იაპონიაში გამართული 2019 წლის პლანეტის პირველობა რაგბის მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა.
ამ ტურნირმა ქვეყნის ეკონომიკას 4.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მოუტანა. მსოფლიო თასის პერიოდში იაპონიას 242 ათასი ტურისტი ესტუმრა, რომლებიც საშუალოდ 17 დღე რჩებოდნენ, რამაც ამომავალი მზის ქვეყნის ტურიზმს და ეკონომიკას დიდი სარგებელი მოუტანა.
შეიქმნა 46 ათასი სამუშაო ადგილი, ტურნირის ორგანიზებაში ჩართული იყო 13 ათასი მოხალისე, რომელთა უმეტესობა ასევე მონაწილეობას მიიღებს ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზებაში. ტურნირი 44 დღეს გაგრძელდა, თორმეტმა ქალაქმა უმასპინძლა და მატჩებზე დასასწრები 1.83 მილიონი ბილეთი გაიყიდა.
45 ჩატარებულ შეხვედრაზე ტრიბუნების 99% ყოველთვის სავსე იყო. გარდა ამისა, ფანზონებში 1.13 მილიონ ადამიანზე მეტმა უყურა მატჩებს 2019 წლის მსოფლიო თასმა რეკორდი მოხსნა მსოფლიოს მასშტაბით ყურებადობის მხრივაც. ტელევიზიების საშუალებით, გასული პლანეტის პირველობა 857 მილიონ გულშემატკივარზე მეტმა ნახა.
Imedinews.ge