ჩამონგრეული გვირაბი და შეცვლილი კლიმატი - ჰესების არასწორი დაგეგმარების გამო პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია

ჩამონგრეული გვირაბი და შეცვლილი კლიმატი - ჰესების არასწორი დაგეგმარების გამო პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია

access_time2021-04-07 12:30:52

უნდა აშენდეს თუ არა ქვეყანაში დიდი ჰესები ეს კითხვა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ენერგეტიკოსთა და ეკონომისტთა ერთმნიშვნელოვანი შეფასებით — კი. ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდროპოტენციალი 40 მლრ კვტ/სთ-ს შეადგენს და ქვეყანა მხოლოდ მის 25%-ს იყენებს. ევროპაში დიდ ჰესებს იმიტომ აღარ აშენებენ რომ ათწლეულების წინ რესურსი თითქმის ამოწურეს. მხოლოდ ნორვეგიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ იქ 1600 ჰესია, საიდანაც 1000 წყალსაცავიანია. რესურსების შესაბამისად საერთოდ სხვა მასშტაბებზე გავიდა ჩინეთი, რომელმაც 2012 წელს 22.5 გიგავატი სიმძლავრის, ანუ ნამახვანზე 52-ჯერ მეტის, „სამი ხეობის კაშხლის“ მშენებლობა დაასრულა. ჰესმა 2020 წელს 112 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც იმავე წლის საქართველოს ჯამურ ჰიდროგენერაციას 1260%-ით აღემატება. კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ეკოლოგიას და უპირველესად უსაფრთხოებას ეხება. 


საქართველოში ჰესების მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს მშენებარე ან უკვე აშენებულ ჰესებზე მომხდარი ავარიები წარმოადგენს. მათი თქმით, უსაფრთხოების წესები მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული და თუ შუახევჰესის გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მხოლოდ ინვესტორმა იზარალა, კაშხლის ჩამოშლის შემთხვევაში შედეგები კატასტროფული იქნება და ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. რიონის ხეობაში სწორედ კატასტროფის შიშმა გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა თუ შეხედულების ადამიანი.


საბჭოთა პერიოდის შემდეგ, დარიალჰესი იყო პირველი, რომლის სიმძლავრემაც 100 მგვტ-ს გადააჭარბა. მისი მშენებლობა 2011 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო. 10 წლის წინ მესამე პრეზიდენტი ჰესების საჭიროებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ელექტროენერგიის ექსპორტით მისაღებ სარგებლიანობაზე ხშირად საუბრობდა. აანონსებდა ხუდონისა და ნამახვანის მშენებლობას, თუმცა 10 წლის შემდეგ საკუთარ ძველ პოზიციებს რადიკალურად დაუპირისპირდა.


გარემოზე მავნე ზემოქმედების ბრალდებით ჰესს მწვანეთა ჯგუფი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავიდანვე დაუპირისპირდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მდინარე თერგის მილებში მოქცევით მხარე ტურისტულ პოტენციალს დაკარგავდა და მიყენებული ზარალი ელექტროენერგიის გენერაციით მისაღებ სარგებელს ბევრად გადააჭარბებდა. კრიტიკის განსაკუთრებული მიზეზი ხდებოდა ის ფაქტი, რომ მთელი 8 კმ-ის მანძილზე ბუნებრივ კალაპოტში თერგის წყლის მხოლოდ 10% რჩებოდა, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე მგრგვინავ მდინარეს ნაკადულამდე აპატარავებდა და წითელ წიგნში შეტანილ კალმახსაც აქრობდა.


მათი მეორე ბრალდება უსაფრთხოებას ეხებოდა. აქცენტები მეწყერსაშიშ ზონაზე კეთდებოდა. 2014 წელს ხეობაში მართლაც ჩამოწვა 2 დიდი მეწყერი,მათგან პირველმა 17 მაისს 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოიწვია თუ არა სტიქია ჰესმა? ეკოლოგები და გეოლოგები არ უარყოფენ, რომ ხეობა ისედაც საშიშია. კატასტროფები არეალში 1776 წლიდანაა აღწერილი, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური 1832 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა მათივე მტკიცებით ჰესმა პროცესები დააჩქარა.


