ქვეყანა წლიურად 600 მლნ დოლარს კარგავს - რატომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას საქართველოში?

ქვეყანა წლიურად 600 მლნ დოლარს კარგავს - რატომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას საქართველოში?

access_time2021-03-11 10:00:55

რიონის ხეობაში 130 დღეზე მეტია რაც ნამახვანჰესის მშენებლობას კარვებში აპროტესტებენ. აქტივისტების განცხადებით მიწისძვრის შემთხვევაში კაშხალი ჩამოინგრევა და ქუთაისს 34 მეტრიანი ტალღა წალეკავს. ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის ასევე მიუღებელია ტყის დატბორვა და მიკროკლიმატის ცვლილება. მთავრობაში, სადაც საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ნამახვანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის. მხარეებმა ბოლო პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობა აღიარეს. სახელმწიფომ ჯერ ვებსივრცეში 17 გვერდიანი კითხვა-პასუხი განათავსა, შემდეგ რიონის ხეობაში, სადაც კარვებში ადამიანები ჰესის მშენებლობას  აპროტესტებენ, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ჩავიდნენ, ბოლოს კი იგივე მინისტრები, იმავე თემაზე სასაუბროდ პარლამენტში გამოცხადდნენ.


ნამახვანი პირველი ჰესი არაა, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების, „ძირძველი მიწა-წყლის დაცვის“ მოტივით ან რაიმე სხვა მიზეზით აპროტესტებს. რეალობა კი ისაა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გენერაციაზე სწრაფად იზრდება, რაც არსებულ დეფიციტს აფართოვებს.


2010-2020 წლებში საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავება 11%-ით, მოხმარება კი 4-ჯერ უფრო სწრაფად - 44%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში 625%-ით 1.610 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა იმპორტის საჭიროებაც. ფულად გამოხატულებაში დეფიციტმა ბოლო 10 წელიწადში $291 მლნ შეადგინა, საიდანაც 229 მლნ ბოლო 5 წელიწადზე მოდის.


2010 წლის შემდეგ საქართველოში დარიალჰესი, ფარავანჰესი, შუახევჰესი, ლარსიჰესი, ხელვაჩაურჰესი, მესტიაჭალაჰესი, კირნათიჰესი და კიდევ რამდენიმე მცირე სიმძლავრის დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მათ 2020 წელს ჯამში 1.5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ამ ჰესების გარდა ასევე აშენდა გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურები, გასულ წელს მათ 2 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის გენერირება შეძლეს. იმავე პერიოდში დაიწყო ქარის ენერგიის ათვისებაც. გორის ქარის ელექტროსადგურს წლიურად 85-90 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავებას ახერხებს.


10 წლის მანძილზე სისტემაში ჩართული ახალი სიმძლავრეების რესურსი უფრო მეტია, ვიდრე გამომუშავებული ელექტროენერგიის ნამატი, მაგრამ ერთის მხრივ ძველი არაენრგოეფექტური თბოსადგურების წილის შემცირებისა და მეორეს მხრივ არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, რამაც ჰესები გენერაცია შემცირა, 2010 წელს ენგურჰესმა 4.3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2020 წელს მხოლოდ 2.7 მლრდ კვტ/სთ, საერთო ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, 2019 წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა კიდეც. 2019 წელს ასევე არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო 2.3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. 20%-იანი ვარდნა 2021 წლის იანვარშიც გაგრძელდა, რაც არაიმდენად ენგურჰესის გაჩერებას, არამედ თბოსადგურების წილის შემცირებას უკავშირდება, თუმცა მათ დასაბალანსებლად იმპორტი 91%-ით გაიზარდა. პანდემიის გამო იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა, თბოსადგურებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის ფასი კი არა. 2020 წლის იანვარში საქართველომ 214 მლნ კვტ/სთ-ის იმპორტში $10.9 მლნ გადაიხადა, ანუ კილოვატზე 5.1 ცენტი, 2021 წლის იანვარში 414 მლნ კვტ სთ-ში - $10.4 მლნ, კილოვატზე - 2.5 ცენტი. ფასების ვარდნა დროებითია და მოთხოვნის გაზრდისთანავე დაკორექტირდება. ეკონომიკის აღდგენასთან ერთად მოთხოვნა გაიზრდება საქართველოშიც და იმ შემთხვევაში თუ არ გაიზარდა გენერაციის ობიექტებიც, გაიზრდება მეზობლებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.


საქართველოში ჰესებთან ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. 80-იან წლებში ხუდონჰესის მშენებლობას ეროვნული მოძრაობა დაუპირისპირდა. „არაჰესების“ აქტივისტები დღეს ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალისწინებენ. 80-იან წლებში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ხუდონჰესი საბჭოთა ეკონომიკისთვის შენდებოდა. 35 წლის წინ, მსოფლიომ მართალია უკვე იცოდა გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ, მაგრამ არა ამ დოზით. გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად პირველი სამიტი რიოში 1992 წელს გაიმართა, სადაც არსებითს ვერაფერს მიაღწიეს, უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ზოგადი იყო 1997 წლის „კიოტოს პროტოკოლიც.“ კონკრეტული ვალდებულებები, სახელმწიფოებმა და ქალაქებმა 2008 წლის „მერების შეთანხმებაზე,“ 2009 წლის კოპენჰაგენის სამიტსა და 2015 წლის „პარიზის კლიმატის შეთანხმების“ საფუძველზე აიღეს.


თავისი უარყოფითი მხარეები ცხადია ჰესსაც გააჩნია, რაც ძირითადად მიკროკლიმატის ცვლილებით გამოიხატება, მაგრამ გარემოს წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად, ბევრად უფრო მეტად თბოსადგურები აზიანებენ. ქართველი ეკოლოგები მათ მშენებლობას რატომღაც არ აპროტესტებენ, ან აპროტესტებენ, მაგრამ პროტესტის მასშტაბი ჰესებთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა.


აქტივისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ გიგანტურ წყალსაცავიან ჰესებს უპირისპირდებიან, თორემ პატარა ჰესების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ჰესების შემთხვევაში არითმეტიკული ჯამი ერთ მთელს არ უდრის. წყალსაცავიანი, გარდა იმისა რომ დიდი მოცულობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ასევე ქმნის სტაბილურობის გარანტიას. ეკონომიკურად მომგებიანი ქარის ენერგიის პოტენციალი 1350 მეგავატია, მზის - 500. მათ ჯამში 4 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეუძლიათ, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებისთვის მარეგულირებლიანი სადგურების არსებობაა აუცილებელი. მზე გარდა იმისა, რომ ღამე არ ანათებს, მისი სადგურის სიმძლავრე დღის განმავლობაში ღრუბლიანობის ცვალებადობის დროსაც იცვლება, რაც ქსელში პრობლემებს ქმნის. თუმცა დაპირისპირების საგანი, მხოლოდ დიდი ჰესები არ არის. 2019 წლის აპრილში პანკისში სულ რაღაც 5.4 მეგავატი სიმძლავრის „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყებას დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბისა და აქციებზე სროლის შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაზიანდა პოლიციის ავტომობილები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი. საბოლოოდ სახელმწიფომ უკან დაიხია და ჰესი არ აშენდა.


მშენებარე და ასაშენებელი ჰესებიდან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ხუდონჰესს ხვდება. მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ 184 ოჯახს გასახლება უწევს, ასევე იტბორება 584 საფლავი და ეკლესია. საპროექტო წინადადება 1978 წელს, პროექტი კი 1984 წელს დამტკიცდა. საბოლოო დამტკიცებამდე, მშენებლობისთვის 687 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გამოიყო. 5 წლის განმავლობაში შეჩერებამდე ჰესის მშენებლობაზე ამჟამინდელი კურსი $185 მლნ დაიხარჯა. ასაშენებელი ჰესებიდან ის ყველაზე მძლავრია 702 მეგავატი, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 1.5 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მხრივ ის მცირედით ჩამორჩება ნამახვანსა და ცხენისწყლის ჰესების კასკადს, მაგრამ ხუდონის აშენების შემთხვევაში ენგურჰესის გამომუშავება, რომლის ტარიფიც 1.86 თეთრია, წლიურად 500 მლნ კვტ/სთ-ით იზრდება. წყალსაცავის მოცულობა 365 მლნ კუბური მეტრი, ენგურჰესთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები. წყალსაცავის ფართობი 4.06 კვადრატული კილომეტრი, იმავე ენგურჰესთან შედარებით 3.3-ჯერ ნაკლები. პროექტის მიხედვით კაშხლის ზედა ნაწილში კედლის სისქე 9 მეტრი იქნება, ძირში - 42 მეტრი.


