ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ერთმა კორპუსმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება გუშინ განაახლა.
როგორც ეზუგბაია განმარტავს, დაახლოებით, 3 კვირაში ფუნქციონირებას განახლებული ბოქსირებული განყოფილებაც დაიწყებს.
„ჩვენთან, როგორც იცით, ინფრასტრუქტურის გამართვის თვალსაზრისით სამუშაოები მიმდინარეობდა და მოგახსენეთ, რომ ეტაპობრივად დავიწყებდით პაციენტების მიღებას. გუშინ უკვე, დღის მეორე ნახევარში ორ კორპუსში აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ერთ კორპუსში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი ბაზა „კოვიდ 19“-ისთვის ბოქსირებული განყოფილება გახლავთ, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში ჯერ ინტენსიურად მიდის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ, 3 კვირაში საბოლოოდ მიწოდების ეს ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც შეუერთდება და გააგრძელებს „კოვიდ19“-ით პაციენტების მიღებას”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
IPN.GE