საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ თუ ბანკების გადაწყვეტილებაში მთავრობა არ ჩარეულა, მაშინ საფინანსო ინსტიტუტები ადეკვატურად აფასებენ რისკებს და ხვდებიან, რომ შემდეგ 3 თვეში მაინც მოუწევდათ საშეღავათო ნაბიჯების გადადგმა.
„იმედია, ბანკების ეს გადაწყვეტილება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა აქ არ ჩაერია და ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბანკებს ყოველთვის აწყობთ მთავრობიდან სესხის აღება მაღალ საპროცენტო განაკვეთში, იმიტომ რომ ეს მათთვის მაღალი ლიკვიდური სესხია. თუ ეს მთავრობისგან ჩაურევლად მოხდა, უნდა ჩავთვალოთ რომ ისინი ადეკვატურად აფასებენ რისკებს და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. თავისთავად თუ ბანკებს აქვთ ეს რესურსი და იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რაც ერთგვარი სოლიდარული აქტია, შესაძლოა ეს მათი გათვლაც არის, რადგან ხვდებიან რომ ამ 3 თვეში ადამიანებს შეექმნათ მძიმე მდგომარეობა და მაინც მოუწიოთ მსგავსი საშეღავათო ნაბიჯების გადადგმა. სცენარი შეიძლება ბევრნაირი იყოს, ამიტომ თუ მთავრობა ჩაერია, მაშინ არასწორია რომ მივადგეთ ბანკებს და ვუთხრათ, კრედიტები გადაგვივადონ, რადგან დროთა განმავლობაში რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, საფინანსო ინსტიტუტებს მით უფრო დიდი საფრთხე შეექმნებათ. თუ ბანკების თავისუფალი გადაწყვეტილებაა და მთავრობა არ ჩარეულა, უნდა მივიჩნიოთ რომ ისინი რეალურ რისკებს აფასებენ“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან სესხებზე შეღავათების დაწესების საკითხს ძალიან სწორ და კარგ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, ბანკებს მოგება შეუმცირდეთ, მაგრამ, თუ ადამიანებს სესხების დაფარვის საშუალება არ ექნებათ, საფინანსო ინსტიტუტებს ისედაც შეუმცირდებათ მოგება. მოკლედ, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ ექნება“, - აღნიშნავს თემურ ბასილია.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ გუნდის მიერ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმის მიხედვით, ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.
ნინო თამაზაშვილი