IG Development-ი ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილ შტაბბინას დაანგრევს. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, კომპანიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე დღის წინ მიმართა. რითეილ ბაზრის ლიდერ IG Development ახლა დემონტაჟთან ერთად მშენებლობის ნებართვას ელოდება.
არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე სადემონტაჟო სამუშაოთა პროექტია ატვირთული, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასაშლელია ათსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართით 33 641.35 კვ.მ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშლელ სამუშაოთა წარმართვა სასურველია კალათა საკიდიანი, მუხლუხა სავალიანი ამწეებით და ხელით. დაშლის სამუშაოებზე დამკვეთის მიერ დადგენილი გეგმიური ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს. აღნიშნულ პროექტს თან ექსპერტის დადებითი დასკვნა ახლავს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კომერსანტი 2021 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გარიგების შესახებ ექსკლუზიურად გიყვებოდათ. „თი ბი სი“ ბანკმა საკუთრებაში არსებული ობიექტი (უნივერსიტეტის ქ. #2), რომელიც მრავალი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, რითეილ ბაზრის ლიდერ „IG Development“-ს მიჰყიდა. უძრავი ქონება კომპანიამ ოფიციალურად 18 ივნისს გადაიფორმა.
IG Development“-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე "კომერსანტს" უყვებოდა, რომ ქონებასთან დაკავშირებით მასშტაბური გეგმები აქვს. ბიზნესმენი დედაქალაქის ცენტრში საუკეთესო პროექტს განხორციელებას გეგმავს. პროექტს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაეთმობა. 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით, „IG Development“-ი „residential“-სა და ბიზნეს ცენტრს ააშენებს. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სპა, ღია და დახურული აუზები, კორტები და პატარა ტყეც გაშენდება. რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილ ინტერვიუში მინდია საბანაძე ამბობდა, რომ ახლა არის ის მომენტი, როდესაც სიტუაცია რადიკალურად იცვლება. „IG Development“-ის დამფუძნებელს მიაჩნდა, რომ უახლოეს მომავალში ვითარება გამოსწორდება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყება. ბიზნესმენმა გვითხრა ისიც, რომ პროექტის განხორციელებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.
„ტერიტორია, 45 000 კვ. მეტრი სრულად შევისყიდეთ, ვფიქრობთ „residential“-ის და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას. დღევანდელი დეველოპერები ყოველთვის ცდილობენ კოეფიციენტი გაზარდონ, ჩვენ პირიქით, მინიჭებული კოეფიციენტის ათვისებაც არ გვინდა. იდეაში გვაქვს ორი მაღალი შენობის, ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელის აშენება, ასევე დაბალი განაშენიანების პატარ-პატარა შენობების განვითარება. მოეწყობა კონსოლიდირებული სარეკრეაციო სივრცე, დღეს ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ მათ მიერ განხორციელებულ პროექტს სარეკრეაციო სივრცე ექნება. ჩვენს კომპლექსში მიწის ზევით მანქანას ვერ დაინახავთ, რადგან მიწისქვეშა პარკინგი აშენდება. ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ფეხით სასეირნო ბილიკები იქნება, მოეწყობა ხელოვნური ტბა, ტყე, დაიდგმება ქანდაკებები, განათებები, კაფე-რესტორანი, სარკისებური წყლის სივრცე, რომელიც ჩანჩქერისებულად გადმოდის, მთლიანობაში ძალიან ლამაზი, აბსოლუტურად განსხვავებული სივრცის განაშენიანებაა დაგეგმილი. სპა, დახურული და ღია აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სალონი, კორტები - დღეს ქალაქის ცენტრში ასეთი სივრცე არ არის. კომპლექსს წინ ესაზღვრება ცენტრალური პარკი, რამაც პროექტის განხორციელების სურვილი გაგვიორმაგა და გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ“, - აცხადებდა „კომერსანტთან“ მინდია საბანაძე.
ასევე, გეტყვით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „თიბისი ბანკი“ ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავდა, სწორედ ამ მიზნით შეიძინა საფინანსო ინსტიტუტმა წლების წინ ეს უძრავი ქონება, თუმცა არჩევანი საბოლოოდ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ლისის ტბასთან, მთის ფერდობზე შეჩერდა.