ამ ზომის ნაგებობა ბუნებას მართლაც აყენებს ზიანს, კერძოდ: იტბორება ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის  გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ალტერნატივით იცვლება. თავიდან გასაყვანი ხდება სოფელ ჭუბერთან დამაკავშირებელი 3.5 კილომეტრიანი გზაც. ასევე იტბორება 366 ჰა ტყე, ტენიანობა 10% იზრდება, ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილება 1 გრადუსს აღწევს. ტერიტორიის დატბორვით, საშენი მასალების წარმოებითა და ტრანსპორტირებით, ახალი გზების გაყვანის შედეგად 10 წლის განმავლობაში მოსალოდნელია 660 000 CO2-ის გამოყოფა. 10 წლის შემდეგ ემისიები შეწყდება. იმავე მოცულობის ელექტროენერგიის მისაღებად, გაზზე მომუშავე თბოსადგურის შემთხვევაში, წლიურად 873 000 ტონა CO2  გამოიყოფა, 10 წელიწადში შესაბამისად 8 730 000 ტონა, ანუ 13.2-ჯერ მეტი. საწვავად ნახშირის გამოყენების შემთხვევაში ეს რიცხვი გაორმაგდება. 10 წლის შემდეგ ჰესი მავნე აირების ყოველგვარ ემისია შეწყდება. თბოსადგურები კი გარემოს დაბინძურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.



ხუდონჰესის მშენებლობა 2011 წელს უნდა განახლებულიყო, ხელშეკრულება დაიდო კიდეც „ტრანსელექტიკასთან“ მაგრამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა რის შედეგადაც $1.2 მლრდ-იანი ინვესტიცია, 2 მლრდ კვტ/სთ ენერგია, რომლის 25%-იც უიაიფესი იქნებოდა, 4000 დროებითი და 250 მუდმივი სამუშაო ადგილი დაიკარგა.


ხუდონისგან განსხვავებით მშენაბარე ნენსკრაჰესს შედარებით ნაკლები პრობლემა ექმნება. მშენებლობა ვინმეს გასახლებას არ საჭიროებს და გარემოზეც ნაკლებად ზემოქმედებს. ჰესის სიმძლავრე 280 მეგავატია. იმის გათვალისწინებით, რომ ხუდონის მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა დაპაუზებული, ნენსკრაჰესი დასრულების შემდეგ ენგურჰესის შემდეგ ყველაზე მძლავრი იქნება. სავარაუდოდ ის ნამახვანზე ადრე დასრულდება და 1.2 მლრდ კვტ/სთ წლიური გამომუშავებით ასევე მეორე ადგილს დაიკავებს. ნენსკრას წყალსაცავის მოცულობა ხუდონის ნახევარია - 182 მლნ კუბური მეტრი. ინვესტიციის მოცულობა - $1 მლრდ. ჰესის მშენებლობა საბჭოთა დროს ენგურჰესის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმა. 2011 წელს მისი მშენებლობის განახლებაზე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალაპარაკდა, თუმცა მშენებლობის დაწყება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო. მას კორეული K Water აშენებს. გეგმის მიხედვით ჰესს პირველი ელქტროენერგია ჯერ კიდე 2019 წელს უნდა მოეწოდებინა, სრულად ექსპლუატაციაში კი 2021 წელს უნდა შესულიყო. დღეს დასრულების თარიღად უკვე 2025 წელი სახელდება. ჰესი აღნაგობის უფლებით შენდება და 35 წლის შემდეგ სახელმწიფოს დაუბრუნდება. 2015-2019 წლებში კორეულმა ინვესტიციებმა ჯამში $150 მლნ შეადგინა, თუმცა ჰესის მთავარი კომპონენტის კაშხლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.


ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური ნამახვანჰესი გახდა. 28 თებერვალს, ქუთაისში გამართულ აქციას, სადაც ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე თბილისში რიგგარეშე არჩევნებისა თუ მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებულ მიტინგებს. 450 მეგავატიან ჰესის პროექტზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო. თავად ჰესზე 1988 წელს, მაგრამ მალევე გაჩერდა. ტექნიკურ-ეკონომიკური რეზიუმე ჯერ 2007 წელს პოლონურმა „ჰიდროდიზაინმა,“ შემდეგ 2011 წელს შვეიცარიულმა „შტუკმა,“ 2013-2014 წლებში კი იტალიურმა „StudioIng. G. Pietrangeli“-მა მოამზადა.


ჰესი კასკადურია და 2 წყალსაცავისგან შედგება. ქვემო ნამახვანი სიმძლავრე 333 მგვტ, სარკის ფართობი - 5.1 კვადრატული კილომეტრი და ზემო ნამახვანი სიმძლავრე 100 მგვტ, სარკის ფართობი - 1 კვადრატული კილომეტრი. სავარაუდო ჯამური წლიური გამომუშავება 1.560 მლრდ კვტ/სთ რაც წლიურად 750 000 ტონა CO2-ის გამოფრქვევის ალტერნატივას ნიშნავს. საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ-ს შეადგენს. ჰესი მაგნიტუდით 7.0 სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი. ჰესს თურქული ENKA აშენებს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის დამატებით არგუმენტს წარმოადგენს.


ტარიფთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებს, რომ 6.2 ცენტი პიკური ფასია, საშუალო შეწონილი კი 4.91 ცენტს შეადგენს, ხოლო 15 წლიანი საშუალო 5.74 ცენტს. ნამახვანჰესი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.


დაგვიანებით და მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტიც. 4 ჰესისგან შემდგარი კასკადი ჯამური სიმძლავრით 347 მგვტ, რომელსაც 1.740 მლრდ კვტ/სთ უნდა გამოემუშავებინა და 2023 წელს დასრულებულიყო, მშენებლობის პროცსეში მხოლოდ ერთი - 192 მგვტ-იანი ლენტეხი ჰესია, რომლის გამომუშავებაც 668 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს და 2027 წელს სრულდება. საინვესტიციო ღირებულებაც $723 მლნ-დან $385 მლნ-მდეა შემცირებული. „ცაგერი ჰესის,“ „ლუჯი ჰესისა“ და „მუხრა ჰესის“ შესახებ ბოლო ინფორმაცია 2015-2016 წლებით თარიღდება, როცა მათი მშენებლობა ჯერ კიდევ იგეგმებოდა.


„ონის ჰესების კასკადიც“ 1 ჰესამდე ჩამოვიდა, საპროგნოზო გამომუშავებაც 790 მლნ კვტ/სთ-დან 440 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. სიმძლავრე 177 მკგვტ-დან 122 მგვტ-მდე, საინვესტიციო ღირებულება კი $330 მლნ-დან $185 მლნ-მდე. ამის პარალელურად დასრულების თარიღმა 3 წლით 2024 წლამდე გადაიწია.


დიდ ჰესებთან ერთად გაჭიანურდა შედარებით მცირე ზომის ჰესების მშენებლობაც. 53 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის მხოლოდ 2022 წელს დასრულდება. ჯერ კიდევ 1 თვით ადრე თანაინვესტირების ფონდის საიტზე 2021 წელი იყო მითითებული. ჰესი წლიურ გენერაციას 252 მლნ კვტ/სთ-ით გააზრდის. ინვესტიციის მოცულობა ამ შემთხვევაში $157 მლნ-ს შეადგენს.


საქართველოში ეკონომიკურად მომგებიანი ჰესების პოტენციალი 40 მლრდ კვტ/სთ-ს აჭარბებს, საიდანაც მხოლოდ 25%-ა გამოყენებული. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც განვითარებული ქვეყნები დიდ ჰესებს იშვიათად აშენებენ ისაა, რომ მათ რესურსის დიდი ნაწილი უკვე აითვისეს. კანადაში მდებარე „რობერტ ბოურესას“ კაშხალი სიმძლავრით 8-ჯერ აღემატება ხუდონს, შვეიცარიის „ქლეუსონდიქსინსის კომპლექსი“ კი 3-ჯერ. ნორვეგიაში 1600 ჰესია, საიდანაც 1000 წყალსაცავიანია. ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ იაპონიამ ახალი ჰესებისთვის დამატებითი რესურსი გამოძებნა. რაც შეეხება ჩინეთს იქ 2012 წელს ექსპლუატაციაში 22.5 გიგავატი სიმძლავრის (30 მლნ ცხენის ძალა) „სამი ხეობის კაშხალი“ შევიდა. 2020 წელს მან 112 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც იმავე წლის საქართველოს ჯამურ ჰიდროგენერაციას 1260%-ით აღემატება.


ჰესების არაშენებითა თუ გაჭიანურებით საქართველოს წლიურად 500-600 მლნ დოლარს კარგავს და მშპ-ს ზრდის ტემპს 3-3.5 პროცენტით ამცირებს. ჰესების პოტენციალის 80%-ით ათვისების შემთხვევაშიც საქართველოს წლიურად 20 მლრდ კვტ/სთ-ის ექსპორტის საშუალება მიეცემოდა, რაც 2020 წლის საშუალო საექსპორტო ტარიფით $753 მლნ-ს უდრის. დღეს არსებული პოლიტიკის გაგრძელებით 2030 წლისთვის დეფიციტი 6 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რისთვისა ქვეყანას მინიმუმ $250 მლნ-ს გაღება მოუწევს.


ვალუტის გადინებასთან ერთად, ელექტროენერგიის იმპორტის დროს მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება იზრდება. ისეთი სასიცოცხლო პროდუქტისთვისაც კი როგორიც ხორბალია, იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია. აშშ-დან და კანადიდან იმპორტირებული ხორბალი, რუსულზე ძვირი იქნება, მაგრამ ქვეყანას პურის გარეშე დარჩენის საფრთხე არ დაემუქრება. ელექტროენერგიის შემთხვევაში პროცესი რთულდება. თეორიულად მისი იმპორტი ჩინეთიდანაც შესაძლებელია, პრაქტიკულად მესამე ქვეყნის სადენების გამოყენება ფასს მნიშვნელოვნად ზრდის. ულიმიტო არც მათი გამტარუნარიანობაა.


რატომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას? სრულიად ლოგიკური და გასაგები იქნებოდა დავა უსაფრთხოების გარანტიებზე, უფრო მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრის გათვალისწინებაზე, ტარიფზე, საკომპენსაციო თანხაზე, იმაზე თუ როგორ და რა პირობებით აშენდეს ესა თუ ის ჰესი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მოითხოვონ ვთქვათ შეღავათიანი ტარიფი, გარკვეული მოცულობის შემთხვევაში, საერთოდ ნულოვანი ტარიფი, ინვესტორის მხრიდან დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობის აღება და არა გადაჭრით უარის თქმა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა ინტერესებიც არც თუ ისე ნათელია, ადამიანების გულწრფელ ემოციებს იყენებს. სპეკულირებს ისეთი თემებით, როგორებიცაა: „სამშობლო,“ „ტრადიციები,“ „სალოცავები...“ მიწის გასხვისებას ტერიტორიის გაყიდვად ნათლავს, მაშინ როცა იმ მიწაზე საქართველოს კანონმდებლობა ნარჩუნდება და კომპანია გადასახადებსაც ქართული კანონმდებლობით იხდის.


გაუგებარი რჩება იმ მწვანე აქტივისტების პოზიციაც, რომლებიც ებრძვიან ჰესს, მაგრამ ეგუებიან წიაღისეულზე მომუშავე ახალ თბოსადგურებს.


ხშირია პოლიტიკური სპეკულაციებიც. ხელისუფლებაში მოსვლამდე ქართული ოცნებიდან ბევრი ჰესის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა. საპირისპიროდ მოიქცა ყოფილი პრეზიდენტი, თუ სააკაშვილი 10 წლის თავად იყო დიდი ჰესების აშენების ინიციატორი, დღეს 180 გრადუსით განსხვავებული პოზიცია უკავია.


ქუვეითმა ან საამიროებმა, რომ ნავთობის გამოყენებაზე უარი თქვან, ალბათ არალოგიკური იქნება. საქართველო წყლის რესურსთან მიმართებაში ანალოგიურად იქცევა.


ქარისა და მზის ენერგიების ათვისებას ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ეკონომიკურად მომგებიანი მათი რესურსი ლიმიტირებულია. ამასთან ისინი ჰიდრორესურსის ჩამანაცვლებლად კი არა უფრო შემავსებლად განიხილება, რადგან სტაბილური მარეგულირებლიანი სადგურების გარეშე დიდი ზომის ქარისა და მზის ელექტროსადგურები ქსელში ვერ ჩაერთვება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up