პირველ რიგში, ყველამ ნერვები უნდა დაიწყნაროს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას აწვდის.
„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან. ვინც კი ჩინეთში იყო, მიდიან ექიმთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ ასეთი პირი შემოვა, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება და იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.
Imedinews