სოზარ სუბარი: არის რეგიონები, სადაც განვითარება არათუ იგრძნობა, პირიქით, ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს

სოზარ სუბარი: არის რეგიონები, სადაც განვითარება არათუ იგრძნობა, პირიქით, ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს

access_time2018-10-10 12:00:00


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე სოზარ სუბარის დანიშვნის შემდეგ სამი თვე გავიდა. რა პრობლემები დახვდა დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს რეგიონებში, რისი გაკეთება მოასწრო და რა გზებს ხედავს მომავალში მათ დასაძლევად - ამ თემებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა პირველი ვრცელი ინტერვიუ რადიო „კომერსანტს“მისცა გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“


- ბატონო სოზარ, დავიწყოთ სეზონის ყველაზე აქტუალური თემით, რამდენად წარმატებული იყო 2018 წლის რთველი, რომელიც სუბსიდირების გარეშე, კერძო სექტორმა წარმართა ?


- შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი რთველი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. რთველი კახეთში რამდენიმე დღეში დამთავრდება, ხოლო რაჭაში ახლა იღებენ მოსავალს. უპრეცედენტო კარგი მოსავალი იყო და მაღალი ფასები დაფიქსირდა. კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ყურძნიდან 250 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ჯამში კი 300 მილიონ ლარზეა საუბარი. ამას ემატება ტურიზმიდან შემოსული თანხები, რაც დამატებითი შემოსავალია. კახეთში უკვე გადამუშავდა 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. როგორც ახსენეთ, პირველი წელია როცა სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას. სუბსიდირება იყო დროებითი პროცესი, რათა დავხმარებოდით ამ დარგს გარკვეული კრიზისული პერიოდების გადალახვაში, რაც უკვე გადალახულია. ამის შედეგ ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში ახალი მიმართულებები. სერიოზული ჩამორჩენაა მეცხოველეობაში და ამ მხრივ, უზარმაზარი გეგმები მუშავდება, განსაკუთრებით მთიანი რეგიონებისთვის.


- ამ ეტაპზე რა შეგიძლიათ თქვათ, უნდა ველოდოთ ახალ პროგრამებს, თუ არსებული პროგრამები გაფართოვდება, რა იქნება ის გარდამტეხი გეგმა, რაც საშუალებას მისცევს რეგიონებს ამოისუნთქონ?


- რეგიონები უთანასწოროდ ვითარდება, არის რეგიონები სადაც განვითარების ტემპები საკმაოდ კარგია და ეს ხდება ზოგგან ტურიზმის, ზოგგან სოფლის მეურნეობის ხარჯზე. თუმცა არის რეგიონები, სადაც განვითარება არათუ იგრძნობა, პირიქით, ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. მაგალითად, ლენტეხში ეკონომიკის განვითარების მიმართულებით არაფერი ხდება, ასევე შეგვიძლია დავასახელოთ გურია, თიანეთი, ამ რეგიონებს განვითარების მაღალი პოტენციალი აქვთ. პარალელურად, მესტიაში, კახეთში, ყაზბეგში ტურიზმის ხარჯზე განვითარების მაღალი ტემპები ფიქსირდება. რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიმართულებაა. ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმართულებით ვაპირებთ, რომ 2,5 - ჯერ მეტი დაიხარჯოს, ეს დიდი ამოცანაა. ამ პროექტებში იგულისხმება ცენტრალური და შიდა გზების დაგება სოფლებში, მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი გზების დაგება, წყლების მიწოდება.


სამწუხაროდ, ქვეყანა, რომელიც წყლის რესურსებით ძალიან მდიდარია, ჩამორჩება ამ მიმართულებით. გვაქვს პრობლემები გაზიფიცირების მიმართულებით, არის მთიანი ადგილები, სადაც რამდენიმე კომლი ცხოვრობს და რთულია იმ ტერიტორიებზე გაზის გაყვანა, ამიტომ გვაქვს ალტერნატიული გზები, თუ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ამ ხალხის მოთხოვნები. შესაძლოა დავამონტაჟოთ ჰელიოსისტემები, რომლებიც გაზს ჩაანაცვლებს და ადგილობრივი წყლის რესურსი გამოვიყენოთ. წყალთან დაკავშირებული პრობლემები, ფაქტობრივად, ყველა რეგიონშია. გურიის რეგიონში ვიწყებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას, რეგიონებთან ერთად დიდ ქალაქებშიც, მაგალითად ქუთაისში, ზუგდიდში დღემდე არ არის მოგვარებული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრთან და გუბერნატორებთან ერთად, სადაც სამომავლო გეგმებზე ვმუშაობდით.


გუბერნატორები ახსენეთ, რა არის მათი მთავარი დავალება ?


