Tesla-ს ბერლინის ქარხანა თავის პირველ სამუშაო საბჭოს 28 თებერვალს აირჩევს, რასაც გერმანიის უმსხვილესი პროფკავშირი, IG Metall აპროტესტებს. Reuters-ის ცნობით, პროფკავშირი მიიჩნევს, რომ მუშების მთლიანი კონტინგენტის დაქირავებამდე, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევა მეტად ადრეა.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla წარმოების დასაწყებად ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბოლოო თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება, ქარხნის 12 000-იანი პოტენციური პერსონალის საბჭოში 19 წევრს მაინც აირჩევენ.
IG Metall, რომელიც საავტომობილო და სხვა სამრეწველო სექტორის პროფკავშირს წარმოადგენს, შიშობს, რომ მუშების ფართო ჯგუფის დაქირავებამდე არჩეულ საბჭოში მხოლოდ მენეჯერები მოხვდებიან. გერმანიის შრომის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში მუშაობენ. არჩევნების შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროპორციით მონაწილეობს მუშახელი კენჭისყრაში, ხოლო ახალი არჩევნები მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს, თუკი სამუშაო ძალა 50%-ზე მეტად გაიზრდება.
„დღემდე დაქირავებული პერსონალი სამუშაო ძალას ჯერ არ წარმოადგენს, როგორიც ის წარმოების დაწყების ან სრული სიმძლავრით ამუშავების დროს იქნება,“ - აცხადებს IG Metall-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინ-ბრანდენბურგ-საქსონიაში, ბირგიტ დიტცე. Tesla-ს მეგაქარხანა სწორედ ამ მხარეში მდებარეობს.
აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი პროფკავშირთან ტრადიციულად დაპირისპირებულია. გასული წლის მარტში ის დაავალდებულეს, რომ 2018 წელს Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადება წაეშალა, რომლითაც მასკი ამერიკელ თანამშრომლებს აქციათა ოფციების ჩამორთმევით ემუქრება, თუ ისინი პროფკავშირს შექმნიდნენ.
BPN.GE