იაპონიის კუნძულ ჰონსიუსთან, ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა და ზღვაში ჩავარდა ორი სამხედრო თვითმფრინავი, KC-130 და F/A-18. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობის ინფორმაციით, თვითმფრინავებში სულ 7 სამხედრო იმყოფებოდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ორი მათგანი იაპონიის საზღვაო ძალების მაშველებმა გადაარჩინეს, დანარჩენების ძებნა გრძელდება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავები, რომლებიც იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე დისლოცირებული ამერიკული ბაზის აეროდრომიდან აფრინდნენ, წინასწარ დაგეგმილ სასწავლო ფრენას ახორციელებდნენ. მათი შეჯახების მიზეზს პენტაგონი ჯერჯერობით არ ასახელებს.