გუბერნატორი უნდა იყოს ვალდებული, რომ ყოველდღიურად შეხვდეს ხალხს და იყოს მაკავშირებელი რგოლი, ერთი მხრივ, ხალხსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, მეორე მხრივ, თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. დღევანდელ შეხვედრაზე, გუბერნატორებს რეგიონებში არსებული პრობლემები ჰქონდათ წარმოდგენილი. შეხვედრამდე მათ შეისწავლეს ეს პრობლემები და უკვე ამ ეტაპზე ხდება მათი განხილვა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომ მოხდეს ამოცანების ჩაშლა. ხშირად, გუბერნატორს აქვს შემთხვევები, როცა უწევს კოორდინაცია იმ საკითხების, რაც მის დაქვემდებარებაში არ შედის. მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მთლიანი სურათი, რა ხდება, მაგალითად, განათლების სისტემაში, ან ცალკეულ მუნიციპალურ პროექტებზე. სოფლის მეურნების სამინისტროს აქვს პროგრამა, კენკროვანი კულტურების დანერგვის შესახებ, ასევე მეცხოველეობის განვითარება მთის რეგიონებში, ეს პროგრამები შეიძლება უშუალოდ არ შედიოდეს გუბერნატორის მანდატში, თუმცა ის მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში და სადაც გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. როგორც ახალი, ისე ძველი გუბერნატორები დღე არ გავა, რომ არ შეხვდნენ მოსახლეობას, დადიან რეგიონებში. კარგი ტანდები შეინიშნება, პირველად ხდება როდესაც თვითმმართველობის ხელმძღვანელები, გუბერნატორები და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ერთად დადიან და ერთად მსჯელობენ იმ საჭირ-ბოროტო საკითხებზე, რაც რეგიონში არსებობს. დღეს ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაიწყო მჭიდრო და ერთობლივი მუშაობა ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შორის.


თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარია ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც შემდგომ სხვადასხვა დარგების განვითარებას გამოიწვევს?



ინფრასტრუქტურის განვითარება არის იმის საფუძველი, რომ სხვა მიმართულებები განვითარდეს. ინფრასტრუქტურის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს, რაღაც სექტორის ან რეგიონის განვითარება, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიო. მაგალითად, ჩვენ რომ გავიყვანოთ გზა თუშეთში და თან რეკლამა გავუკეთოთ, ძალიან ბევრი ტურისტი წავა ამ რეგიონში, პარალელურად, გამოჩნდება სასტუმროების აშენების ძალიან ბევრი მსურველი. თუმცა, თუ ჩვენ არ გვექნება მკაცრი კონტროლი, თუშეთს დავკარგავთ და ის აღარ იქნება ის თუშეთი. მთა ყველგან არის. ამიტომ, ცხადია, საჭიროა ეტაპობრივად დაგეგმა, კონტროლი, ინფრასტრუქტურის განვითარებაში მხოლოდ გზა არ იგულისხმება, წყალი ყველაზე აუცილებელია, ის არის ანი და ჰოე. სულ რომ არ იყოს ტურიზმი განვითარებული რეგიონში, იქ ადამიანები ცხოვრობენ, ფერმერები, გლეხები, ინტელიგენტი, მოსამსახურე და ყველას სჭირდება წყალი.



შავი ზღვის პირა რეგიონში, სვანეთში, თუშეთში, კახეთში ტურიზმი ძალიან განვითარდა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რაჭას, მესხეთს, როგორც ბაკურიანი და ბორჯომია განვითარებული, ისე შეიძლება ტაბაწყურის ტბის, ახალქალაქის, ჯავახეთის მიმართულებების განვითარება. სამეგრელოში, იმერეთში, გვაქვს უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი. ზემო რაჭა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი, დღეს პრაქტკულად ამ პოტენციალის მიღმა დგას. იგივნაირად შეგვიძლია ვისაუბროთ, ლეჩხუმში ხვამლის მთაზე, უსახელოურის ჯიშებზე. ასეთი უამრავი ადგილი გვაქვს, მათ სჭირდება მოვლა, გეგმის შედგენა, თუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტი, რა ტიპის ტურისტი გვჭირდება და ა.შ. ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარება უპირველესად საჭიროა.


არის ადგილები, სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ სად უნდა გავიყვანოთ სამანქანო გზა. საუბარია მთის რეგიონებზე. თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობთ, იქნებ სჯობდეს, არ გავიყვანოთ საერთოდ გზა და დარჩეს ეს ტერიტორიები ველურ ტერიტორიებად, სადაც შეიძლება ადამიანმა ფეხით იაროს. ესეც სეპაციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, კარგად აწონ დაწონონ.


ტურისტულ სააგენტოებთან მქონდა შეხვედრა და მესაუბრნენ ჭიათურის ტურისტულ პოტენციალზე, რაც ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო. საბჭოთა კავშირში პირველი საბაგირო ჭიათურაში იყო, მას აქვს უნიკალური მდებარეობა, შესაძლოა შახტების სამუზეუმო სივრცედ გადაქცევაც. შემოსავლის თვალსაზრისით, მაღაროებზე მეტი შეიძლება არ მოიტანოს რეგიონისთვის, თუმცა დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლებ აგახდეს. ამ ყველაფერს სჭირდება აწონ-დაწონა.


— როდისთვის გექნებათ კონკრეტული სურათი და როდის დაიწყება ამ მიმართულებების განვითარება?


ასეთი სურათი, რაღაც დონეზე უკვე არსებობს და მოქმედებებიც დაწყებულია. მაგალითად, აბასთუმაში მომავალი წლიდან იწყება გრანდიოზული მშენებლობა და აღდგენითი სამუშაოები, რათა აბასთუმანი გახდეს ისევ იმ დონის კურორტი, როგორიც ათწლეულების წინ იყო. ჭიათურაზე იგივეს გაკეთება ცოტა ძნელია. ვიფიქროთ, მაგრამ ჭიათურა კარგი მაგალითა იმისა ,თუ რამდენი ასეთი იდეა შეიძლება დაიბადოს. არსებობს უკვე ბაკურიანის, გუდაურის, აბასთუმანის, მესტიის განვითარების გეგმებიც. პარალელურად მიდის მუშაობა მთელი საქართველოს განვითარების გეგმის შემუშავების, ამ მხრივ ეკონომიკის სამინისტრო და ინფრასტრუქტურის განვიტარების სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. სტრუქტურულ ცვლილებებზეც მინდა ვისაუბრო, ეკონომიკის სამინისტროში შედიოდა სივრცითი მოწყობილობის დეპარტამენტი, რომელიც გადავიდა ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში. ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა იყოს მორგებული საქართველოს სივრცით მოწყობაზე და ვფიქრობ, ძალიან სწორი იყო ეს სტრუქტურული ცვლილება.


შიდა გზები ახსენეთ და სოფლები, რაიონები, სადაც ნაკლებად არის განვითარებული ეკონომიკა. მათ შორის, აჭარა, გურია.. კომერსანტი წერდა ურეკში, შეკვეთილში არსებულ გზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მუდმივად, აცხადებენ როგორც გუბერნატორები, ისე ადგილობრივი მმართველი ორგანოს წარმომადგენლები, რომ მოგვარდება ეს პრობლემა, თუმცა მოსახლეობა საუბრობს, რომ რეალურად პროცესი წინ არ მიდის.


ამ კონკრეტულ შემთხვევებზე გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა. ზოგადად ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს ინფრასტრუქტურული პროექტებას. მაგალითად, სადღაც ტენდერი ჩაიშლება, სადღაც კომპანია არ გამოდგა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, არ ხდება რეაგირება, ზოგჯერ შესაძლოა ასეთი შემთხვევები კორუფციით ავხსნათ. არაერთ საქმეზე მიდის გამოძიება. მე ჩავინიშნავ იმ ადგილებს, რომელიც თქვენ დაასახელეთ და აუცილებლად მოვიკითხავ რა ხდება ამ ლოკაციებზე.


მაგრამ მთლიანობაში წარმოუდგენლად დიდი თანხა დაიხარჯა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შიდა გზების რეაბილიტაციაზე. დღეს ჩქაროსნული მაგისტრალი სამჯერ მეტი ტემპით კეთდება, პარალელურად, უამრავ სოფელში იგება შიდა გზა, რამდენიმე დღის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოიარა რაიონი და ნახა, რომ ისეთ სოფლებშია მისული გზა, სადაც ხალხი არც კი ოცნებობდა გზის დაგებაზე.


ამას ჩვენ ვიღებთ ჩვეულებრივ მოვლენად, არც პიარი კეთდება, ამ სოფლის ხალხმა კი იცის, მაგრამ სხვა რეგიონებში არ იციან რამდენი რამე გაკეთდა ქვემო ქართლში, ისევე როგორც ქვემო ქართლში არ იციან, რა კეთდება იმერეთში. რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ყველა სოფელი მოვიცვათ, რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, მეორე დღეს უკვე ივიწყებენ და ახალი გამოწვევები დგება დღის წესრიგში.


— ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს, ასევე კომუნიკაციაც ახსენეთ, როგორია ხელისუფლების ხედვა?

