აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონი: სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება მნიშვნელოვანია

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონი: სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება მნიშვნელოვანია

access_time2019-02-08 20:50:40

„არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველანი ვაცნობიერებთ რუსეთის აგრესიას და უფრო ეფექტიანი მოქმედების საჭიროებას მის შესაკავებლად, მოსაგერიებლად და იმისათვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს მეტი თავისი ქმედებებისთვის, - ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.


რადიო თავისუფლება: საუბარს დავიწყებ აშშ-ის მთავრობის „შატდაუნით“ – ბოლო ხანს სულ გვესმის ამაზე, ახლა ის შეჩერებულია 3 კვირით. მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენგან ამ პროცესის ახსნა მოგვესმინა. რატომ ხდით თქვენ, ამერიკელები ასეთ ვითარებას შესაძლებლად? რატომ არის ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესისთვის? რა ალბათობაა ახალი „შატდაუნის“ სამკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ?



როს უილსონი: სასიამოვნოა აქ ყოფნა. გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენს მმართველობის სისტემაში კონგრესმა უნდა მიიღოს ასიგნებათა კანონები ამერიკის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტის ხარჯების დასამტკიცებლად, ან მთლიანად მთავრობისთვის - ერთი ასიგნებათა კანონი. ნაწილი ამ კანონებისა შემოდგომაზე იყო მიღებული. ისინი იქცა ცხარე კამათის საგნად ტრამპის ადმინისტრაციასა და კონგრესის ნაწილს, ძირითადად, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შორის. კამათი რამდენიმე განსხვავებულ საკითხს ეხებოდა, მაგრამ ძირითადი იყო პრეზიდენტის ძლიერი სურვილი დაფინანსებულიყო ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა. იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, შედეგი იყო ის, რომ შეწყდა მთავრობის ნაწილის დაფინანსება. ამან მოიცვა სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენ სრულად არ დავხურულვართ, მაგრამ არ ვიყავით ისეთი ფუნქციურები, როგორებიც გვსურდა ვყოფილიყავით 35-36 დღის განმავლობაში. საბოლოოდ მიღწეული იყო კომპრომისი. დაფინანსება გაგრძელდება 15 თებერვლამდე. რთულია წინასწარმეტყველება - რა მოხდება. ვფიქრობ, ძლიერი სურვილია კონგრესის ორივე პარტიაში, რომ აღარ იყოს კიდევ ერთი „შატდაუნი“. ეს ცუდი იდეაა. ეს ცუდი პოლიტიკაა. ეს ცუდია ამერიკისთვის და მისი იმიჯისთვის. ასე რომ, იმედი მაქვს თავიდან ავიცილებთ.



რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა. დიახ, ჩანს, რომ ორივე პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს მორიგი „შატდაუნი“. ეს  როგორც დემოკრატიული პროცესი,  დასაკვირვებლად დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან კარგი მაგალითია.


აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობას რაც შეეხება: თუკი შევხედავთ აშშ-საქართველოს ქარტიას, რომელსაც 2009 წელს  ხელი კონდოლიზა რაისმა და გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს, ნახავთ  იმ გამოწვევების ჩამონათვალს, რომელიც დემოკრატიის შესახებ  მეოთხე  ნაწილშია და სადაც განმარტებულია რა უნდა გააკეთოს  საქართველომ და აშშ-მა სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და ა.შ.. გამოწვევები იგივე რჩება 10 წლის შემდეგაც. რატომ არის ასე?



როს უილსონი: მე საქართველოსთან შეხება მაქვს იმ დროიდან, რაც მან აღიდგინა დამოუკიდებლობა 1990-იანების დასაწყისში. მანამდეც, ვიდრე ეს მოხდებოდა, 1980-იანებში მქონდა  აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი.   საქართველომ განიცადა ბევრად დიდი პროგრესი ორივე თვალსაზრისით: ამბიციის გამოხატვითაც - ყოფილიყო სრულად დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემები არ არის. ჩვენ მთავრობასთან ერთად ჩართულები ვართ მათ გადაჭრაში. საარჩევნო რეფორმას რაც ეხება, მხარს ვუჭერთ რეკომენდაციებს, რომლებიც მალე  მზად  ექნება ეუთოს. აგრეთვე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მეთვალყურეების რეკომენდაციებს სასამართლო რეფორმისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე.  ასევე მხარს ვუჭერთ ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა საქართველოში თავისუფალი და ღია სამოქალაქო საზოგადოების , ბიზნესის ინტერესებისა და კერძო წარმოების საკითხები.


 ჩემი პასუხი იქნებოდა, რომ ცვლილებები, რომლებიც საქართველომ წამოიწყო იოლი არ არის. ბევრი ძალაა, რომელიც ამ ქვეყანას სხვაგან მიათრევს, ჩრდილოეთით მყოფი დიდი ძალის ჩათვლით, რომელიც საქართველოში სიმშვიდის დეფიციტს უწყობს ხელს. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მთავრობასთან თანამშრომლობაზე ამ პრობლემების დასაძლევად და ვმუშაობთ ამ ქვეყნის სხვა მეგობრებთან ერთად არსებული საკითხების მოსაგვარებლად.



რადიო თავისუფლება: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული ბოლო დროინდელი ისტორია აჩვენებს, რომ მთავარი საკითხი - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავაც მიუღწეველია. პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. პარლამენტი შეუდგა საგაზაფხულო სესიას. ისინი კენჭს უყრიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. ვიცით, რომ წინა თავმჯდომარე გადადგა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. რატომ არის ასე რთული სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაჭრა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიისთვის?


როს უილსონი: ამ საკითხის შეფასებისას თქვენს მიერ გაკეთებულ ანალიზს მივუბრუნდები.  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები  დაასახელა. ამის შემდეგ მალევე დაიწყო მწვავე კამათი კონტექსტზე, რომლითაც მათი წარდგენა მოხდა. ასევე  იმის თაობაზე - რა უნდა გაეკეთებინა პარლამენტს. მწვავე კამათი დაიწყო საკუთრივ მმართველ პარტიაში.  როგორც ვხედავ, ეს უთანხმოება გრძელდება.


ჩემთვის ეს არის ერთი ნიშანი, რომ ქართული დემოკრატია წინ მიდის. ადამიანები კამათობენ ამ საკითხებზე და მუშაობენ საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში მათ გადასაჭრელად. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზოგიერთ სხვა საკითხზე: კონკრეტულ რეკომენდაციებზე პარლამენტისთვის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, იქნებოდა მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას. ასევე ყურადღებას ვაქცევთ  იმ პროცედურებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა მისდიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობების შესრულებისას. გარდა ამისა, პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობისას. მან უნდა უზრუნველყოს ღია და სამართლიანი მოსმენები, ღია და სამართლიანი მსჯელობა, თითოეულ კანდიდატზე თავისუფალი კენჭისყრა. იმედი გვაქვს, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოვა . ძალიან ბევრი პარლამენტარია სხვადასხვა პარტიიდან, მმართველი პარტიის ჩათვლით, ვისაც სურს, რომ პროცესი სწორად წარიმართოს.



რადიო თავისუფლება: რადგან დემოკრატიის საკითხებზე და პროცესებზე ვლაპარაკობთ, ერთ თემას შევეხები: ჯერ კიდევ ინიციატივის დონეზეა და ჯერ რაიმე ოფიციალური ფორმა არ მიუღია. ვგულისხმობ, ცილისწამებასა და ყალბ ამბებზე კანონმდებლობის შეცვლის იდეას. როგორც ჩანს და გამოცხადდა კიდეც, რომ ეს იდეა  პარლამენტშიც იქნება განხილული. ეს ძალიან აღელვებს როგორც  სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მედიას. უკვე გაქვთ ამ საკითხზე პოზიცია? 


როს უილსონი: ცხადია, საარჩევნო კამპანიის დროს ცხარე, ზოგ შემთხვევაში ძალიან ცხარე რიტორიკამ, სიძულვილის ენის გამოყენებამ  დასავლეთში უამრავი ადამიანი შეაშფოთა. მათი შეხედულება საქართველოზე განსხვავდებოდა იმისგან, რაც კამპანიის დროს ვიხილეთ. ვფიქრობ, ამან აქაც ბევრი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია. საკითხის ასე დაყენება ამაზე რეაქციაც არის. აშშ-ს აქვს განსაკუთრებული შეხედულება სიტყვის თავისუფლებაზე. ეს გულისხმობს - სიტყვის თავისუფლებას და არ გულისხმობს რაიმე შეზღუდვებს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საჯარო პოლიტიკას, საჯარო ლიდერებს და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ბედისთვის, ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკისთვის და ა.შ... ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუყურებთ იმას, როგორ შეიძლება საქართველო განვითარდეს, როგორც თავისუფალი საზოგადოება ამ კონკრეტულ პროცესში. ევროპის გამოცდილება ცოტათი განსხვავებულია. იმედი მაქვს, საქართველოს ლიდერებს სასარგებლო რჩევებს მიაწვდიან, მაგრამ ამერიკა ამ საკითხს აუცილებლად შეხედავს პრიზმაში - „სიტყვის თავისუფლება ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას!“.



რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნები. თუკი წარმოვიდგენთ დროის მონაკვეთს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. რა არის საქართველოს დემოკრატიისთვის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე?




როს უილსონი: ვფიქრობ, გამოწვევათა ორი ჯგუფია: ერთი არის ის, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს. არჩევნების მოახლოებისას, არჩევნების მიმდინარეობისას და მის შემდეგ, სადღესასწაულო პერიოდში,საქართველოსა და მისი მთავრობის ინერციაში  გარკვეული შენელება შეინიშნებოდა. შეიძლება, ეს გასაგები იყოს.


ნათელია, რომ ამომრჩევლის გზავნილი რაც, მათ  საარჩევნო ყუთებთან გამოხტეს, იყო გარკვეული ხარისხის უკმაყოფილება. ეს არ არის პარტიული განცხადება. ეს ობიექტური რეალობაა და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა იზრუნოს ამაზე. დემოკრატიის წარმატებისთვის, დემოკრატიულმა მთავრობამ უნდა აჩვენოს შედეგები. ვფიქრობ, ეს არის ამოცანების ერთობლიობა როგორც საქართველოს პარლამენტისთვის, ისე მთავრობისთვის.


გამოწვევების მეორე ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება სპეციფიკური საკითხების მოგვარებას, რომლებიც წამოჭრა ეუთომ და  სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა. ეუთოს მისია რამდენიმე კვირაში ჩამოვა საქართველოში და ჩამოიტანს  დეტალურ რეკომენდაციებს, რომლებიც  საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტურის შემდეგ მათ მიერ გამოვლენილ პრობლემებს ეხება. 


 რეკომენდაციები, რომლებსაც ეუთო წარმოადგენს, ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ის სხვა ქვეყნებში საკმაოდ ეფექტური იყო. ჩვენი რჩევა ხელისუფლებისა და პარლამენტარებისადმი არის, მიიღონ ეს რეკომენდაციები და სხვა საერთაშორისო ჯგუფებისა და ადგილობრივი მეთვალყურეების იდეებთან ერთად განსაზღვრონ რა უნდა გაკეთდეს მომავალ თვეებში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც არჩევნების ორი ტურის დროს გამოვლინდა. იმედი გვაქვს აქ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი.



რადიო თავისუფლება: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს გამოკითხული მოქალაქეებიდან, უმრავლესობა მხარს  უჭერს  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, ვიდრე ნატოში შესვლას. ანუ, ორივე შემთხვევაში მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერია. რატომ ხდება ასე და აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ რამდენიმე პროცენტიან განსხვავებას?



როს უილსონი: არ შემიძლია ვუპასუხო კითხვას - რატომ ხდება ასე. შეიძლება თქვენთვის უფრო იოლი იყოს ამის ახსნა. თუმცა, არ მგონია ამას მნიშვნელობა ჰქონდეს. ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა მთელ ქვეყანაში საქართველოს დასავლური ხედვის მიმართ, ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებისა და საბოლოოდ მასში ინტეგრაციის მიმართ, აშშ-სთან და ნატოსთან საქართველოს კავშირების განმტკიცებისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. არ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა მხარდაჭერის ხარისხებს შორის და ამ განსხვავებების ძიება საბოლოოდ არაფერს მოგვცემს და არც ისე მნიშვნელოვანია.



რადიო თავისუფლება: არც მე მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი. ეს მხოლოდ შეკითხვა იყო. რაც შეეხება ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას, ის დროში  კვლავაც განუსაზღვრელია. მაგალითად, ხვალ, 6 თებერვალს, ნატო სკოპიესთან გაწევრიანების პროტოკოლს აწერს ხელს  . ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისთვის (მას ახლა ასე ეწოდება) სრულიად ნათელია ნატოს წევრობის პერსპექტივა. ასეთი ვითარება არასდროს ჰქონია საქართველოს, ვგულისხმობ პერსპექტივის დროში განსაზღვრულობას. როგორ ფიქრობთ, რა განამტკიცებდა საქართველოს სვლას ნატოსკენ?



