ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის ვარაუდით, ვირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება, ამ დროს გვექნება შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა. შემდეგ დაიწყებს კლებას და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ მინიმალური შემთხვევები გვექნება“, - განაცხადა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, მთლიანი ინფიცირებულების ჯამი 1000-ს არ ასცდება და პიკის პერიოდში ყოველდღიური მატება 50-60-ზე მეტი არ იქნება.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge