„Hualing international special economic zone“ თბილისის ზღვაზე პრემიუმ კლასის ვილებს აშენებს. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ტერიტორიაზე ჯამში 51 ვილა აშენდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეთანხმებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა რომლის მიხედვითაც საპროექტო ტერიტორია ცალკეულ მიწის ნაკვეთებად დაიყო. არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ერთი მიწის ნაკვეთის ფართობი 549 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 255 კვ.მ, ხოლო საცხოვრებელი ფართობი კი 271 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 39 კვ.მეტრია. აღნიშნული შენობა სამ სართულიანია სარდაფით, მესამე სართული ტერასას წარმოადგენს, რომელზეც შიდა კიბით მოხვდებით. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მშენებლობის ვადა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის აგვისტომდე განისაზღვრა.
არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული განმარტებით ბარათში წერია, რომ სარდაფის სართულზე განთავსებულია სატრენაჟორო და მრავალფუნქციური ოთახი, შიდა კიბით პირველ სართულზე მოხვდებით, სადაც განლაგებულია: მისაღები, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი, ხოლო მეორე სართულზე: საძინებლები, კაბინეტი, მისაღები და აბაზანა.
როგორც „კომერსანტს“„Hualing international special economic zone“- ში განუცხადეს ვილების გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა. ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ რა იქნება კვ.მ -ის ღირებულება საცხოვრებელ სახლებში. პასუხები ჩვენ ვერ იმ კითხვაზე მივიღეთ თუ რა თანხას შეადგენს პროექტის ღირებულება და რა უპირატესობები ექნება ახალ პრემიუმ საცხოვრებელ უბანს. დამატებითი დეტალების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია კომპანიაში უახლოეს მომავალში ექნებათ.
ბაჩო ადამია