კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება და არა ვაქცინა- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, კრიტიკულად მძიმე და ისეთ მძიმე პაციენტებში, რომლებთანაც შედეგი ვერ იქნება მიღწეული, არის პეცენდენტი, როდესაც გამოჯანრთელებული პაციენტის პლაზმას იყენებენ.
„პლაზმა შეიცავს ასე ვთქვათ, ამ დაავადებასთან საბრძოლო ანტისხეულებს. ანუ ეს არ არის ვაქცინა, ეს არის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაადასტურა, როგორც ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ჩვენთანაც დაიწყო მუშაობა, რომ შეიქმნას ეს პრეპარატი და ის მძიმე შემთხვევების დროს გამოვიყენოთ“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge