ინდონეზიამ კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა ამ სახელწმიფოს პროგრამა სხვა ქვეყნების მიდგომისგან განსხვავდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველი ფაზის ფარგლებში, მედპერსონალის შემდეგ არა ასაკოვანი მოსახლეობა, არამედ 18-დან 59 წლამდე ასაკის მომუშავე მოქალაქეები აიცრებიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში კურსი ეკონომიკის სწრაფ გახსნაზე აქვთ აღებული. ესქპერტები აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომა ქვეყანას ჯოგური იმუნიტეტის სწრაფი მიღწევის საშუალებას მისცემს, რადგან სწორედ ამ ასაკოვანი ჯგუფის ადამიანები გადიან სახლიდან ყველაზე ხშირად.
პირველმა ვაქცინა ქვეყნის პრეზიდენტმა, 59 წლის ჯოკო ვიდოდომ მიიღო, 77 წლის ვიცე-პრეზიდენტი მარუფ ამინი კი აცრის გარეშე დარჩა, რადგან ასაკის პირობას არ აკმაყოფილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge