ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რათა საოპერაციო მაჩვენებლები პრეპანდემიურ დონეს დაუბრუნოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლოქდაუნებმა მათი შემოსავლები მკვეთრად შეამცირა.
მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესმა ლუდის მწარმოებელმა, რომელიც ეროპაში ყველაზე გაყიდვად ლუდს აწარმოებს, განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2023 წლამდე შეძლებს დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის დაზოგვას.
Heineken-ში ამბობენ, რომ ამ რაოდენობის თანხის დაზოგვა ზოგადად ორგანიზაციის რედიზაინის, კომპლექსურობის შემცირების და ყველაზე ნაკლებად ეფექტური ხარჯების იდენტიფიცირებით გახდება შესაძლებელი.
ამის ფარგლებში ერთ-ერთ გამოსავლად დასახელდა 8 000 სამუშაო ადგილის გაუქმებაც, რაც კომპანიის მთლიანად სამუშაო ძალის 9%-ს შეადგენს. მათი გაუქმებით 420 მლნ ევრო დაიზოგება, ასევე პერსონალის ხარჯებიც შემცირდება დაახლოებით 350 მილიონი ევროთი.
ამის პარალელურად, კომპანია გეგმავს, რომ წინ წამოწიოს პრემიუმ-ბრენდების წარმოება, როგორიცაა მაგალითად უალკოჰოლო ლუდი. ასევე მის მიზანს წარმოადგენს გახდეს საუკეთესო ლუდის მწარმოებელი, რომელიც ციფრულად მოემსახურება მომხმარებლებს, რომლებსაც ლუდის ყიდვა ონლაინ სურთ. და მათი რიცხვი მზარდია.
ცნობისთვის, ბრაზილია, მექსიკა და Heineken-ის კიდევ რამდენიმე უმსხვილესი ბაზარი ჯერ კიდევ პანდემიის შედეგებს ებრძვის. ლუდის მწარმოებელი აცხადებს, რომ მიმდინარე შეზღუდვები ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის შემოსავლები და მოგება 2019 წლის მაჩვენებლებზე ნაკლები იქნება. თუმცა, Heineken-ში წელს მაინც ელოდებიან, რომ ვითარება გლობალურად გაუმჯობესდება. დაიწყება ბარების და რესტორნების ევროპაში გახსნა, რაც 2022 წლისთვის უკეთეს შედეგებს მოიტანს.
აღსანიშნავია, რომ Heineken-ის შემოსავალი 2020 წელს 35.6%-ით შემცირდა.
forbes.ge