ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ტელეკორპორაცია RTHK ავრცელებს.
კერძოდ 2020 წლის 8 მაისიდან გაიხსნება ბარები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები, სილამაზის და მასაჟის სალონები. ტელეკომპანიის ინფორმაციით გარკვეული შეზღუდვები 21 მაისამდე შენარჩუნდება. 27 მაისიდან კი გაიხსნება სკოლები, დაბალი კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 8 ივნისიდან დაბრუნდებიან. საბავშვო ბაღების მუშაობა კი 15 ივნისიდან აღდგება.
ასევე ჰონგ-კონგის მცხოვრებლები 8 მაისიდან შეძლებენ შეკრებას. თუმცა ჯგუფი 8 ადამიანზე მეტისგან არ უნდა შედგებოდეს. მანამდე მხოლოდ 4 ადამიანის შეკრება იყო დაშვებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge