გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

access_time2020-08-10 16:00:18

ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის დასაწყისისთვის შეიმუშაონ, რადგან ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ.


ათწლეულის ყველაზე დიდიეკონომიკური ვარდნა საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, წლეულს აპრილში აღირიცხა - 16,6%. ექსპერტების პროგნოზით, ეს რეცესიის ფსკერი იყო და შემდეგ ეკონომიკა ნელ-ნელა ზედაპირზე ამოსვლას დაიწყებდა. მართლაც, მაისში ეკონომიკური ვარდნა 13,5%-მდე შემცირდა, ხოლო ივნისში - 7,7%-მდე. ჯამში, მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკა 12,6%-ით შემცირდა, ხოლო ექვსი თვის წლიურმა ვარდნამ 5,8% შეადგინა. ეს კი საკმაოდ ახლოს დგას იმ საპროგნოზო მაჩვენებელთან, რომ საქართველოში ეკონომიკა წელიწადში 5%-ით უნდა შემცირდეს. ლოგიკურია შეკითხვა: რის საფუძველზე ელოდება მთავრობა უფრო ღრმა და ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისს და ხომ არ ემსახურება ასეთი პროგნოზები, ერთი მხრივ, მოსახლეობის დაშინებას, მეორე მხრივ კი სოციალური დახმარებების სწორედ ახლა, წინასაარჩევნოდ გაცემას?


რაც შეეხება ახალ სოციალურ პაკეტს, მთავრობა ამბობს, რომ კიდევ 410 მილიონ ლარს დახარჯავს მოსახლეობის დასახმარებლად. 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი (ასეთი 880 ათასზე მეტია) სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. 80 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, ვინც სამსახური კორონავირუსის დროს დაკარგა, მაგრამ დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, მაინც მიიღებს სახელმწიფოსგან 300-ლარიან დახმარებას. მთავრობა სწავლის გადასახადს 1 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს და რაც უმნიშვნელოვანესია, ყველას, ვინც ზამთრის თვეებში 200 კუბმ გაზსა და 200 კვტ ელექტროენერგიაზე მეტს არ ხარჯავს, 4 თვის კომუნალურ გადასახადებს გადაუხდიან.


„410 მილიონის ლარის გავლენა ინფლაციაზე“


ლევან კობერიძე, დეპუტატი, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი: - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ისეთ მდგომარეობაშია, ძალიან უჭირს დამოუკიდებლად, ბიუჯეტის დაუხმარებლად გაჭირვებასთან გამკლავება. ამ დროს ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა ბიუჯეტში გამონახოს თანხა და მიმართოს კონკრეტული სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. სამწუხაროდ, როცა საქმე ასეთ სოციალურ პროექტებს ეხება, წინა პლანზე ყოველთვის გამოდის ემოცია და ციფრებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. ბიუჯეტის ფულით თავმოწონება, რომელიც მოსახლეობისგან აკრეფილი გადასახადებით გროვდება, სულაც არ მეტყველებს პრემიერზე კარგად. სამაგიეროდ, ყველაფერს ამბობენ ციფრები. დასახელდა, რომ მთავრობა 410 მილიონ ლარს დახარჯავს იმ ძალიან კარგ სოციალურ პროგრამებზე, როგორიც არის ბავშვების დახმარება, კომუნალური გადასახადების დაფარვა და ა.შ. ამას რა სჯობია, როცა მთავრობას შეუძლია ბიუჯეტის ფულით მნიშვნელოვანი პრობლემები გადაუჭრას მოსახლეობას. სახელმწიფომ სამსახურდაკარგულების დასახმარებლად 6-თვიანი, თვეში 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით დაიხარჯებოდა 460 მილიონი ლარი. რა სურათი გვაქვს ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ? დახარჯულია 70 მილიონი, ნაცვლად პირობითად ნახევრის, 230 მილიონისა. 160 მილიონი აუთვისებელი დარჩა. ამას დავუმატოთ დარჩენილი 3 თვეც და სავარაუდოდ, იგივე ან მეტი თანხა დაგვრჩება აუთვისებელი. ჯამში 320 მილიონი ლარი გამოვა. შესაბამისად, ერთხელ უკვე დასახელებული სოციალური პროგრამითა და მისთვის გამოყოფილი თანხით ახლა უკვე ახალი სოციალური პაკეტის დაფინანსებას აპირებენ.


ან თავის დროზე დათვალეს არასწორად 460 მილიონი, ან არასწორად გასცეს, ან გვატყუებენ და ყოველ ჯერზე კოლოსალურ თანხებს ასახელებენ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. შემდეგ კი რეალურად რამდენიმე პროექტს აფინანსებენ. ან ზუსტად დაგეგმონ, ან ზუსტად შეასრულონ. სხვა შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა თავმოწონება ციფრებით.



ზამთარში კომუნალური გადასახადების დაფარვა, წინა შემთხვევაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, იყო და არის ხელისუფლების ერთადერთი სწორი ნაბიჯი. გამიხარდება, თუ მოქალაქეებს მეტ შეღავათს გაუწევენ, თუმცა მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს არ არის გახარიასა და ივანიშვილის საჩუქარი, ეს მათივე გამომუშავებული თანხაა, რომელიც ბიუჯეტში იყრის თავს. ისიც გასათვალისწინებელია, რა გავლენას მოახდენს ეს 410 მილიონი ინფლაციაზე - შესაძლოა ამ თანხის დახარჯვას ფასების გაზრდა მოჰყვესდ. არც იმას გამოვრიცხავ, ეს პროექტები წინასაარჩევნო მოსყიდვად შეაფასონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და კითხვის ნიშანი დაუსვან 2020 წლის არჩევნების შედეგებს.


„ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს ხელისუფლებას“


გიორგი აბაშიშვილი, საქართველოში გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის კონსულტანტი ეკონომისტი: - ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ, უნდა მიეღო თუ არა მთავრობას ახალი სოციალური პაკეტი და ხომ უკავშირდება ის არჩევნებს. მე ასე დავსვამდი კითხვას: არჩევნები რომ არა, უნდა დახმარებოდა თუ არა მთავრობა მოსახლეობას? გავიხსენოთ აპრილ-მაისში გამართული დისკუსია, რომ აუცილებელი იყო გადაგვეხედა სხვადასხვა მიზნობრივი სოციალური პაკეტისთვის, შეგვემუშავებინა ახალი, განგვესაზღვრა სოციალური ფენები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მხარდაჭერა. ამდენად, მე არ დავინახავდი მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში საარჩევნო ინტერესს - პირიქით, მგონია, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს ხელისუფლებას. იმაზე უფრო ვიკამათებდი, რამდენად საკმარისია დახმარებები და აღწევს თუ არა მიზნობრივ ჯგუფებამდე. არასდროს ვემხრობოდი მასობრივი სოციალური დახმარებების გაღებას, უფრო ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ვარ, მაგრამ ახლა არ არის ის დრო, როცა თეორიების ტყვეობაში უნდა ვიყოთ. ახლა უნდა ვისაუბროთ, რა სჭირდებათ მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სტუდენტებს, ბავშვებს, პენსიონერებს და ა.შ. მთავარი შეკითხვა ამ დახმარებების შესახებ ასეთი მაქვს: რამდენად სწორად ნაწილდება ეს ფული მიზნობრივ ჯგუფებზე?


არ ვფიქრობ, რომ ყველაზე უარესი წინ გველოდება, მაგრამ კრიზისი რომ გრძელდება, ცხადია. ცხადზე ცხადია, რომ ვერ მივიღებთ ტურისტების ჩვეულ რაოდენობას და იქნება ფინანსური დანაკარგები. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებაზე. ეკონომიკაში ცნობილია ჰოლანდიური სინდრომი, რომელიც ჩვენ უკვე გამოვცადეთ. ერთ რომელიმე დარგზე დამოკიდებულება არ არის სწორი და ეფექტური. ამ კრიზისმა ეს უფრო ნათლად დაგვანახა.


„თანხის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა“


სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების ექსპერტი: - სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი: - ამგვარი დახმარებების საჭიროება რომ დგას და მილიონზე მეტი კაცი სიღარიბეში ცხოვრობს, ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ისევე როგორც არავინ დაობდა, რომ აუცილებელი იყო უმუშევრად დარჩენილთა, დაქირავებით დასაქმებულის თუ თვითდასაქმებულის დახმარება. თუმცა, ცნობილია, რომ პირველი ანტიკრიზისული გეგმითა და პროგრამებით ბევრმა ვერც ისარგებლა, ზოგმა ვერც დაადასტურა, რომ დასაქმებული იყო კრიზისამდე, ზოგმა 2-3 თვის განმავლობაში მიიღო დახმარება და შემდეგ, როცა მუშაობა განაახლა, დახმარება შეუწყდა. არადა, ჩვენმა მოქალაქეებმა მანამდე გაცილებით მეტი დაკარგეს, ვიდრე ერთი და ორი თვის განმავლობაში მიღებული დახმარება იყო. ამიტომაც ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ უპრიანი იქნებოდა 1.200 ლარი 6 თვეზე კი არ გადაენაწილებინათ, არამედ ან ერთბაშად მიეცათ უმუშევრად დარჩენილებისთვის, ან ორ ნაწილად. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თანხა მთავრობამ სწორად ვერ გადაანაწილა და მისი დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გამოდის, მთავრობამ ახალი დაპირება მანამდე გამოყოფილი ფულის ხარჯზე გასცა. ასეთ ვითარებაში გრჩება განცდა, რომ პირველი სოციალური პაკეტის დროს ხელისუფლებამ განგებ შეიმუშავა მკაცრი კრიტერიუმები, რათა ამ დახმარებით ყველას ვერ ესარგებლა. ახლა იმ მორჩენილი ფულით ახალი პროექტების დაფინანსება დააანონსა, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სოციალური პაკეტები ცუდია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების გეგმა, რომ მოსახლეობისთვის ასეთი მიზერული დახმარების გაწევა აღარ დაგვჭირდეს.


მთავრობა გვარწმუნებდა, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც საზღვრებს გახსნიდა უცხოელი ტურისტებისთვის. დასახელდა ჯერ 1-ლი ივლისი, შემდეგ აგვისტო, სექტემბერი და ახლა თურმე საზღვრები ოქტომბრამდე არ გაიხსნება. გახარიამ ბოლო გამოსვლაში თქვა, საქართველოში ტურისტები არ დადიანო. საინტერესოა, როგორ ივლიან, როცა საზღვრები გაქვს ჩაკეტილი, მაშინ, როცა ამის საჭიროება არ დგას და ეპიდემიოლოგიურად ჩვენზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმაც გახსნეს საზღვრები. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს მოქმედების სტრატეგია, აქვს შიში, როგორმე შეინარჩუნოს კორონავირუსის დადებითი სტატისტიკა და ამისთვის ყველაზე უკიდურეს და ეკონომიკისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს.


ასეთ ვითარებაში შესაძლოა ეკონომიკა უფრო უკან წავიდეს და გამართლდეს კიდეც გახარიას უფრო ღრმა და ხანგრძლივი კრიზისის მოლოდინი. ვეჭვობ, მერე მოსახლეობასა და ხელისუფლებას ყველაზე მასშტაბურმა სოციალურმა პროექტებმაც რომ უშველოს.


„კვირის პალიტრა“


თეგები:
კრიზისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up