ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.
შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო, თუმცა, სავარაუდოდ, დაფინანსების არარსებობის გამო მალევე შეწყდება.
ეს კლასიკური პრობლემაა, რომელშიც უკრაინა არაერთხელ აღმოჩენილა - სავალუტო ფონდმა დაფინანსება უკრაინას უკვე 2-ჯერ, წინა მთავრობების პერიოდში შეუწყვიტა. ბიუჯეტის დაფინანსებისთვის საკმარისი სახსრები არ იყო, შესაბამისად, სახელმწიფოს ყველა მიმართულებით ვალები დაუგროვდა, ამან კი დავალიანებების ჯაჭვი შექმნა. კომპანიებმა, რომლებმაც სატენდერო სამუშაოები შეასრულეს, ანაზღაურება ვერ მიიღეს, ამიტომაც თანამშრომლებს ხელფასები ვერ გადაუხადეს, უფულოდ დარჩენილმა თანამშრომლებმა ბანკების ვალები ვერ დაფარეს, და ა.შ.
საბიუჯეტო დეფიციტის გამო ამ პრობლემამ მასიური ხასიათი მიიღო და მისი აღმოფხვრა მოგვიანებით, იმის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სავალუტო ფონდმა ბოლოს და ბოლოს ოფიციალური კიევი დაინდო და დაფინანსება აღუდგინა.
შესაბამისად, დავალიანების ზრდაა ყველა მიმართულებით - ეს პირველი პრობლემა იქნება, რომელიც ეკონომიკას ყველა მხრიდან დაარტყამს. მაშინ, როდესაც ყველას ერთმანეთის ვალი აქვს - ეკონომიკის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია.
მეორე პრობლემა ისაა, რომ უკეთეს შემთხვევაში უკრაინა ახალ ტრანშს ივნისში მიიღებს, თანაც ესეც ნაკლებად სავარაუდოა, დღევანდელი მთავრობა არაქმედითუნარიანია და ვერაფერს შეცვლის, ახალი მთავრობის მოსვლას კი ახალი რევოლუცია სჭირდება. ახალი რევოლუცია კი, განსაკუთრებით კორონაკრიზისის პერიოდში, ქვეყანას საბოლოოდ დააქცევს.
შესაბამისად, 2021 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები უკვე ბიუჯეტის დაცულ პუნქტებში - ეს ისეთი საკითხებია, როგორც საბიუჯეტო სფეროს თანამშრომელთა ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული ტენდერები.
პრობლემები ამ დარგებში უკვე დაიწყო - ზოგიერთ მიმართულებაზე დაფინანსება უკვე მცირდება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ქვეყანა ცხოვრებას შეზღუდული დაფინანსების პირობებში იწყებს.
მესამე პრობლემაა გრივნას კურსი. დღეს არსებული სავალუტო რეზერვების მოცულობიდან გამომდინარე, მთავრობას და ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას 5-6 თვის მანძილზე შეძლებენ.
თუმცა, სხვა ფაქტორებიც არის - გააჩნია, რას გააკეთებენ ისინი აუცილებელი ხარჯების დაფარვისთვის. თუ ცენტრალური ბანკი საბიუჯეტო დეფიციტის ფარულად დაფინანსების პოლიტიკას დაიწყებს, ბანკებს რეფინანსირების სესხებს მისცემს, ისინი კი ამ ფულით სახელმწიფო ობლიგაციებს იყიდიან - ეს გრივნას კურსზე წნეხს გაზრდის.
ამ შემთხვევაში 2020 წელს ეროვნული ვალუტის კურსი მომავალი წლის პირველ კვარტალში გაუფასურებას კვლავ დაიწყებს.
ჯერ კიდევ ივნისში IMF-ის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ფონდს უკრაინასთან ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა დაფინანსების შეჩერება გამოიწვიოს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის მთავრობისგან ცენტრალურ ბანკზე ზეწოლის შეწყვეტას და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას მოითხოვდა.
ფონდის უკმაყოფილებას კი მთავრობის რეგულატორის საკადრო საკითხებში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში და სხვა საკითხებში ჩარევა იწვევდა.
წყარო: glavred.info
თენგიზ აბლოთია