ყოველთვის, როდესაც სავალუტო რისკებზე არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვალუტაში ხდება სესხის აღება, გარდა ამისა არსებობს ჰეჯირების ელემენტები, ფორვარდები და სხვა - ასეთ რჩევებს აძლევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბიზნესმენებს სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად.
„კომერსანტთან“ საუბრისას კობა გვენეტაძე იმ ბერკეტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს იმისთვის, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბიზნესმა შეძლოს თავის გადაზღვევა.
„სავალუტო რყევა როდესაც ხდება, ამას თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად პანდემიის დროს ეს იყო იმის შედეგი, რომ ტურისტული სეზონი არ შედგა, მობილობა შეწყდა და აქედან გამომდინარე საქართველომ ძალიან დიდი შემოსავალი დაკარგა. ყოველთვის, როდესაც ამ რისკებზე არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა ვალუტაში ხდება სესხის აღება. როგორც წესი, იმ ვალუტაში უნდა მოხდეს სესხის აღება, რომელშიც შემოსავალი აქვთ, ეს არის ბუნებრივი დაზღვევა. თუ ვიტყვით, რომ ლარის საპროცენტი განაკვეთები უფრო მაღალია, დიახ ეს ასეა, მითუმეტეს ახლა, როდესაც გამკაცრებული გვაქვს პოლიტიკა, თუმცა არის პერიოდი და იქნება ისევ, როდესაც განაკვეთი შემცირდება და ის განსხვავება, რაც იქნება უცხოურ ვალუტის საპროცენტო განაკვეთსა და ლარის საპროცენტო განაკვეთს შორის, არის იმ რისკის პრემიუმი, რომელიც გვიცავს ამ ყველაფრისგან.
გარდა ამისა, არსებობს ჰეჯირების ელემენტები, ფორვარდები და სხვა. მესმის, რომ მათი ფასი არ არის დაბალი, მაგრამ განსხვავება არიას უცხოურ ვალუტაში პროცენტსა და ეროვნულ ვალუტაში პროცენტს შორის, მაგრამ შესაძლებელია ამ პროდუქტების ყიდვა, კომერციულ ბანკებს აქვთ და დაჰეჯირებაც შესაძლებელია. საქართველოში ფორვარდულ კურსზე მოთხოვნა არის, ასეთი კონტრაქტები იდება. გარდა ამისა, დერივატების შესახებ კანონიც იქნა მიღებული საქართველოში და ეს ძალიან ეხმარება ამ ბაზარს“, - განმარტავს კობა გვენეტაძე.
აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის უკმაყოფილება სავალუტო რყევების კუთხით განსაკუთრებით პანდემიის დროს ძალიან გაზრდილია. ლარის კურსს ბიზნესის მთავარ პრობლემად ძირიტადად პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები ასახელებენ და ეროვნული ბანკის მიმართ პრეტენზიებსაც ხშირად გამოთქვამენ.