ახალი მოწინაამღეგე ამჟამად ჰოლანდიაა - რუსეთის მთავრობამ ამ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო.
ამ ნაბიჯს სერიოზული შედეგები ექნება - დღეს რუსული კომპანიები და კერძო პირების ფილიალები მოგების ან მიღებული დივიდენდების მიღების შემთხვევაში არაფერს არ იხდიან, 2022 წლიდან კი - რუსეთის ბიუჯეტში 22% გადარიცხვა მოუწევთ.
ეს ინიციატივა ვლადიმერ პუტინის გამკაცრებულ პოზიციასთანაა დაკავშირებული - ყველა, ვისაც რუსეთში ნაშოვნი ფული უცხოეთში გადააქვს, მოგებიდან 15% უნდა გადაიხადოს. კრემლის მეთაურმა ეს ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში თქვა. ამ დროისთვის მოსკოვმა სამ საგადასახადო შეთანხმებას - კვიპროსთან, მალტასთან და ლუქსემბურგთან - გადახედა.
Schneider Group-ის გენერალური დირექტორის ულფ შნაიდერის თქმით, რუსეთის მთავრობა ცდილობს შეაჩეროს კაპიტალის გადინების პროცესი საგადასახადო ოაზისებში და ეს სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი სურვილია.
რუსული კომპანიები კვიპროსს, როგორც ოფშორს იყენებდნენ, ჰოლანდიას კი - გარიგებების დადებისთვის. უცხოელი ინვესტორები რუსეთში ხშირ შემთხვევაში სწორედ ნიდერლანდების გავლით შედიოდნენ, ამიტომაც ოფიციალურმა ამსტერდამმა მოსკოვის მოთხოვნები არ გაიზიარა.
კრემლის გადაწყვეტილება რუს მეწარმეებს ორმაგი დაბეგრვის პირობებში აყენებს, რაც ხშირ შემთხვევაში მოგების განულებას ნიშნავს.
2019 წელს რუსეთში ჰოლანდიურმა ინვესტიციებმა 6,4 მლრდ. დოლარი შეადგინა და ახალი რეალობა უცხოური კაპიტალის რუსეთში შესვლას საფრთხეს შეუქნის.
დანაკარგები ასევე ამერიკულ კომპანიებს ექნებათ, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოდიან - მაგალითად, Uber, რომლის რუსული ბიზნესი ამსტერდამის ფილიალზეა მიბმული.
თუმცა, ყველაზე მეტად თავად რუსული კომპანიები დაზარალდებიან, გადაწყვეტილების მთავარი სამიზნეები სწორედ ისინი არიან. ჰოლანდიაში დარეგისტრირებულები არიან ისეთი გიგანტები, როგორც «Яндекс», სატელეკომუნიკაციო კონცერნი «ВымпелКом», სავაჭრო ქსელები «Связной» და X5 Group.
მეტიც, სახელმწიფო კორპორაციებს, ისეთებს, როგორც Газпром, ნიდერლანდებში ფილიალები აქვთ. საგაზო მონოპოლია თურქეთთან სწორედ ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის Southstream Transport B.V.-ს მეშვეობით თანამშრომლობს.
ასევე ამსტერდამშია რეგისტრირებული Газпром-თან დაკავშირებული მრავალი კომპანია, რომელიც უცხოეთში გაზის მოპოვების პროექტებზე მუშაობს.
ყველა ამ კომპანიას დიდი ზარალი ელის და მათ დიდ ნაწილს ნიდერლანდებში რეგისტრაციის გაუქმება მოუწევთ.
როგორც ჩანს, სწორედ ესაა პუტინის მთავარი მიზანი, რომელიც რუსულ კომპანიებს კალინინგრადში და ვლადივოსტოკში შექმნილ საგანგებო ეკონომიკურ ზონებში ეპატიჟება.
თუმცა, არც ეს არის ადვილი საქმე -ნიდერლანდებიდან გასვლა და რუსეთში გადარეგისტრირება გარკვეული პროცედურების და ხარჯებს მოითხოვს. შექმნილი გაურკვევლობა წამგებიანია არა მხოლოდ ჰოლანდიისთვის, არამედ თავად რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგანაც ის უცხოელი ინვესტორების შემოსვლას შეაფერხებს - ჰოლანდიური სქემა კარგად აპრობირებულია და მისი დაკარგვა ინვესტორთა ნაწილს დააფრთხობს.
შესაბამისად, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად, თავად რუსეთის ინტერესებშიცაა.
Handelsblatt