22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.
კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?
2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო, თუმცა, ამან პუტინს რეპრესიული კანონების შემოღებაში, უშიშროების სამსახურის გაძლიერებაში და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაში ხელი ვერ შეუშალა.
რა უნდა მოიმოქმედოს ამ ვითარებაში ევროპამ? იქნება თუ არა მიზანშეწონილი კიდევ უფრო რადიკალური სანქციების მიღება, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. მაგალითად, ევროპულ კაპიტალთან რუსული კომპანიების და ბანკებისთვის წვდომის დახურვა, სანქციები ნავთობ-გაზის ინდუსტრიის წინაამღეგ, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შეჩერება?
ეს საკამათო საკითხია ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსულ ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული და ამ დარგში თანამშრომლობის შეწყვეტა რუსეთზე მეტად თავად ამ ქვეყნებს დააზარალებს.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, გერმანია რუსეთთან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ფარგლებში თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს.
მეორე - ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის წინაამღდეგ ერთიან ნაბიჯებზე ვერ შეთანხმდებიან თუ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნებში მკაცრ სანქციებს მხარს დაუჭერენ, საფრანგეთი და გერმანია იტყვის „ნუ უბიძგებთ რუსეთს ჩინეთისკენ“.
აქედან გამომდინარე, რუსეთთან მიმართებაში ყველაზე პერსპექტიული სტრატეგიაა დამისამართებული სანქციები და ამავე დროს თანამშრომლობა ურთიერთმომგებიან მიმართულებებზე.
სწორედ ამიტომ, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების საპასუხოდ ევროკავშირმა საკმაოდ სუსტი სანქციები მიიღო, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანს შეეხო და მთლიანობაში პუტინის ვერტიკალს არანაირი ზიანი არ მიაყენა.
ეს მაშინ, როდესაც თავად ნავალნის აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა სანქციების დაწესება პუტინის ახლო წრეში შემავალი ოლიგარქების წინაამღდეგ.
ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ნორმების დარღვევის გამო რუსეთის წინაამღდეგ სანქციების შემოღება აუცილებელია, თუმცა, ამან ისეთ საკითხებში, როგორც ბირთვული შეიარაღების კონტროლი, მოლაპარაკებები ირანთან, უსაფრთხოება ევროპაში, და ა.შ. თანამშრომლობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
თანაც ევროკავშირმა ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ ხედავს სხვაობას კრემლსა და რუსულ საზოგადოებას შორის.
რუსული პროპაგანდის ანტიდასავლურ რიტორიკას ევროპამ სამოქალაქო საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაუპირისპიროს. ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ რუსების უმრავლესობა დასავლეთთან კონფრონტაციამ დაღალა და ისინი ამერიკას მტრად არ მიიჩნევენ.
კულტურული, მეცნიერული, სპორტული და ახალგაზრდული გაცვლა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ არ უნდა შესუსტდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს.
დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, უფრო რთული ამოცანა, თუმცა, ის წინსვლის ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა.
წყარო: huffingtonpost.fr