორმირებისთვის და მისი შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია რომ ეს ბაზარი იყოს ლიკვიდური და გამჭვირვალე. ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო მეტი მონაწილისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მათ განეხორციელებინათ გარიგებები. ეს არის სისტემა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მონაწილეების მიერ გაკეთებული განაცხადებით. ისინი თუ ერთმანეთს დაემთხვევიან ავტომატურად ხდება გარიგება. აქტიურად მუშაობს ეს სისტემა, ლიკვიდობასაც და მოცულობასაც გაზრდის, მათ შორის მონაწილეობის რაოდენობასაც. გამჭვირვალეობაც იმისთვის ვახსენე, რომ აუცილებელია კომერციულმა ბანკებმა გამოაქვეყნონ ის ტარიფები და პირობები, რომლითაც ამ მომსახურებას გაწევენ, ეს შესადარისია, აქ არის კონკურენცია, შეუძლებელია რომ ინფორმაცია დაიმალოს და ვფიქრობთ, რომ ახლა ეს რეფორმა კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობას, ლიკვიდურობას, კონკურენციას და ტრანზაქციების დაცულობასაც.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up