გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) 43 ქვეყანაში 42 მილიონი მშიერი ადამიანის დახმარების გეგმა გამოაქვეყნა. WFP-მა, ასევე, მოუწოდა ამერიკული კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს, რომ შიმშილის წინააღმდეგ ბრძლას 6,6 მლრდ დოლარი შეწიროს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.
თავის მხრივ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზად არის, 6 მლრდ დოლარი დახარჯოს, თუ ეს დახმარება მსოფლიოს შიმშილისგან გადაარჩენს.
გაერო საკვებ პროდუქტებსა და მისი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით მიწოდებაზე 3,5 მლრდ დოლარს დახარჯავს. 2 მლრდ დოლარი დაიხარჯება ნაღდ ანგარიშსწორებასა და სასურსათო ვაუჩერებზე იქ, სადაც ბაზრების ფუნქციონირება არის შესაძლებელი. ამ ტიპის დახმარება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკვები პროდუქტები თავიანთი არჩევანის მიხედვით შეიძინონ. ასევე, ეს პროგრამა ადგილობრივ ეკონომიკებს დაეხმარება.
700 მლნ დოლარი თითოეულ ქვეყნაში, სადაც ხალხი შიმშილობს, სურსათისა და ვაუჩერების განაწილების პროგრამების განვითარებასა და გაფართოებაზე დაიხარჯება.
„ეს მოიცავს დამხმარე ოფისების მუშაობასა და მათ უსაფრთხოებას, ასევე, მონიტორინგის შედეგებს“, - ნათქვამია WFP-ის განცხადებაში.
400 მლნ დოლარი გლობალური და რეგიონული ოპერაციების მართვას, ადმინისტრირებასა და ანგარიშვალდებულებას მოხმარდება.
შარშან დეკემბერში WFP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბისლიმ განაცხადა, რომ 2021 წელს კაცობრიობა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგება და 270 მილიონი ადამიანი შესაძლოა, შიმშილით მოკვდეს. ნოემბერში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რიცხვი შესაძლოა, 130 მილიონით გაიზარდოს.
bpn.ge