ჰესს დამატებითი პრობლემა გახსნის შემდეგ შეექმნა. 2017-2020 წლებში მან დაგეგმილი 2.040 მლრდ კვტ/სთ-ის მაგივრად მხოლოდ 1.223 მლრდ კვტ/სთ, ანუ 40%-ით ნაკლები გამოიმუშავა. თუ მხოლოდ პირველ 3 წელს ვიანგარიშებთ, მდგომარეობა უფრო დამძიმდება და საპროგნოზო 1.530 მლრდ კვტ/სთ 778 მლნ-მდე შემცირდება, რაც დაგეგმილის მხოლოდ 51%-ა. საგულისხმოა, რომ დარიალჰესი დაგემილ სიმძლავრეს მხოლოდ 2020 წელს მიუახლოვდა, კლიმატური თვლასაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პერიოდში. 2017-2019 წლებში განახევრებულ გენერაციის მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზის უქონლობა დასახელდა, რომლის მიყვანაც დაგვიანებით მხოლოდ 2020 წელს მოხერხდა.


თავად ჰესიის ხელმძღვანელობა მომხდარ სტიქიებთან მათ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათივე მტკიცებით 10% უბრალოდ ზღვარია, თორემ რეალურად ბუნებრივ კალაპოტში წყლის 30%-ზემეტი რჩება და ფოტოები რომლებიც სოციალური ქსელით რამდენჯერმე გავრცელდა წარწერით „ჰესამდე და ჰესის შემდეგ“ რეალურად წლის სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული სხვადასხვა ადგილიდან.


დარიალჰესი იმ გამონაკლის ჰიდროელექტროსადგურებს შორის მოხვდა რომლის მშენებლობაც EBRD-მ დააფინანსა. გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მშენებელს კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე 400 000 ნერგის დარგვა დაევალა. ხეების ნაწილი უკვე დაირგო.



თუ დარიალჰესი განახევრებული სიმძლავრით მუშაობდა, შუახევჰესს 3 წელი საერთოდ გაჩერება მოუწია. გახსნიდან მალევე 2017 წელს, ევროპაში სიგრძით მეორე 38 კმ-იანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა.  


2017 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი - 187 მგვტ-იანი შუახევჰესი შევიდა ექსპლუატაციაში თუმცა მან იმ წელს 450 მლნ კვტ/სთ-ის მაგივრად მხოლოდ 3.2 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, 2018-2019 წლებში 0-ის. 2020 წელს კი 258 მლნ კვტ/სთ, რაც ასევე 35%-ით ჩამორჩება გეგმიურ მაჩვენებელს, თუმცა 2021 წლის თებერვალში გენერაციის 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


გვირაბში მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ გამოუწვევია, მაგრამ ინვესტორი $100 მლნ-ით აზარალა და საერთო ჯამში მისმა ხარჯებმა $0.5 მლრდ-ს გადააჭარბა. როგორც კომპანიაში განმარტეს ავარია განსხვავებულმა ქანებმა და არასაკმარისმა გეოლოგიურმა კვლევებმა გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით მშენებელმა ხარისხისა და უსაფრთხოების ხარჯზე ეკონომიის გაწევა სცადა, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაუჯდა.


ავარიას ვერც მესტიჭალაჰესი გადაურჩა. ნაგებობას სტიქიური უბედურება თავს 2019 წლის ივლისში დაატყდა. ადიდებულმა მდინარემ მესტიაჭალაჰესი 1-ის სათავე ნაგებობა წაიღო. ადგილობრივებმა მომხდარში ჰესი დაადანაშაულეს. „სვანეთი ჰიდრომ“ კი საპირისპირო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჰესმა სტიქია შეაკავა და ამით მოსახლეობა იხსნა. უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ჰესი წყალმოვარდნის მიზეზი არ გამხდარა, უბრალოდ მისმა მშენებლებმა მთის მდინარის საშიშროების რისკები ვერ ან არ გაითვალისწინეს.


2019 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით 20 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალაჰესი 1-მა 21 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და მას შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. 30 მგვტ-იანი მესტიაჭალაჰესი 2 კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 2020 წელს მან სისტემას 93 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა.


ერთია სეზონურ ჰესზე მომხდარი ავარია თუნდაც ის იყოს დიდი სიმძლავრის და მეორე წყალსაცავიანზე. განსხვავება შედეგების მასშტაბებს შორის კოლოსალურია რაც ობიექტურ კითხვებსაც აჩენს და მიზანმიმართული პანიკის საფუძველიც ხდება.


მშენებლობის პროცეში ამჟამად სულ 2 დიდი ჰესია: ნენსკრა და ნამახვანი. 280 მგვტ-იანი ნესნკრას მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. ჰიდროსადგურს ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წელს უნდა დაეწყო და 2021 წელს დასრულებულიყო. მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მლრდ-ს შეადგენდა. წყალსაცავის მოცულობა 182 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ენერგიის კაშხლათან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია. 2015-2019 წლებში კორეულმა K Water-ის ჯამურმა ინვესტიციებმა $150 მლნ შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ნენსკრას სხვა ჰესებთან შედარებით გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება, მშენებლობის დასრულების ვადამ 4 წლით 2025 წლამდე გადაიწია.


ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული საქმე ნამახვანჰესს უკავშირდება. ჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში 2-ჯერ იმაზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს ვიდრე გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში. ადგილობრივების პროტესტის უმთავრეს მიზეზს კაშხლის ნგრევის შესაძლო საფრთხე წარმოადგენს.


კასკადური პროექტი 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. ქვემო ნამახვანის სიმძლავრე 333 მგვტ უნდა ყოფილიყო, ზემო ნამახვანის - 100 მგვტ, მათი ჯამური წლიური გამომუშავება -  1.560 მლრდ კვტ/სთ. საინვესტიციო ღირებულება კი - $800 მლნ.


ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 1 წლით გადაიდო.


ასევე არასწორია იმედების მზის და ქარის ენერგიაზე დამყარება. მათი ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასაბალანსებლად ქსელში მარეგულირებლიანი სიმძლავრეები ჩაერთვება. ეს შეიძლება იყოს ატომური ელექტროსადგური, თბოსადგური ან წყალსაცავიანი ჰესი. გარდა იმისა, რომ მზე ღამე არ ანათებს, დღის განმავლობაშიც ნათების ინტენსიობის ცვლილება, გენერაციის მოცულობას არასტაბლურს ხდის. ენერგიის შემნახველი ბატარეები კი ერთდროულად ძვირიცაა და არაეკოლოგიურიც როგორც მათი წარმოება ასევე უტილიზაცია.


შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში თუ რამ მნიშველოვანი გაკეთდა საქართველოში, ერთი-ერთი ენგურჰესი იყო, რომელიც 17 წელი შენდებოდა და 1 მლრდ მანეთი დაჯდა, რაც მანეთი-დოლარის იმდროინდელი კურსისა და თავად ამერიკული ვალუტის თავის თავთან მიმართებაში გაუფასურების გათვალისწინებით დღევანდელ $4 მლრდ-ს შეადგენს.


ჰესები უნდა აშენდეს, რაც ეკონომიკურადაც მომგებიანია და ენორგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით პოლიტიკურადაც. კითხვები უნდა ისმოდეს იმის შესახებ თუ როგორ აშენდეს და ვინ აიღოს მასზე პასუხისმგებლობა. წლების განმავლობაში იცვლებინ ნებართვის გამცემი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და მთავრობები. მათი პოზიციაც ხშირად თანამდებიბის მსგავსად იცვლება. თუ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს დიდი ჰესების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა და ახლა წინააღმდეგია, ქართული ოცნების გუნდი პირიქით 2011-2012 წლებში გარემოსა და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინების მიზეზით დიდ ჰესებს ეწინააღმდეგებოდა ახლა კი პირიქით ემხრობა. აქამდე მომხდარ ავარიებსა თუ სხვა სახის დარღვევებზე დღემდე პასუხისმგებლობა არცერთ საჯარო პირს არ აუღია და არც მიმდინარე ხელშეკრულებები ითვალისწინებს რაიმე მსგავსს.


#1 უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვის გარდა, მაგალითად ენკას - ნამახვაჰესის მშენებელ კომპანიას შეიძლება მოეთხოვის რომ 7.0 მაგნიტუდის მაგივრად კაშხალი 8.0 ან მინიმუმ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრაზე გათვალოს, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან სწორი და დროული კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის სარგებელი რაც მთელმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მხოლოდ ერთეულების ხვედრი გახდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up