იაპონიის თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქ ტოკიოს ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ცენტრი, რომლის მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაა, მაისში გაიხსნება და მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში მოემსახურება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება ყოველდღიურად.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ უწყებას ცენტრის 24 მაისამდე გახსნა დაავალა.
იაპონიამ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარე თვეში დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში მცხოვრები 126 მილიონამდე ადამიანის დაახლოებით 1.5 %-ია აცრილი. ჯერჯერობით ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს, თუმცა მომავალ თვეში იაპონიის მარეგულირებლებმა „მოდერნას“ ვაქცინის შესახებაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დამტკიცების პროცესშია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების საკითხიც. იაპონიის მთავრობას „მოდერნას“ ვაქცინის 50 მილიონი და „ასტრაზენეკას“ 120 მილიონი დოზა აქვს შეძენილი.
IPN.GE