გუშინ ღამით „ბიუ-ბიუს“ სამი ჯიხური გაქურდეს. როგორც კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, წაღებულია კომპიუტერები, სასწორები და ფულადი თანხა. ამ ეტაპზე ზარალის სრული მოცულობის დათვლა ხდება.
„წუხელ ჩვენი ჯიხურები დააყაჩაღეს, მე ამას ქურდობას ვერ დავარქმევდი, რადგან ყველამ იცის რომ ვიდეოკონტროლი ხდება და დამნაშავეებს სახეებიც არ დაუმალავთ. მაღაზიებიდან წაიღეს კომპიუტერები, სასწორები და თანხა.ამ ეტაპზე ველოდებით პოლიციის ქმედებებს, თუმცა აქამდე მსგავს შემთხვევებზე არავინ არ დაუსჯიათ და გამოძიებას შედეგი არასდროს ჰქონია.
ბუნებრივია, ეს ჩვენს მუშაობას შეაფერხებს, რადგან ჩვენი იმპორტირებული აღჭურვილობა არც ისე იაფია, მითუმეტეს დღევანდელი ვალუტის კურსის ფონზე.“- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
მაღაზიების გაქურდვა ისანში, მოსკოვის გამზირსა და ხეთაგუროვზე მოხდა. კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურში აღნიშნეს, რომ ადგილზე სხვა მაღაზიებდანაც იქნა თანხები წაღებული.
მარიამ მორგოშია