სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.
„პოტენციურად ბევრი კომპანიაა, გლობალური მოთამაშე, ძალიან მიმზიდველი ჩვენთვის ვინც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოვა საქართველოში. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ძებნა ახალი შესაძლებლობების, ინვესტიციების მოზიდვის და ე.წ რელოკაციის სტრატეგიის განცორციელების. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო, როდესაც კონკრეტულ პრიორიტეტულ დარგებში ახალი ინვესტორები შემოვლენ და არსებულ საწარმოებს გადმოიტანენ, ან ახალ კომპანიებს შექმნიან საქართველოს ტერიტორიაზე“ - განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სტატუსის მიღებას და შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს შემოსავლების სამსახურში. დოკუმენტების განხილვის შემდეგ მთავრობა „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს მიანიჭებს. აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო კომპანიას“ უფლება აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებს მოემსახუროს, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საქართველოდან მომსახურების ექსპორტს საზღვარგარეთ.
საქართველო ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია საერთაშორისო სანაოსნო, ლოგისტიკურ, სავაჭრო და ტექნოლოგიურ რუკაზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სხვებზე სწრაფად დავიმკვიდროთ თავი საერთაშორისო ბაზარზე, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა. მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების შემოსვლა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ქვეყნის ეკონომიკაში და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.