31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა 15-ს უტოლდება.
„ავერსის“ კლინიკაში, რომელსაც კოვიდპაცინეტებთან არც კი აქვს შეხება, ბოლო პერიოდია ინფიცირების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ინფექციონისტების თითქმის ყოველ გამოსვლაში სამედიცინო დაწესებულების ქსელში თითო დაინფიცირებული ექიმი ვლინდება.
უკავშირდება თუ არა „ავერსის“ კლასტერის ჩამოყალიბება არასათნადო უსაფრთხოების ზომებს, გულგრილ დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის მიმართ ან უხარისხო კონტროლის მექანიზმებს?! როგორ შეიძლება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ხშირად პაციენტის ბოლო იმედია, პერსონალი საკუთარ თავსა და სხვას უქმნიდეს საფრთხეს და სად არის ხარვეზი, რის გამოც დღეს 15 ით მეტი ინფიცირებული ექიმი გვყავს?
ფილიალში ინფიცირებული ექიმების ყოველდღიური მზარდი მაჩვენებლის გამო, „კომერსანტმა“ სწორედ ამ კითხვით მიმართა „ავერსს“, სადაც კატეგორიულად უარყოფენ უსაფრთხოების ნორმების რაიმე სახით დარღვევას და ამბობენ, რომ ყველა ქსელში რეგულაციები 100% ით დაცულია. თუმცა ციფრები სხვა რამეს ამბობენ!!
„ ქალბატონი მარინა ეზუგბაია გამოსულა და უთქვამს რომ ავერსის ქსელში გამოვლინდა შემთხვევები, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევები რუსთავის ფილიალს უკავშირდება და არანაირად სხვა რომელიმე ფილიალს. უთქვამს რომ არის 4 ინფიცირებული, მაგრამ არ არის სწორი ინფორმაცია ინფიცირებული არის ორი, რაც მე თვითონ გადავამოწმე.
დღეს არის ორი შემთხვევა და არა ოთხი, და ამაში დასამალი არაფერი არ არის.
სადეზინფექციო საშუალებები და დეზობარიერი და კონტროლის მექანიზმები აქ არაფერ შუაშია. რუსთავის კლინიკის შემთხვევებს იკვლევს ლუგარის ლაბორატორია და თვითონ დადებენ ალბათ დასკვნას.
ძალიან ბევრი პაციენტი დადის გარდაბნის რაიონიდან და მსგავსი პრობლემური სოფლებიდან.
ყველა ქსელში არის დაცული რეგულაციები და ეს არ ირღვევა. ამას ვამბობ 100% იანი გარანტიით . კონკრეტულ ადამიანზე კი ვერავინ ვერასოდეს დადებს თავს,“ - განმარტავს რუსთავის „ავერსის“ ფილიალის ეპიდემიოლოგი ეკა მამალაძე.