დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გუშინ დილით გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს გვაქვს 188 შემთხვევა. 14 ახალი შემთხვევიდან 5 ინფიცირებული ჩვენთან იმყოფება. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ჩვენთან უკვე მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 28 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, 5 იყო დადებითი, 3-ზე გაურკვეველი პასუხები მოვიდა და მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება, დანარჩენი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტი მკურნალობს, 1-ის მდგომარეობა კრიტიკულია, გუშინ დაგვემატა კიდევ 2 პაციენტი, რომელთაც მძიმე პნევმონია აქვთ. დღეს განმავლობაში ჩავატარებთ კიდევ ტესტირებას და თუ ვინმეს ორჯერ მოუვა უარყოფითი პასუხები და მათი ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მათ გავწერთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge