ღრმად შეშფოთებული ვარ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას პარტიის შტაბ-ბინაზე ცრემლსადენი გაზით თავდასხმის გზით დაკავების გამო,- ამის შესახებ პარტია “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტის ჰანს ვან ბაალენის განცხადებაშია აღნიშნული.
“ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", შეუერთდეს ოპოზიციას და ერთად იმუშაონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე მკაცრი გზავნილი,“- აცხადებს “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი.
ჰანს ვან ბაალენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
”სასწრაფოდ ვითხოვთ თავშეკავებას, სიმშვიდეს და პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას პარლამენტში და არა ოპოზიციური ფიგურების სასტიკი და თვითნებური დაპატიმრებების გზით,“- აღნიშნულია ჰანს ვან ბაალენის განცხადებაში.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
IPN.GE