აპრილში, ბოლო წლების განმავლობაში იმპორტის მოცულობის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს იმპორტი 38.5%-ით შემცირდა და $458 მილიონი დოლარი შეადგინა (2019 წლის აპრილში $744.8 მილიონი იყო), ხოლო ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა და 223.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა (2019 წლის აპრილში $309.6 მილიონი იყო).
2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.