საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალური სექტორი ერთ წერილს ერთსულოვნად აწერს ხელს, მათ ნაწილს დაკარგული აქვთ იმედი, რომ არსებული უმძიმესი სიტუაცია შეიცვლება:
გიორგი გრიგოლია- საქართველოს რეანიმაციის და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ განყოფილების ხელმძღვანელი
„თავიდან 520-ე დადგენილების გადავადებას ვითხოვდით რადგან ეს იყო ნაადრევი, გაუაზრებელი და შეუფარდებელი იმ სერვისების,რომელსაც ჩვენ პაციენტებს ვაწვდიდით. სამწუხაროდ, გადავადებაზე უარი გვითხრეს, პრემიერმა დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს არსებული შეუთავსებლობის შესწავლა, თუმცა, ეს პროცესი გრძელდება სამი თვეა და მინდა გითხრათ, არანაირი შედეგი არ გვაქვს. ამიტომ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ჩემი მოლოდინები იანვრის ბოლოს დამთავრდა. მე ვფიქრობ, რომ ამ სამინისტროს მესვეურების ხელში და ამ მთავრობის ხელში ეს არის არა პერსპექტიული საქმე და ამიტომ მე შევწყვიტე აქტიური ურთიერთობა სამინისტროსთან. შექმნილი ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, შედარებით ოპტიმისტურად განწყობილი კოლეგები აგრძელებენ მუშაობას. მეც მათთან ერთად ვარ, თუმცა, არა სამინისტროში, არამედ ცალკე. მინისტრი, რომ არ გვხვდება ეს ფაქტია, ერთხელ შეგვხვდა, ისიც ძალით მოიყვანა პრემიერ-მინისტრმა. საკითხზე მუშაობს მისი მოადგილე თამარ გაბუნია და ეკონომისტები, ვისთანაც ძალიან გაგვიძნელდება სპეციალისტებს მუშაობა. მათ რა დავალებასაც მისცემენ იმას ითვლიან, სამედიცინო ნიუანსებს არ ითვალისწინებენ “
კახაბერ ეცადაშვილი - „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი
„3 თვე გავიდა 520-ე დადგენილებიდან და არანაირი ძვრა არ არის იმ პრობლემებზე,რომელზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, რომელზეც შეგვპირდნენ რომ გამოსწორდებოდა. ყველაფერი იგივეა. ბევრის არაფრის იმედი არ გვაქვს , ვერაფერს ვაკეთებთ და ალბათ ასე გავაგრძელებთ“
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის უარყოფით შედეგებზე ჰოსპიტალური სექტორი თავიდანვე საუბრობდა და დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და შედეგად, პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდნენ.
ბაჩო ადამია