მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის მაღაზია H&M რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ორშაბათს 18 ივლისს გაავრცელა. „როიტერის“ ინფორმაციით H&M - მა გადაწყვიტა, რომ თავისი ბიზნესი რუსეთში სამუდამოდ შეწყვიტოს და შეუერთდეს იმ კომპანიების გრძელ სიას, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარს ტოვებენ. H&M Group-ი რუსეთში 2009 წლიდან მუშაობდა.
კომპანიამ, რომელიც H&M-ის გარდა ბრენდებს COS, Monki, & Other Stories და სხვებს ფლობს, რუსეთში გაყიდვები 2 მარტს შეაჩერა.
„ამჟამინდელი საოპერაციო გამოწვევებისა და არაპროგნოზირებადი მომავლის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ბიზნესის დახურვის პროცედურები დაიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი H&M-ის რიგით მეექვსე უმსხვილესი ბაზარი იყო.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება, ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ზეგავლენას პირველ რიგში ჩვენ კოლეგებზე მოახდენს და დაახლოებით 6000 თანამშრომელი დაზარალდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ბიზნესის ლიკვიდაცია კომპანიას სავარაუდოდ 191 მილიონი დოლარი დაუჯდება.
H&M-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰელენა ჰელმერსონმა თქვა, რომ H&M რუსეთში დროებით გახსნის მაღაზიებს, რათა დარჩენილი პროდუქცია გაყიდოს.
მანამდე დარჩენილი პროდუქცია გაყიდა ავეჯის შვედურმა გიგანტმა IKEA- მ, გაყიდვები მხოლოდ ქსელის საშუალებით ხდებოდა, რის გამოც პროდუქციის შეძენა, მხოლოდ თანამშრომლებმა შეძლეს. IKEA რუსეთში 22 წელი ოპერირებდა
H&M 1947 წელს შვედეთში დაარსდა. ახლა ის არის ტანსაცმლის სიდიდით მეორე მსოფლიო საცალო სავაჭრო ქსელია, ესპანური კორპორაცია Inditex-ის შემდეგ.
H&M Group რუსეთში 2009 წლიდან მუშაობს. მას ჰქონდა დაახლოებით 160 მაღაზია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვებმა, კომპანიის ანგარიშის მიხედვით, შეადგინა დაახლოებით 20 მილიონი დოლარი - მეტი, ვიდრე ჩინეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში, წერს RBC.