არავინ იცის ეს აკრძალვა რამდენი ხანი გაგრძელდება - მუდმივად ჩაკეტილი ბავშვი, სახლში, ოთხ კედელში გამოკეტილი ბავშვი ძალიან დიდ რისკს ქმნის შემდგომში ემოციური და ფსიქოლოგიური დარღვევებისთვის. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვების იზოლირება არ ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ იზოლირებული 4 კედელში, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„აუცილებლად გაიყვანეთ ბავშვი გარეთ, აუცილებლად ისეირნეთ. ჩვენ შეზღუდვა გვაქვს ქმედებებზე და არა სეირნობაზე. გარეთ გამოყვანის შემთხვევაში რისკი დაავადების გადაცემის, კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე არ მდგომარეობს სუფთა ჰაერზე სეირნობაში, არამედ თუ ეს ბავშვი შეეხება რაიმე საგანს: ეს იქნება სკამი, საქანელა, მაგიდა და შემდეგ მოიკიდებს ამ ხელს თვალზე, ცხვირზე ან პირის ღრუში. ამიტომ ბავშვი თუ მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გავა სასეირნოდ, არანაირი შეზღუდვა ნამდვილად არ გაქვთ. რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს ბავშვმა გარეთ, რადგან გამოკეტვა შეიძლება შემდგომი სერიოზული პრობლემების საწყისი გახდეს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსითინფიცირებული 5 ბავშვია და ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge