ბოლო ორ წელიწადში კიბერდამნაშავეებმა ფინანსურ სტრუქტურებსა და სამრეწველო საწარმოებზე შეტევები გაააქტიურეს, რაც მათ მილიონობით დოლარად და დადებით საქმიან რეპუტაციად დაუჯდათ.
ეკონომიკური დანაშაულების გლობალურ მიმოხილვაში PricewaterhouseCoopers (PwC) აღნიშნულია, რომ კიბერდანაშაულების მიმართ შიშმა უმაღლეს დონეს მიაღწია.
115 ქვეყნის 6 ათასზე მეტი კომპანიის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველი მესამე კომპანია ასე თუ ისე დაზარალდა ეკონომიკური დანაშაულისგან, რის მესამედიც ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება.
ყველაზე შემაშფოთებელ დინამიკას კიბერდანაშაულები აჩვენებს – მათი წილი ბოლო ორ წელიწადში 24–დან 34%–მდე გაიზარდა. გამოკითხული კომპანიების მესამედს ეშინია, რომ 2016–2017 წლებში ჰაკერების თავდასხმების მსხვერპლი გახდება.
„დიდი ოციანის“ ქვეყნებს შორის ექვს მათგანში (დიდი ბრიტანეთი, აშშ. იტალია, საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია) ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ სწორედ კიბერდანაშაული სახელდება და აქტივების უკანონო მითვისებაზე, მექრთამეობაზე, კორუფციაზე და ფულის გათეთრებაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენს.
PwC–მა დააფიქსირა ეკონომიკური დანაშაულების მნიშვნელოვანი ზრდა აფრიკაში, დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ასეთი დარღვევების ინტენსივობა მცირდებოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში და ლათინურ ამერიკაში.
ეკონომიკური დანაშაულებები ყველაზე ხშირად ფინანსური მომსახურებების სფეროში ხდებოდა.
ასევე აღსანიშნავია სამთავრობო დაწესებულებები და სახელმწიფო საწარმოები. ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მკვეთრი, 16%–იანი ზრდა ბოლო ორ წელიწადში აეროკოსმოსურ და შეიარაღების წარმოების სფეროში მოხდა.
მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსურ სექტორში დარეგისტრირებული კანონდარღვევები მცირდება, ცალკეული მაქინაციების შედეგად მიღებული ზარალი კი იზრდება. მაგალითად, რესპონდენტთა 17%–მა ეკონომიკური დანაშაულის შედეგად 50–დან 100 ათასამდე დოლარის ზარალი ნახა, მეოთხედმა კი მილიონ დოლარზე მეტი. გამოკითხული კომპანიების ერთმა პროცენტმა განაცხადა, რომ ასეთი დანაშაულების შედეგად 100 მილიონ დოლარზე მეტი დანაკარგი განიცადა.
„ლაბორატორია კასპერსკის“ ანტივირუსული ექსპერტის იური ნამესტნიკოვის განცხადებით, 2015 წლის ტრენდი იყო ე.წ. მიზნობრივი შეტევები მსხვილ ორგანიზაციებზე, რომელთა უკანაც კიბერკრიმინალი იდგა – ჰაკერული ჯგუფები Equation, Desert Falcons, CozyDuke და სხვები.
დღეს კიბერდამნაშავეები ფოკუსირებულნი არიან ფინანსურ ორგანიზაციებზე დავდასხმებზე, თანაც, თუ მანამდე ბოროტმზრახველთა ინტერესთა სფეროში მხოლოდ ბანკები შედიოდა, ახლა ისინი აქცენტს აკეთებენ საგადასახადო სისტემებზე, ბირჟებსა და კომპანიებზე, რომლებიც ფასიან ქაღალდებზე მუშაობენ.
„ლაბორატორია კასპერსკის“ მონაცემებით, 2012–2015 წლებში სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველმა ორგანოებმა 160–ზე მეტი რუსულად მოსაუბრე ჰაკერი დააკავეს, რომლებიც დამნაშავე კიბერდაჯგუფებაში შედიოდნენ. მათი საქმიანობის ჯამურმა ზარალმა 790 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ფინანსურზე არანაკლები პრობლემაა ის, რომ ჰაკერული შეტევები გაძარცვული ორგანიზაციის რეპუტაციას აზარალებს.
ნამესტნიკოვის განცხადებით, ბოლო დროს კიბერსივრცეში აქტიურად ვითარდება სამრეწველო შპიონაჟისა და კონკურენტული დაზვერვის სფერო, როდესაც დამნაშავეების მთავარი მიზანია არა ფული, არამედ ფასეული ინფორმაცია.
გასულ წელს დაფიქსირდა მონაცემთა ძარცვის არაერთი შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მსხვილი იყო თავდასხმები Anthem–ზე, LastPass–სა და Hacking Team–ზე.
ყველაზე ხშირად შეტევები ხორციელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა განათლება, უძრავი ქონება, ფინანსები, სახელმწიფო ორგანოები, ენერგეტიკა. ყველაზე იშვიათად კიბერსაფრთხეები ეხება სატელეკომუნიკაციო კომპანიებსა და მედიას.
ამასთან, კვლევა ადასტურებს, რომ კომპანიები ხშირად თავად არიან დამნაშავეები წარმატებულ ჰაკერულ თავდასხმებში. კერძოდ, რესპონდენტთა მხოლოდ 37% აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციებში არის მსგავს ინციდენტებზე რეაგირების სრულფასოვანი გეგმა.
„ლაბორატორია კასპერსკიში“ თვლიან, რომ მსხვილ კორპორაციებში პრობლემა კადრებს უკავშირდება.
ექსპერტების პროგნოზით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია მიზნობრივი თავდასხმების გახშირება ბანკებზე.