იასე ზაუტაშვილი: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალ ქართულ ავიაკომპანიას ვიხილავთ

იასე ზაუტაშვილი: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალ ქართულ ავიაკომპანიას ვიხილავთ

access_time2016-01-26 18:30:09

ინტერვიუ ავიაკომპანია „აირზენას" ყოფილ გენერალურ დირექტორ იასე ზაუტაშვილთან


-„კომერსანტის" ინფორმაციით, „აირზენას" დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი და გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე რობერტ ოგანესიანი სომხეთში ახალ ავიაკომპანია„არმენიას" ქმნიან, რომლის დიდი ნაწილიც „აირზენას" პერსონალით დაკომპლექტდება. ასევე „არმენიას" სარგებლობაში გადავა „აირზენას" ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავები. ასეთ ვითარებაში რა ელოდება „აირზენას" და ზოგადად, ქართულ ავიაციას?


- ჩემი აზრით, სომხეთის ბაზარზე გადანაცვლება, სადაც დომინირებს რუსული ავიაკომპანიები და ფაქტობრივად, „აეროფლოტს" უჭირავს ბაზარი, „აირზენასთვის" რთული გამოწვევა. იქ, ავიაციის კუთხით, ადგილობრივ ბაზარზე აღარ არსებობს ეროვნული მოთამაშე. აქედან გამომდინარე, კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იქნება. თქვენ კარგად გახსოვთ, თუ რამხელა საფრთხეს შეიცავდა იგივე „აირზენასთვის" აქ რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა. მაშინ დიდი პროტესტი და დიდი წინააღმდეგობა იყო მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის რუსული ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე ძალიან პატარა წილს შეადგენდნენ. ის, რომ „აირზენას" დამფუძნებელმა გადაწყვიტა სომხეთის ბაზარზე გადასვლა, საკმაოდ გაბედული ნაბიჯია, თუმცა, გარკვეული გათვლები ალბათ გაკეთებული ექნება. ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სომხეთში აეროპორტის მოსაკრებლების და საწვავის ღირებულება გაცილებით მიმზიდველია.

 

- გამოდის, ავიაკომპანია „აირზენა" საქართველოს ბაზარზე აღარ იქნება?


- არ ვიცი. თუმცა, ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი რაოდენობა თანამშრომლებისა უხელფასო შვებულებაში მიდის, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ კვირას შესრულდა ბოლო რეისი ვენის მიმართულებით და იქიდან გამომდინარე, რომ „აირზენას" არცერთი ევროპული რეისი აღარ ექნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანია ფაქტობრივად გამოდის ევროპის სეგმენტიდან. ეს კომპანიის სერიოზულ ფინანსურ კრიზისზე მეტყველებს. წინასწარ გაკეთებული ანალიზით, ალბათ დამფუძნებელს ამ კომპანიის ან კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა სურს, ან ქართული ბაზრიდან საერთოდ გასვლა.


ზოგადად, ერთი კი არა, რამდენიმე ქართული ავიაკომპანიაა, რომელსაც ფრენის უფლება აქვს. მათ შესაბამისი ტექნიკური და საკადრო აღჭურვილობა გააჩნიათ იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყონ. ჩემი აზრით, ნიშა, რასაც ჰქვია ეროვნული ავიაცია, ცარიელი არ დარჩება. ქართული ავიაკომპანიის („აირზენას") ხვედრითი წილი ბაზარზე იყო დახლოებით 9 პროცენტი. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და ჩვენ გავხდით „აირზენას" ბაზრიდან გასვლის მოწმენი, ამ 9 პროცენტს უცებ შთანთქამენ თურქული ან რუსული ავიაკომპანიები. ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში აუცილებელი იქნება, რომ ეს ნიშა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიკავოს. ამის სურვილი ნამდვილად იქნება.


- „აირზენას" გარდა, რომელ ქართულ ავიაკომპანიას აქვს ფრენის უფლება, რომელ ავიაკომპანიებს გულისხმობთ?


- სახელები არ ვიცი. როგორც მახსოვს და ვიცი, არსებობს რამოდენიმე ქართული ავიაკომპანია. დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს იმაზე, თუ ვინ აპირებს შემოსვლას, თუმცა, მგონია, რომ ეს ნიშა აუთვისებელი არ დარჩება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალ ქართულ ავიაკომპანიას ვიხილავთ.


- 2015 წლის ივნისში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიებისთვის პრეფერენციული რეჟიმის დაწესებაზე სამინისტრო იფიქრებდა. მიუხედავად ამ განცხადებისა, დაპირება დღემდე არ შესრულებულა. დღეს კვირიკაშვილი პრემიერია, თქვენი აზრით, ქართულ ავიაბაზარზე მისი პრემიერობის პერიოდში შეიცვლება რამე?