როს უილსონი: მოდით, დავიწყებ სწორედ იმით, რომ პერსპექტივა ნათელია. 2008 წელს ნატომ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს  ნატოს ლიდერებმა გასულ წელს კიდევ ერთხელ გაიმეორეს. არავინ აყენებს ეჭვქვეშ ამ დაპირებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. პროგრესის დაჩქარებას ხელს შეუწყობდა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან. ნატოს წევრებთან ერთად საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში- ავღანეთში არის მძლავრი სიგნალი ამ ქვეყნის განზრახვებსა და მის შესაძლებლობებზე, მათ შორის საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაზე, რაც არის ნატოს არსი - ალიანსის დაცვა.


ვფიქრობ, საქართველოს მიმდინარე სამხედრო მოდერნიზაცია, აღჭურვილობის შესყიდვა, წვრთნისა და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება, მისი სანდოობა ნატოელ პარტნიორებთან წვრთნასა და ჩართულობაში, - ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს განსხვავებულ იმიჯს და ნატოსთან ურთიერთობის განსხვავებულ ხედვას. როდის მიაღწევს ეს ისეთ სიმაღლეს, რასაც ჰქვია კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ აშშ-ი ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, თუმცა, როდის მიიღწევა კონსენსუსი ყველა წევრს შორის, ვერ გეტყვით. ეს საკითხი რჩება აშშ-სა და ალიანსში საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტად.



რადიო თავისუფლება: გავაგრძელებ თემას: ეს დროში განუსაზღვრელი პერსპექტივა ქმნის ერთგვარ საფუძველს სპეკულაციებისთვის და მსჯელობისთვის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს პარალელური პროცესი გაწევრიანებამდე, რაც საქართველოს უსაფრთხოებას უფრო განამტკიცებდა, უფრო დაცულს გახდიდა მას რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში. ამის თაობაზე ბევრი მოგვისმენია: აშშ-ის მეტად ჩართულობაზე, საქართველოსა და უკრაინის ინტერესების გაერთიანებასა და აშშ-სთან ერთად მოქმედებაზე. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია, მაგრამ მაინც, საზოგადოებები არასაკმარისად დაცულად გრძნობენ თავს. ეს ფაქტია. ოკუპაცია მხოლოდ სტატუს–კვო არ არის, ეს სამწუხაროდ პროგრესირებადი პროცესია. განიხილება, თუ არა რაიმე დამატებითი პროცესის შექმნა, ვიდრე საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვიდრე უკრაინა გახდება ნატოს წევრი? იხილება, თუ არა აშშ-ის მთავრობაში რაიმე სახის პარალელური პროცესი, რომელიც საქართველოს უფრო დაცულს გახდიდა?



როს უილსონი: ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოებას ზრდის ყველაფერი ის, რაც ახლა ჩამოვთვალე: საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება ქვეყნის დასაცავად, წვრთნისა და პროფესიონალიზმის გაუმჯობესება, საბრძოლო აღჭურვილობის გაუმჯობესება, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებენ. ეს აგრეთვე მოიცავს აშშ-ის ჩართულობისა და საქართველოში ყოფნის გაზრდას, შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ავღანეთში ოპერირებისთვის და  ამ ყველაფერში ნატოს წევრების მონაწილეობის გაზრდას. აშშ-სა და ნატოში სულ მიმდინარეობს დისკუსია საქართველოსთან მეტი ჩართულობის, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდად უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხოების არსებითად გაძლიერებას, რაც არის ამ ყველაფრის მიზანი.



რადიო თავისუფლება: უფრო პირდაპირი ვიქნები და გკითხავთ - განიხილება, თუ არა რაიმე სახის კოალიციის შექმნა ნატოში საქართველოს გაწევრიანებამდე?


როს უილსონი: არა.


რადიო თავისუფლება: იმისათვის, რომ რუსეთის მორიგი შესაძლო აქტიური აგრესიის შემთხვევაში საქართველო არ აღმოჩნდეს მარტო - ამაზეა ლაპარაკი და მსჯელობა.?


როს უილსონი: არ მიმდინარეობს ამაზე ლაპარაკი, ანუ რაიმე ნატოს მსგავს კოალიციაზე, რომელიც ალიანსის მსგავს ვალდებულებებს იკისრებდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. უდავოა, რომ აშშ-სა და დასავლეთში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის აგრესიის პრობლემას, რასაც დღეს ყველაზე დრამატული სახე უკრაინაში აქვს და იმაზე, ფიქრს, რა შეიძლება გაკეთდეს? ამგვარი მსჯელობისას საქართველო სრულად არის კონტექსტის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ პრობლემაა აქაც. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველანი ვაცნობიერებთ რუსეთის აგრესიას და უფრო ეფექტიანი მოქმედების საჭიროებას მის შესაკავებლად, მოსაგერიებლად და იმისათვის, რომ რუსეთმა გადაიხადოს მეტი თავისი ქმედებებისთვის. ეს კი   ყველასთვის მიუღებელია.


რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება რუსეთმა გადაიხადოს მეტი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობისთვის?



როს უილსონი: ვფიქრობ, ეს  ევროკავშირთან სპეციფიკური მსჯელობის თემაა. მომდევნო დღეებში შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს მათ საქმიანობაზე სამსჯელოდ. რას ხედავენ ხაზის გასწვრივ, საკუთრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აგრეთვე იმის განსახილველად რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ აშშ-მა და ევროკავშირმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებისთვის.



ადიო თავისუფლება: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კომუნიკაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მთავრობას ოპონენტები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ არის საკმარისად აქტიური ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფაში, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო დონეზე და არასაკმარისად ეფექტიანია ეს კომუნიკაცია ქვეყნის შიგნით თავის მოსახლეობასთან. როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მუშაობას ამ კუთხით?



როს უილსონი: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საოცრად აქტიურია იმ თვეების განმავლობაში, რაც მე აქ ვარ.  მანამდეც ასე იყო, რასაც მე გარედან ვაკვირდებოდი - ევროკავშირთან მუშაობის კუთხით, ევროკავშირის ლიდერებთან მუშაობის კუთხით, რომ მათ უფრო სერიოზულად აღიქვან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებისა და საბოლოო ინტეგრაციის ინტერესი. არის ვიზიტებისა და შეხვედრების მთელი წყება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალგვარი პროგრამები. ძალიან სერიოზული მონდომებაა და რთულია იმის თქმა, როგორ უნდა იყოს მთავრობა უფრო ენერგიული. სხვა საკითხია შედეგები, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს დამოკიდებულია ევროპის მხარეზე და მის პასუხებზე. კომუნიკაცია საქართველოს საზოგადოებასთან, კიდევ სხვა საკითხია.


მთავრობებს ყოველთვის შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენ სხვებთან ერთად ვახორციელებთ პროგრამებს პრემიერ-მინისტრის ოფისისა და მას დაქვემდებარებული უწყებების დასახმარებლად და მათი სტრატეგიული კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად, მათი გზავნილების გასაუმჯობესებლად იმგვარად, რომ მათ არა მხოლოდ დაგეგმონ ესა თუ ის პოლიტიკა, რაც თავისთავად რთული ამოცანაა, არამედ გამონახონ უფრო ეფექტიანი გზები მათ მისატანად ფართო აუდიტორიასთან - იქნება ეს ადგილზე, ევროპაში, თუ სადმე სხვაგან. იმედი მაქვს, შევძლებთ ცვლილებას. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ჰყავს სერიოზული ხალხი გარშემო, ისევე როგორც სხვა უწყებებს, რომლებთანაც ჩვენ და ევროკავშირის მთავრობები ვთანამშრომლობთ.



რადიო თავისუფლება: ახლახან გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად“ რჩება. რა აკლია ამ ქვეყანას იმისთვის, რომ თავისუფალი ქვეყნების რიგში ჩადგეს?



როს უილსონი: „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში შეიძლება ნახვა, კონკრეტულად რა გამოავლინეს. მე გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი: საქართველოს მისწრაფებები და მისი პროგრესი დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში არის აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის უმთავრესი საფუძველი. როგორც აღვნიშნე, საქართველო არის მოწინავე ამ რეგიონში ორივე თვალსაზრისით - როგორც ამბიციებით, ისე პროგრესით.



რასაკვირველია, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც დაკვირვებას მოითხოვს. ჩვენ ვილაპარაკეთ საარჩევნო რეფორმაზე და ნაბიჯებზე, რომლებსაც აშშ და სხვებიც ელოდებიან იმისათვის, რომ უკეთესად ტარდებოდეს არჩევნები. ვილაპარაკეთ აგრეთვე სასამართლო რეფორმაზე. აშშ–ი იყო ძლიერი მხარდამჭერი სასამართლო რეფორმის სამი ტალღის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სასამართლოს და პროკურატურის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. იხილება ე.წ. მეოთხე ტალღა. ეს პროცესი ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ვისურვებდით. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება და ის, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. არის მრავალი საკითხი, რომელიც გამოყოფილია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, სხვა ანგარიშებში. დღის წესრიგი საკმაოდ ნათელია და საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ ამით.



რადიო თავისუფლება 





„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up