„კომერსანტი" აგრძელებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მოპოვებას იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ქართული ოცნების 4–წლიანი მმართველობის პერიოდში დაიწყო და დასრულდა, ან დაიწყო და განხორციელების ეტაპზეა.
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპების დაჩქარებაზე. ივანიშვილი ამბობს, რომ მაგალითად, ბოლო წლებში 2,5–ჯერ მეტი ავტობანი შენდება ვიდრე წინა მთავრობის დროს შენდებოდა. შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით იმ კონკრეტული პროექტებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა. ამ ინფორმაციის მოწოდება „კომერსანტმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სთხოვა.
გთავაზობთ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ნუსხას:
სტუდენტური ქალაქი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით ლისის ტბის ფერდობზე 320–ადგილიან თანამედროვე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს აშენებს. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
როშკა-არხოტისგზა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 25–კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა არასდროს ყოფილა. არხოტის გზის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საზღვრისპირა ადგილი, სადაც გზის გაყვანის შემდეგ 33 ოჯახი აპირებს დაბრუნებას და ამ მხარის გაცოცხლება მოხდება.
82 ამბულატორიის მონტაჟი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2014 წელს საქართველოს სხვადახვა რეგიონში 82 ამბულატორია დაამონტაჟა, საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
2014 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ზემოაღნიშნული 82 ერთეული ამბულატორიის ადაპტირების მიზნით, დამატებით 24300 ლარი გამოიყო.
ზესტაფონი-ქუთაისის ჩქაროსნული გზა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4–ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.
ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზის 18–კილომეტრიან მონაკვეთზე (ლოტი 2) შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის 8 ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დანარჩენი ხიდები აქტიურად შენდება.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა
2014 წლის 25 აგვისტოს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.
დართლო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2014 წელს დართლოში რეაბილიტაცია 6 სახლს ჩაუტარდა, 28 სახლის რეაბილიტაცია კი წელს დასრულდება.
წყალტუბო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალტუბოში, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია და მასზე 500 ადამიანზე მეტი დასაქმდა.
სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს, „ქვევრის სახლი"-ს მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა სახელოსნოს მშენებლობას ხორციელებს. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.
პროექტ „ოქროს გზის" ფარგლებში ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე „მაწვნის სახლი" გაიხსნა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა და აღიჭურვა „მაწვნის სახლი", რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. „მაწვნის სახლის" მშენებლობა-აღჭურვისთვის 935 000.00 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე 50ადამიანი იყო დასაქმებული.
აღნიშნული ტურისტული ობიექტის მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაა.
თეთნულდი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს მართვაში არსებულმა კომპანიამ „თეთნულდ დეველოპმენტმა". მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მშენებლობა მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს. კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ-იანი) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7კმ) სასრიალო ტრასები მოეწყობა. სამთო კურორტზე 5 საბაგირო გზის მშენებლობაა დაგეგმილი.
ამ დროისათვის, 8 ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დანარჩენი ხიდები აქტიურად შენდება.
მიწების შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეფერხებულია საქართველოში ყველაზე გრძელი, 1180 მეტრიანი ხიდი - ვიადუკის მშენებლობა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით - ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით შენდება. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად გამოიყენება.
უსაფრთხო მოძრაობის ორგანიზება (უზრუნველყოფა) ჩქაროსნულ გზატკეცილზე
ჩქაროსნულ გზატკეცილზე უსაფრთხო მოძრაობის ორგანიზების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისი ატრიბუტებით (საგზაო ნიშნები, საინფორმაციო დაფები, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოსავლენი აპარატურა და ა.შ.) აღჭურვის პროექტი. მიმდინარეობს ამ კამპანიის საინფორმაციო მხარდაჭერის პროექტის მსოფლიო ბანკთან შეთანხმების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში გავა ტენდერიზე. გამოვლენილი (პიარ, საკონსულტაციო) კომპანია დაგეგმავს და განახორციელებს ამ პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერის კამპანიას.
დედოფლის წყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება
დედოფლისწყაროში ძველ ამორტიზებულ საავადმყოფოს ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დედოფლისწყაროში ახალ მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს.
პროექტის მიხედვით, საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანი იქნება თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. ახალი კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32 531 მცხოვრებს მოემსახურება.
თბილისის მეტროს 23-ე სადგური შეემატება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა დაიწყო. მეტროსადგური „უნივერსიტეტი", რომლის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ის თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტების ნუსხა გრძელია და დამატებით მასალებს სამინისტროსგან კიდევ ველოდებით.