ინტერვიუ იფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძესთან
- ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი გაზრდილია და საშუალოდ 2,5–ჯერ მეტი ავტობანი შენდება ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ეთანხმებით ივანიშვილის შეფასებას? გაზრდილია მშენებლობის ტემპი?
- ჩემი აზრით, ტემპმა შეიძლება ცოტათი მოიმატა, მაგრამ ეს ტემპი ნამდვილად საკმარისი არ არის იმისათვის რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ინფრასტრუქტურის სამინისტროში რადიკალური რეფორმების გარეშე ჩვენ ტემპს რეალურად ვერ გავზრდით. ეს ჩემი აზრია.
- რა მიმართულებით არის საჭირო რეფორმები?
- მენეჯმენტის მიმართულებით. საკმაოდ დიდი პროექტებია, საკმაოდ დიდი თანხებია დასახარჯი, რომ ავტობანი ბოლომდე მივიყვანოთ მოკლე პერიოდში და ეჭვი მეპარება, ინფრასტრუქტურის დღევანდელმა სამინისტრომ თავისი რესურსებით შეძლოს ამის მენეჯმენტის სათანადოდ განხორციელება.
- სამინისტროში ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, იყო საუბარი ცვლილებებზეც, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ რეალური ცვლილებები არ მომხდარა?
- ჩვენ საქართველოში ზოგადად გვაკლია ევროპული ყაიდის, დასავლური ყაიდის მენეჯმენტის მქონე სპეციალისტები. საერთოდ სხვა თემაა, რასაც აკეთებს დასავლური ყაიდის მენეჯერი და რასაც ვაკეთებ მე. ჩვენ მაინც საბჭოთა ადამიანები ვართ, ახალი თაობა უნდა წამოვიდეს ან დასავლეთიდან უნდა მოვიწვიოთ მენტორები.
- რაც შეეხება ახალი ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით გაწეულ სამუშაოს, თუ გამოყოფდით რომელიმე პროექტს, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს დაიგეგმა და განხორციელდა?
- სამწუხაროდ მიჭირს ამის გახსენება...
- ანუ ძირითადად გრძელდება პროექტები , რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა?
- ავტობანს ახალს ვერავინ დაგეგმავდა, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ერთია, ეს უნდა გავიდეს ბოლომდე. წითელი ხიდიდან ბათუმამდე ახალს ვერავინ დაგეგმავდა. უბრალოდ აქ არის ლაპარაკი, რომ ის, რაც დაგეგმილია, სწრაფად უნდა განვითარდეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო იმ სისწრაფეს ვერ ვაღწევთ, რაც საჭიროა. ახლანდელმა პორემიერმაც აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება სწრაფი ტემპები იყოს, მაგრამ ამას ჭირდება სერიოზული მენეჯმენტი.
- დღეს არსებული ტემპები როგორია?
- რაოდენობრივად უფრო მეტ უბანზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თვითონ ამ უბნებზე ტემპია დაბალი. თუნდაც სხვა გზებთან დაკავშირებით სერიოზულ წინსვლას ვერ ვხედავ.
- შესყიდვების სააგენტო სექტემბრიდან ორეტაპიანი ტენდერების ჩატარებას იწყებს, თქვენ გაქვთ მოსაზრება, რომ პროექტის განხორციელება და მოვლა-პატრონობა ერთ კომპანიას უნდა დაეკისროს, ეს ცვლილება არის კავშირში თქვენს იდეასთან?
- ორეტაპიანი ტენდერები ცალკე თემაა, ეს ნიშნავს, რომ გვექნება ტენდერები ორ ნაწილად და ეს უკვე კარგია. თუმცა რაც შეეხება მოვლა - პატრონობას, ეს ტენდერების თემა არაა, ვისაც უნდა შესყიდვა ის უნდა მივიდეს აზრამდე, რომ უკეთესია ასეთი მიდგომა. ჩვენ საბოლოო პროდუქტი გვჭირდება დიდი ხნის განმავლობაში. დღეს მილიონ გზას ვაგებთ და მერე იწყება საუბარი - ვისი ბრალი იყო? რატომ გაფუჭდა? ერთი კაცი უნდა იყოს ვინც აგებს პასუხს პროექტზეც, მშენებლობაზეც და მოსვლა პატრონობაზე.
- თუ გქონდათ კონსულტაციები ამ თემაზე მთავრობასთან?
- როდესაც პრემიერ - მინისტრს შევხვდი, მაშინ ვუთხარი, რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო. შემპირდა, თუმცა მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ვნახოთ, კაცი იმედით ცოცხლობს...