2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 713.0 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების საქონელი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 71.2%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ადგილობრივი ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლების თანახმად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და 713.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (131.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (113.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (111.3 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება ადგილობრივ საქონელს, რომელიც ექსპორტზე გავიდა, იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 215.7 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 55.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.8 პროცენტი).