- გიორგი კვირიკაშვილს ძალიან კარგად ესმის ეს სფერო და ძალიან ღრმად არის ჩახედული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის გეგმებში არის ის, რომ გარკვეული ხელშეწყობის და განვითარების გეგმები წარმოადგინონ ეროვნული ავიაკომპანიების გვერდში დგომის კუთხით. აქ იგულისხმება პირველ რიგში ის, რომ ამხელა კონკურენციის და ტრანსნაციონალური, მონსტრი ავიაკომპანიების პირობებში არ მოხდეს ეროვნული ავიაკომპანიების „დაჩაგვრა". თუმცა, ამავე დროს, არ უნდა იყოს დარღვეული ჯანსაღი კონკურენციის პირობები და ზედმეტი პრეფერენციები არცერთ ავიაკომპანიას არ უნდა მიეცეს.


მე კარგად მახსოვს პოზიცია, რომელიც რუსული ავიაკომპანიების შემოსვლას ეხებოდა. მაშინ პოზიცია იყო შემდეგი, რომ საქართველოს მხარე მზად იყო მოსკოვის მიმართულებით 14-14 სიხშირეზე მოლაპარაკების წარმართვას. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მაშინდელი დაჟინებული მოთხოვნა, რომ ფრენები ყოფილიყო არაუმეტეს 10 სიხშირისა, იყო დიდი შეცდომა „აირზენას" მხრიდან. ეს იმიტომ, რომ 14 სიხშირეზე არ დათანხმების პირობებში ჩვენ ვერ გავუძელით უდიდეს კონკურენციას და აქტივობას, რომელი აქტივობითაც მაშინ „აეროფლოტი" შემოვიდა. მაშინ ჩვენ რუსეთის მიმართულებაზე ბილეთების გაიაფებაც კი მოგვიწია და ის 14 სიხშირე უკვე გაიზარდა 18 სიხშირემდე და 21 სიხშირემდეც კი ავიდა. ყველა ნორმა დაირღვა და დავდექით იმის წინაშე, რომ მოსკოვის მიმართულებით დღეში 5 -6 რეისი დაფრინავდა. ჩვენ კი შეგვეძლო, რომ მოლაპარაკებებში აქტიური ჩართვით და ხელისუფლების მხარდაჭერით (რომელსაც მაშინდელი ეკონომიკის სამინისტრო გამოხატავდა), მიგვეღწია, რომ რუსეთის მიმართულებაზე 14 სიხშირე შეგვენარჩუნებინა.



- მაშინ თქვენ საუბრობდით, რომ 14 და მეტი სიხშირე ავიაკომპანია „აირზენასთვის" წამგებიანი იქნებოდა და ის გაკოტრდებოდა. ახლა რატომ თვლით, რომ 14 სიხშირით უნდა გეფრინათ?


- ანალიზს ამ გადმოსახედიდან ვაკეთებ. 14 სიხშირით ისედაც და ასედაც მაინც მოგვიწია ფრენა. ეგ კი არა, 18 სიხშირითაც კი ვიფრინეთ და ეს რეისი კომპანიისთვის მაინც ძირითად ლოკომოტივს წარმოადგენდა. ძირითადი ღერძი სწორედ, რომ რუსეთის მიმართულებები იყო. გარდა ამისა, ხელისუფლების იმჟამინდელი გადაწყვეტილების ბენეფიტი იყო ის, რომ ქართულ ქართულ ავიაკომპანიებს გაეხსნა ფანჯარა რუსეთის ფედრაციის სხვა ქალაქებში. იგივე პეტერბურგის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ კარგი რეისი გამოდგა. საკმაოდ წარმატებული იყო სამარის მიმართულება, დავფრინავდით როსტოვშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 14/14 სიხშირის შენარჩუნების და სხვა ქალაქების ათვისების შემთხვევაში, რასაკვირველია პროექტი გამართლებული იქნებოდა. შედეგად, „აირზენასგან" მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით10 სიხშირის მოთხოვნა თავის აზრს კარგავდა.


რაც შეეხება ხელშეწყობას და პრეფერენციებს, მაშინ საუბარი იყო, რომ ქართული ავიაკომპანიებისთვის ზაფხულის პერიოდში ჩარტერულ რეისებთან მიმართებაში გარკვეული პრეფერენციების და საშეღავათო რეჟიმიდაწესებულიყო. ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან იყო ისეთი წინადადება, რომ ბიუროკრატიულ აპარატს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ვინც რეგულარულად დაფრინავდა საზღვარგარეთ, უპირატესობა ეროვნული ავიაკომპანიისთვის მიენიჭებინათ. თუ, რა თქმა უნდა, ეს ავიაკომპანია მგზავრებს კომფორტს შეუქმნიდა. მაგალითად, ნებისმიერ დღეს მგზავრს ჰქონოდა საშუალება გადაფრენილიყო ვენის გავლით ბრიუსელში, ვენის გავლით - კოპენჰაგენში, ამსტერდამის გავლით მოხვედრილიყო აშშ-ში. ამ წინადადების საპასუხოდ ქართულ ავიაკომპანიასაც თავისი დღის წესრიგი და განრიგი ისე უნდა აეწყო, რომ მაგალითად, ვენის ერისი ყოფილიყო არა კვირაში 2-ჯერ, არამედ, კვირაში მინიმუმ 5-ჯერ. მაშინ აირზენამ ამ წინადადებაზე უარი თქვა და მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ესეც შეცდომა იყო.


- რატომ უთხარით უარი?

 

- დამფუძნებელმა არ ისურვა ევროპული რეისების სიხშირეების გაზრდა.მგზავრს კვირაში ორჯერ ასეთ კომფორტს ვერ შევუქმნიდით. რომ არ გვეთქვა უარი და ჩვენ შეგვძლებოდა იმ მგზავრების წამოყვანა და სერვისის შექმნა, შეიძლება ასეთ კრიზისულ ვითარებაში დღეს ავიაკომპანია არ აღმოჩენილიყო. პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად იცის ეს სფერო, გამომდინარე იქიდან, რომ ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრიც ღრმად არის ჩახედული ამ პრობლემატიკაში, მათ მიერ სწორად იქნება აქცენტები დასმული, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ საავიაციო ბაზარზე ქართული ავიაკომპანიებისთვის განვითარების საშუალების მიცემას.


- მსოფლიოში იაფდება ნავთობი. ამის პარალელურად იაფდება ავიასაწვავიც. თუმცა, არ იაფდება ბილეთები. რატომ არ აისახა ბილეთების ფასზე მსოფლიო ტენდენცია?


- გეთანხმებით იმაში, რომ ბილეთის კომპონენტში, დაახლოებით 37 პროცენტს შეადგენს საავიაციო საწვავის ღირებულება. დაახლოებით 2 წლის წინ, ავიაკომპანია 3-ჯერ ძვირად ყიდულობდა საავიაციო საწვავს, ვიდრე დღეს ყიდულობს. ზოგადად, ტენდენცია და რეალობა ის არის, რომ საავიაციო საწვავის კომპონენტი ძალიან გაიაფდა ქართულ და მსოფლიო ბაზარზე. ბილეთის ფასის მეორე კომპონენტი არის აეროპორტის მოსაკრებელი, ეს არ გაიაფებულა და ისევ ისეთივე ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, საწვავის გაიაფება მაინც იძლევა საშუალებას, რომ უფრო მეტად მოქნილი გავხადოთ ბილეთის ღირებულება, მითუმეტეს, არსებული კონკურენციის პირობებში. იგივე ბაზრიდან გასვლას და რეისებიდან გამოსვლას უფრო მეტად ჯობს მისაღები ფასის დაწესება.


- დღეს ავიასაწვავის გაიაფება, ბილეთების დაახლოებით რამდენი პროცენტით გაიაფების საშუალებას იძლევა?


- თუ საშუალოდ ავიღებთ ევროპის ნებისმიერ მიმართულებას, ბილეთის ფასი 330- 350 ევროს ფარგლებში უნდა მერყეობდეს.


- მსოფლიოში არის რომელიმე ავიაკომპანია, ვინც ავიასაწვავის გაიაფების გამო მგზავრობის ღირებულება გააიაფა?


- კი არის ასეთი ავიაკომპანიები, მაგალითად, ერთერთ კომპანიის მეშვეობით ჩემმა მეგობარმა ამერიკაში ბილეთი კოპენჰაგენის გავლი აიღო 420 ევროდ, რაც ძალიან დაბალი ფასია. ადრე, „ყატარის ავიახაზების" შემთხვევაში ეს ბილეთი 700 ევროზე დაბლა არ ჩამოდიოდა, ჩვენს ჩემთხვევაში კი ამსტერდამის გავლით 800 -900 ევრო იყო. თურქეთის ავიახაზები 800-1000 ევროს ითხოვდა. დღეს კონკურენციის პირობებში ავიაკომპანიებს მიეცათ საშუალება, რომ მგზავრებს უფრო მეტად მოქნილი ფასები შესთავაზონ.

 

- საერთაშორისო ბაზარზე ქართველი მფრინავები კონკურენტუნარიანები არიან?


- ეს ის თემაა, რომელიც ქვეყნის და სფეროს დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს. ჩვენ ძალიან პროფესიონალი მფრინავები გვყავს. მათი კვალიფიკაციის, ცოდნის და პროფესიონალიზმის შესახებ არანაირი ორმაგი აზრი არ არსებობს არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროპაშიც კი. ამის თვითმხილველი მეც ვარ. პირიქით, ძალიან ბევრი უცხოური ავიაკომპანია სერიოზულ წინადადებებს აძლევს დღემდე, თუმცა ძალიან ბევრისთვის პრესტიჟის და სიამაყის საკითხია ემსახურებოდნენ ქართულ ეროვნულ ავიაციას და თავისი სამუშაო გამოცდილება გაუზიარონ დამწყებ პილოტებსა და ინჟინრებს.


 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up