წლის პირველ ნახევარში, თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასიც გაიზარდა.
ფასის მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა ახალ პროექტებში, ძველ ბინებზე კი თითქმის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდაა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ახალაშენებულ პრემიუმ და მედიუმ სეგმენტის ბინებზე. Colliers-ის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 22%-იანი ზრდა ფიქსირდება, 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ითაა გაზრდილი. Ამავე პერიოდში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,854 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 33%-ით, 980 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 95%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მედიუმ სეგმენტში ზრდის დაახლოებით 24%-იანი მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს წლის პირველ ნახევარში დეველოპერული პროექტების ჩაბარებას ან დასრულებას. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.