კიბერთავდასხმა განხორციელდა ვიდეოთამაშების უმსხვილეს კომპანია Electronic Arts-ზე. ცნობას თავდასხმის შესახებ ავრცელებს გამოცემა Vice. კომპანიის პრესსამსახურმა თავდასხმა დაუდასტურა ტელეარხ CNN-ს.
Electronic Arts-ის მონაცემებით, ჰაკერებმა გატეხეს მისი სისტემა და მოიპარეს 780 გიგაბაიტის ოდენობის მონაცემები, სხვათა შორის, Frostbite-ის საწყისი კოდი. Frostbite-ი გამოიყენება თამაშებში: FIFA, Madden NFL და Battlefield-ი.
პირადი მონაცემები არ გაჟონილა. ჰაკერებს მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.
Electronic Arts-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემა გააუმჯობესა. ფირმა თვლის, რომ ინციდენტი არანაირად არ იმოქმედებს ბიზნესსა და თამაშებზე.
საკომპიუტერო უსაფრთხოების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კიბერთავდასხმების რაოდენობა იზრდება.
2020 წელს, მაგალითად, ამგვარი ინციდენტები საწარმოებში 91 პროცენტით გაიზარდა. ხოლო მავნე პროგრამული მომსახურების გამოყენებით თავდასხმების რიცხვმა 54 პროცენტით მოიმატა.
www.radiotavisupleba.ge