მაია ცქიტიშვილს აქვს მასშტაბური ხედვა და საოცრად კომპეტენტური გუნდი შეკრიბა. ბევრი ის პრობლემა, რომელიც წლებია დაგროვდა, ახლა გადაწყვეტის ეტაპზეა. 2 ტიპის პროექტები გვაქვს, პირველია საერთაშორისო დონორების ფულით, რომლებიც ხორციელდება და მეორე ჩვენი ბიუჯეტის. ყველა დონორს აქვს თავისი წესები და ამ წესებს უნდა მოვერგოთ. ხშირად კონტრაქტის გაწყვეტა საერთაშორისო მოთამაშეებთან ძალიან რთულია და შესაძლოა, დასჭირდეს ამ პროცესს თვეები და წლებიც კი.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებთან არსებული პრობლემების მოგვარება ამ შემთხვევაში მარტივია, სწრაფად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამინისტროდან, რეგიონებში, მონიტორინგის სამსახური ჩადის და ამოწმებს პროექტებს. გაიზარდა თვითმმართველობების ანგარიშვალდებულება. ეს არ არის ერთჯერადი მონიტორინგი, იგი გაგრძელდება მუდმივად და დარწმუნებული ვარ ნაკლები პრობლემებიც გვექნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოჩნდებიან არაკეთილსინდისიერი კომპანიები ან მოხელეები, თუმცა გაცილებით ნაკლები იქნება მათი რაოდენობა მკაცრი კონტროლის არსებობის ფარგლებში.


მთის კანონმა იმუშავა თუ არა რეალურად ? როგორია იმ სოფლების მდგომარეობა, რომლებმაც მიიღეს ეს სტატუსი , მთის სამინისტროს შექნაზეც იყო საუბარი.


მთის კანონი მუშაობს ძალიან კარგად და ეს არის სფერო, სადაც სახელმწიფოს უფრო მეტი ჩარევაა საჭირო. „კანონი მივიღეთ და თქვენს თავს მიხედეთ,“ - ასე არ მუშაობს კანონი. ხშირად ვხვდებით და ვგეგმავთ მთელ რიგ ამოცანებს. მაგალითად, არის სოფლები, რომლებიც დაცლის პირას იდგა, ადიშში 4 მოსახლე იყო დარჩენილი. მერის და მაჟორიტარი დეპუტატმა მოსახლეებს ჰკითხა, რა გაგიკეთოთ, რომ არ წახვიდეთ სოფლიდანო და 1 ტრაქტორი მოითხოვეს, გზას ჩვენით გავწმენდთ ხოლმეო. დღეს ამ სოფელში ზამთარში 20 მოსახლე რჩება უკვე. იგივე შეიძლება ითქას, რაჭის სოფლებზე, სადაც ტურისტები უნდა მივიზიდოთ, ამ რეგიონში მეცხოველეობა მიზანმიმართულად ვითარდაბა და ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება ახალი ფერმები.


რაც შეეხება მთის სამინისტროს, მცირე მთავრობის კონცეფციაში, ცხადია, ახალი სამინისტროს შექმნა არ ჯდება, თუმცა ის, რომ თავის დროზე ამ სამინისტროს შექმნაზე ქილიკი დაიწყეს, არასწორია. მაგალითად, თევზჭერის სამინისტრო, საქართველოში სადაც არ გვაქვს თევზჭერის დიდი კულტურა, შეიძლება მივიჩნიოთ საქილიკოდ, როცა ისლანდიაში ეს სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანია. მარტოობის სამინისტრო შექმნა ინგლისმა. საქართველოში კი, სადაც 70% მთიანი რეგიონია, არ იქნებოდა ცუდი იდეა ამ სამინისტროს შექმაზე. თან, მაშინ როდესაც ამ თემაზე საუბრობდნენ, არ გულისხმობდნენ სრულფასოვანი სამინისტროს შექმნას, ეს იქნებოდა ერთგვარი მაკოორდინირებული ორგანი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მსგავსი, ეს ფუნქცია თავისთავად, შესაძლოა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეითავსოს დღეს.


— თუ შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულად, 2019 წელს რამდენ სოფელში იქნება ახალი გზა, წყლის სისტემა, ასეთი სტატისტიკა გვაქვს? ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დაიწყო უკვე?


ხუთშაბათს (12 ოქტომბერს) გვაქვს სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით მორიგი შეკრება. ზუსტი ციფრი შეიძლება იქაც არ გვქონდეს, მაგრამ მთლიანობაში ვისაუბრებთ და გვექნება ამ თემებზე მსჯელობა. ვისაუბრებთ, იგივე მელიორაციის პრობლემებზე. ამის შემდეგ, უფრო მეტად ვიქნებით მზად, გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი.








ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up